საქართველოს თასის 2026 წლის სეზონი ახალი ბადით იწყება
საქართველოს თასის 2026 წლის სეზონი ახალი ბადით იწყება
04.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ახალი ბადით და უკვე გამართული საკვალიფიკაციო ეტაპით საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშება დაიწყო.


დღეს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების წილისყრა გაიმართა. ფეხბურთის გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ 2026 წელს, სათამაშო ბადესთან დაკავშირებით სიახლეებია - კერძოდ, დღეს შედგა ბადე სადაც ფინალამდე გაიწერა, თუ სხვადასხვა ეტაპებზე ვინ იქნებიან გუნდების პოტენციური მეტოქენი. აღნიშნული გადაწყვეტილება სფფ-მ სეზონის დაწყებამდე მიიღო. გასული წლის სეზონის შედეგებიდან გამომდინარე კი, შედგა ე.წ. სატურნირო ბადე.



დღევანდელ წილისყრამდე, საქართველოს თასის  საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც რეგიონალური ლიგის გუნდებმა, 2025 წლის სამოყვარულო ლიგის გამარჯვებულმა „ბასამ" და ლიგა 4-ის ოთხმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ კი, გამოვლინდა 16 გუნდი, რომლებიც საქართველოს თასის გათამაშების პირველ ეტაპს შეუერთდნენ. აღნიშნული ეტაპი 24 მაისს გაიმართება და გამოვლინდება 16 გუნდი, რომელიც უკვე მეორე ეტაპზე იასპარეზებს. აღნიშნულ ეტაპზე გათამაშებაში ლიგა 2-ის ოთხი და ლიგა 3-ის 12 გუნდი შეუერთდება.



მეორე ეტაპიდანაც მომდევნო 1/16 ფინალში ამ ეტაპიდან კვლავ 16 გუნდი გავა. აი აქ კი, გათამაშებაში ეროვნული ლიგისა  („იბერია 1999", „რუსთავი", „სპაერი", „დინამო თბილისი", „გაგრა", „დილა", „სამგურალი", „მეშახტე", „ტორპედო", ბათუმის „დინამო") და ლიგა 2-ის („სამტრედია", „კოლხეთი 1913", „გარეჯი", „სიონი", მარტვილის „მერანი", „თელავი") გუნდები ჩაერთვებიან.


საქართველოს თასის I ეტაპი - 24 მაისი

საქართველოს თასის II ეტაპი - 26 ივნისი

1/16 ფინალი - 25 ივლისი

1/8 ფინალი

1/4 ფინალი

1/2 ფინალი

ფინალი - თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.


ისევე, როგორც წინა გათამაშებებში, ამჯერადაც, სათასო დაპირისპირებები ერთმატჩიანები იქნება, სადაც უპირატესობა მიენიჭება რანგით დაბალ გუნდს. ამ მხრივ მიმდინარე გათამაშების დებულებაში ერთი ცვლილებაა, ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის გუნდები შეხვედრის შემთხვევაში, მასპინძლის გამოსავლენად გაიმართება წილისყრა.


აღნიშნული ბადის მიხედვით, ეროვნული ლიგის გუნდები ერთმანეთს სავარაუდოდ 1/8 ფინალში გადაეკვეთებიან.