
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის სათავეში, ძლიერთა შორის დაბრუნებული „რუსთავი", მხოლოდ ერთი დღეს იყო. მე-10 ტურის მეორე სათამაშო დღის პირველი შეხვედრის შემდეგ, თბილისის „იბერია 1999"-მა ლიდერის პოზიცია დაიბრუნა.
წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, ტყიბულის „მეშახტე", რომლის საშინაო სტადიონიც სწორედ, ხსენებული საფეხბურთო სივრცეა, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, „იბერია 1999"-მა გაანადგურა. ანგარიში მე-10 წუთზე ამირან ძაგანიას გადაცემით ვახო ბედოშვილმა გახსნა, რომელმაც ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა - მეორე გოლი გიორგი კუციას ეფექტური გადაცემის შემდეგ, 75-ე წუთზე გაიტანა, კიდევ 5 წუთში, ბედოშვილმა ნიკოლოზ დადიანის გადაცემა დააგვირგვინა გოლით. თუმცა, მანამდე, იყო მეტ-ნაკლებად დაძაბული პირველი ტაიმი, რომელიც მე-20 წუთზე, გამოცდილმა ირაკლი სიხარულიძემ გაათანაბრა, 1-1, რომლის შემდეგაც 42- ე წუთზე, 17 წლის ანდრია ბართიშვილის გადაცემით, გამოცდილმა პაატა ღუდუშაურმა კვლავ, სტუმრები დააწინაურა. თბილისელებმა, პირველი ტაიმი 1-2, თამაში კი, 1-4 მოიგეს და როგორც უკვე გითხარით, სატურნირო ცხრილის სათავეში, 24 საათის გასვლის შემდეგ, კვლავ დაბრუნდნენ.
დღის მეორე შეხვედრა, ბათუმში გაიმართა. „დინამოების" დერბი ფრედ, 2-2 დასრულდა. საინტერესოა, რომ ანგარიში მასპინძლებმა სწრაფი გოლით გახსნეს. ტრავმის შემდეგ თბილისელთა რიგებში დაბრუნებულ გამოცდილ კარის მცველს, გიორგი ლორიას ჯერ „გამარჯობის თქმა" არ ჰქონდა დასრულებული, თორნიკე კირკიტაძემ, რომ კარგად შენიშნა გახსნილი თანაგუნდელი, არტემ მილჩენკო, რომელმაც მომენტი გოლით დაასრულა. ამის შემდეგ, სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. დედაქალაქელებს მიმდინარე სეზონში, უკვე მეორედ გაუძევეს, გუნდის ლეგიონერი ოსეი ბარნსი. „დინამო თბილისმა" მე-18 წუთიდან ათი ფეხბურთელის შემადგენლობით ითამაშა. მიუხედავად ამისა, თბილისელებმა 22-ე წუთზე გაათანაბრეს. ნიკა ნინუას (სხვათა შორის, „ნუნუმ" დღეს თბილისელთაგან, ყველაზე სტაბილური და კარგი შთაბეჭდილება დატოვა), ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, ბათუმელთა კარში თავით, სანდრო კალანდაძემ გადააგზავნა. პირველი ტაიმის მიწურულს თბილისელთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ნიკა კალანდარიშვილმა გამოიყენა. შესვენებაზე ბათუმელები უპირატესი ანგარიშით გავიდნენ. თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზე, იმუშავა თემურ ქეცბაიას შესვენებაზე მიცემულმა დარიგებამ და 47-ე წუთზე თბილისელებმა კიდევ ერთხელ გაათანაბრეს - გიორგი ხარებაშვილის გადაცემით, როდრიგუ რამუშმა გაიტანა. ეს, თბილისელთა პორტუგალიელი ლეგიონერის სადებიუტო გოლი იყო ეროვნულ ლიგაში. მეორე ტაიმში თამაში ფრაგმენტულად და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თუკი ტაიმის შუაწელში მომენტები ჰქონდათ მასპინძლებს, სადაც ლორია იდგა მყარად, მატჩის მიწურულს, ბათუმელებს, რამდენიმე მომენტში უბრალოდ გაუმართლათ. ამ ტურის შემდეგ, თბილისელებს 12 ქულა აქვთ და კვლავ მე-6 ადგილზე არიან. რაც შეეხება ბათუმის „დინამოს", გუნდს, 8 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.
მეორე წრის პირველი, სეზონის კი, მე-10 ტური წყალტუბოში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში „სამგურალი" „გაგრას" დაუპირისპირდა, ორი გოლი გაიტანა და თავსხმა წვიმის მიუხედავად, საკუთარი კარი მშრალად შეინახა. ანგარიში მე-16 წუთზე, ირაკლი ჯანჯღავამ გახსნა. 8 წუთის შემდეგ მასპინძელთა ლეგიონერმა, კლაუდიო სებოლინიამ, ლევან ნაჭყებიას გადაცემა დააბოლოვა გოლით. მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა. „სამგურალმა" მიდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ ცხრილის ბოლო ადგილზეა.
ეროვნული ლიგის მე-11 ტური 5, 6 და 7 მაისს არის დაგეგმილი.





ჩვენ








