
დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრე დაიწყო. მე-10 ტური ორი თამაშით გაიხსნა, რომლებიც ორსაათიანი შუალედით თბილისში, „მიხეილ მესხი 2"-ზე და მოგვიანებით „პეტრო არენაზე" გაიმართა.
ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე კლუბი, ქუთაისის „ტორპედომ" დღეს, თბილისში, გათამაშების დებიუტანტთან „სპაერთან" ფრედ, 1-1 ითამაშა. ამასთან, სტუმრებმა ქულა შეხვედრის 75-ე წუთზე გადაარჩინეს. გიორგი არაბიძის მორიგი ზუსტი გადაცემის შემდეგ, ალეკო ბასილაძემ გაიტანა. ანგარიში ამ შეხვედრაში მე-6 წუთზე, თამაზ ცეცხლაძის გადაცემით ლაშა კოხრეიძემ გაიტანა. შესაძლოა, ამ ფაქტორმა განაპირობა ის გარემოება, რომ შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმრებმა ვერ ააწყვეს, რეალურად კი, „სპაერის" კარის მიმართულებით, მხოლოდ 62-ე წუთზე დაარტყეს. მასპინძლებს ფილიპე პირესმა დაურტყა თუმცა, ბუხუტი ფუტკარაძე ბურთს ადგილზე დაუხვდა. სხვათა შორის, ამ მომენტამდე „სპაერმა" მეორე ტაიმის დასაწყისშიც გაიტანა გოლი, რომელიც VAR-მა გააუქმა, ისევე, როგორც 65-ე წუთზე. კიდევ ერთ მომენტში 54-ე წუთზე „ტორპედო" ძელმა იხსნა. ასეა თუ ისე, ამ შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა. გუნდებმა ქულები გაიყვეს. სატურნირო ცხრილში გუნდები ტურის დასრულებამდე მე-4 („ტორპედო) და მე-5 ადგილებზე („სპაერი") არიან, თუმცა, ტურის დასრულების შემდეგ, შესაძლოა ცხრილში კვლავ შეიცვალოს გუნდების განლაგება.
ტურის დასრულებამდე პირველ ადგილზეა ეროვნულ ლიგაში ექვსი წლის შემდეგ დაბრუნებული „რუსთავი", რომელმაც მე-10 ტურის შეხვედრაში გორის „დილას" უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები აართვა. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-2 წუთზე გავიდა. გოლი ირაკლი იაკობიძემ გაიტანა. სხვათა შორის, სწორედ, იაკობიძე აღმოჩნდა ის ფეხბურთელი, რომელმაც შეხვედრის ბოლო წუთებზე პაპუნა ბერუაშვილის მოგერიებული ბურთი, საბოლოოდ გამოიტანა მეკარის ბაქნიდან. ეს ამ შეხვედრის ბოლო მონაკვეთი იყო. „რუსთავმა" იაკობიძის გოლის წყალობით დღევანდელი შეხვედრა 1-0 მოიგო, თუმცა ისევე, როგორც მე-9 ტურის შეხვედრა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, „იბერია 1999"-თან.
ამ ტურის დარჩენილი სამი შეხვედრა ხვალ, 2 მაისს გაიმართება:
16:00 „მეშახტე" - „იბერია 1999"
19:00 „დინამო" ბათუმი - „დინამო თბილისი"
21:00 „სამგურალი" - „გაგრა"
სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე.
მიშიკო კანკიას ფოტო





ჩვენ








