
დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალში საქართველოს თასის ფინალი გაიმართა. ვიდრე უშუალოდ თამაშის პერიპეტიებს შევეხებით, მინდა აღვნიშნო, რომ გამიკვირდა, როდესაც ფინალურ დაპირისპირებაზე ჩემს გარდა ქართული მედიის წარმომადგენლები ვერ ვიპოვე. მატჩზე მომუშავე ოპერატორებს, რეჟისორს, წამყვანს და ე.წ. „ლაივის" ორ კოლეგას თუ არ ჩავთვლი. არადა, ფინალი იყო და თან კსუ-ს ღირსებას ფუტსალში, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები გიორგი ჩიმაკაძე, ჯანიკო გორგაია, საბა ტყეშელაშვილი, არჩილ სებისკვერაძე, ნიკა ხარატიშვილი და ის, ფერეიდნელი ქართველი ალი ასლანი იცავდა, რომელიც მედიამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეპიზოდურად აიტაცა.
ბარემ აქვე გეტყვით, რომ ფინალამდე კავკასიის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდიც და „დინამო თბილისიც" (სხვათა შორის, დინამოელები მეორე წელია თასის ფინალში თამაშობენ და ერთგვარად სათასო გუნდადაც ჩამოყალიბდნენ, ფუტსალის გუნდის არსებობის ოთხწლიან ისტორიაში), სხვადასხვა ბადიდან მოვიდნენ. „დინამო თბილისი" შედარებით მარტივი ბადიდან, აი, კსუმ-მ კი გზად ჯერ „არმია" დაამარცხა, შემდეგ, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" და 1/2 ფინალში პსპ-ს ბარიერი გაიარა. ცნობისთვის, სწორედ ამ ოთხ გუნდზეა ძირითადად აგებული ეროვნული ნაკრები, რომელმაც 2026 წლის დასაწყისში ზედიზედ მეორედ იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და ახლა, ივნისის წილისყრას ელოდება, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მეტოქეების ვინაობა შეიტყოს.
ამ ცოტა ვრცელი ექსკურსისთვის მოგიბოდიშებთ და ახლა, უშუალოდ შეხვედრაზე გადავალ, სადაც ფავორიტად კსუ ითვლებოდა. თუმცა, ანგარიში 01'14'' წუთზე დინამოელებმა გახსნეს. გოლი, თეიმურაზ ექიზაშვილმა გაიტანა. რეალურად, ტიტულოვანი ქართული საფეხბურთო კლუბის ფუტსალის გუნდი, თავდაცვაზე იყო გადასული და გუნდის მეკარეს, ზაურ კოტრიკაძესაც (დინამოელების ლეგენდარული მეკარის მოგვარეს), უფრო ხშირად უწევდა თამაშში ჩართვა, ვიდრე ალი ასლანს, რომელსაც 3-4 მაგარი მოგერიება ჰქონდა. აი, მას შემდეგ, რაც 07'32'' წუთზე ლუკა ფარცვანიამ ანგარიში გაათანაბრა, 08'36'' საბა ტყეშელაშვილმა კი, კსუ დააწინაურა, ნომინალურმა მასპინძელმა გუნდმა „ძალა" იგრძნო და მეტოქეს მიაწვა. შედეგად, ტაიმში კიდევ სამჯერ გაიტანა, ჯერ 17'50'' წუთზე ჯანიკო გორგაიამ, 18'44'' ალი ასლანმა, 19'39'' გიორგი ჩიმაკაძემ და პირველი ტაიმი 5-1, ისეთი ანგარიშით მოიგო, რომ ჩანდა, მეორეში ბევრი არაფერი შეიცვლებოდა.
შესაძლოა სწორედ ამიტომ, შეხვედრის მეორე ნაწილში, გუნდმა, რომელსაც დიდი ალბათობით, ქვეყნის ჩემპიონობისთვისაც მოუწევს ბრძოლა ფუტსალის ლიგის ბოლო ტურებში, მეტ-ნაკლებად „დააგდო სიჩქარეები", თუმცა, ეს არც დინამოელთა დამსახურების გარეშე გააკეთა, რომლებიც მეორე ტაიმში უფრო ენერგიულად გამოიყურებოდნენ. 22'26'' ომარ ასაშვილმა შეამცირა სხვაობა (5-2), 35'17'' წუთზე კი, დავით ხუბუტიამ. ამ მონაკვეთში დინამოელთა სასარგებლოდ იყო, ერთი ხარიხა და მანამდე, ალის ორი „სეივი" ამ სტატიაში უკვე, ზემოთ ხსენებულებიდან.
საბოლოოდ, შეხვედრა 5-4 (იხილეთ მატჩის ოქმი) დასრულდა და კსუ, საქართველოს თასის 2026 წლის გამარჯვებული გახდა. გამარჯვებულ გუნდს კი, თასი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცა.

ფოტო: სფფ





ჩვენ








