სოლო თავისუფალ პროგრამაში მარიამ მე-6, ნიტამ მე-10 ადგილით დაასრულეს ასპარეზობა
სოლო თავისუფალ პროგრამაში მარიამ მე-6, ნიტამ მე-10 ადგილით დაასრულეს ასპარეზობა
03.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ჩინეთის ქალაქ Xi'an-ში დასრულდა მსოფლიო თასის III ეტაპი მხატვრულ ცურვაში, რომელშიც საქართველოს სახელით მარია ალავიძე და ნიტა ნათობიძე ასპარეზობდნენ. ეტაპის ბოლო დღეს, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა თავისუფალ სოლო პროგრამაში იასპარეზეს.


შეჯიბრი თბილისის დროით 09:30 დაიწყო და ბუნებრივია, გამარჯვებულთა ვინაობაც უკვე ცნობილია. მხატვრული ცურვის ეს დისციპლინა გერმანელმა კლარა ბლეიერმა მოიგო. 21 წლის სპორტსმენმა 282.8000 ჯამური ქულა დააგროვა. მასზე 65.675 ნაკლები, 217.1250 ქულა მიიღო მარი ალავიძემ, რომელმაც საბოლოოდ, მე-6 ადგილით დაასრულა ეტაპზე ასპარეზობა.


რაც შეეხება ნიტა ნათობიძეს, ჩვენი გუნდის მეორე წარმომადგენელმა 198.9425 ქულით მე-10 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


საერთო ჯამში, თავისუფალ სოლო პროგრამაში 18 სპორტსმენი ასპარეზობდა (იხილეთ შეჯიბრის სრული ოქმი)


შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის III ეტაპი 1-3 მაისის ჩინეთში გაიმართა. ისევე, როგორც წინა ორ ეტაპზე, ამჯერადაც შეჯიბრში საქართველოს წარმომადგენლებიც ასპარეზობდნენ - მარია ალავიძე (19 წლის), ნიტა ნათობიძე (16 წლის) და ანა ყიფიანი. ჩვენი გუნდის წევრებმა საერთო ჯამში ოთხ დისციპლინაში (სოლო ტექნიკური, ტექნიკური დუეტი, ქალთა დუეტი, ქალთა სოლო) მიიღეს მონაწილეობა.


აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე წელს მხატვრული ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ, რამდენიმე წლიანი ბანი მოუხსნა რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს, რომლებმაც ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ, აღნიშნულ ეტაპზე საკმაოდ მაღალი შედეგები დააფიქსირეს.


და ბოლოს, მსოფლიო თასის მომდევნო, IV ეტაპი 29-31 მაისს ესპანეთში, პონტევედრაში გაიმართება.