მარია ალავიძემ და ნიტა ნათობაძემ მსოფლიო თასის III ეტაპზე დაიწყეს ასპარეზობა
მარია ალავიძემ და ნიტა ნათობაძემ მსოფლიო თასის III ეტაპზე დაიწყეს ასპარეზობა
01.05.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეიდან, 3 მაისის ჩათვლით, ჩინეთში მსოფლიო თასის  III ეტაპი მიმდინარეობს მხატვრულ ცურვაში (სინქრონული ცურვა). ისევე, როგორც წინა ორ ეტაპზე, ამჯერადაც შეჯიბრში საქართველოს წარმომადგენლებიც ასპარეზობენ - მარია ალავიძე, ნიტა ნათობიძე და ანა ყიფიანი. ჩვენი გუნდის წევრები საერთო ჯამში ოთხ დისციპლინაში (სოლო ტექნიკური, ტექნიკური დუეტი, ქალთა დუეტი, ქალთა სოლო) იასპარეზებენ.


ეტაპის პირველ დღეს, სოლო ტექნიკური პროგრამაში მარია ალავიძემ 186.4917 ქულით  (იხილეთ დეტალური შეფასება ბმულზე) მე-16 შედეგით დაასრულა.


დღესვე, ტექნიკური დუეტებში იასპარეზა მარია ალავიძისა და ნიტა ნათობაძის წყვილმაც. გოგონებმა საბოლოოდ, 250.6284 (იხილეთ დეტალური შეფასება ბმულზე) ქულა დააგროვეს და 23 მონაწილე წყვილს შორის მე-8 ადგილით დაასრულეს ასპარეზობა.


ხვალ, 2 მაისს, მედლების კომპლექტი თავისუფალ პროგრამაში ქალთა დუეტებში გათამაშდება. ასპარეზობა თბილისის დროით 10:30 საათიდან დაიწყება. მარია ალავიძე და ნიტა ნათობაძე, 18 დუეტს შორის არიან. აქვე გეტყვით, რომ დუეტებში ჩვენს გოგოებს ჰყავთ რეზერვი ანა ყიფიანი.


ასპარეზობის ბოლო დღეს, 3 მაისს კი, მედლები თავისუფალ პროგრამაში ქალთა სოლოს დისციპლინაში გათამაშდება. ასპარეზობაში რომელიც თბილისის დროით 09:30 დაიწყება, უკვე დამოუკიდებლად, მაღალი შედეგებისთვის მარია ალავიძე და ნიტა ნათობაძე იბრძოლებენ.