გოლების თავსხმა პარკ დე პრენსზე
გოლების თავსხმა პარკ დე პრენსზე
29.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა პსჟ-სა და „ბაიერნს" შორის სანახაობრივი, უხვგოლიანი და იმ მატჩების კატეგორიაში შევიდა, რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ჩაიწერება (ზოგადად უხვგოლიანი ნახევარფინალებიდან უეფა-ს გამორჩეული 15 აქვს - იხილეთ ბმული) და ალბათ, ჩვენთვის, ფეხბურთის ქართველი ქომაგისთვის, ვისაც, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი გვიკლია ჩვენი საკლუბო ფეხბურთიდან გამომდინარე ასეთ მატჩებამდე, თავი იმით შეგვიძლია დავიმშვიდოთ, რომ ამ ისტორიულ მატჩში მონაწილეობა ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო. თან „კვარამ" მანუელ ნოიერს გაუტანა, თან ორჯერ!



აქვე ისიც ვთქვათ, რომ იმისდა მიუხედავად, რომ შეხვედრაში სადაც ბურთი პროცენტულად „ბაიერნმა" გააკონტროლა, პირველი ტაიმის შემდეგ, მცირედით, თუმცა 4 %-ით უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ პარიზელებზე. ამ სტატისტიკის გარეშეც კარგად ჩანდა, რომ დღევანდელი შეხვედრის საწყისი 15-20 წუთი პსჟ-ს ძალიან გაუჭირდა. ერთი დეტალი, რომელზეც შესაძლოა ბევრი შემომედავოს, თუმცა, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, მასპინძელთა კარში დანიშნულ  პენალტამდე თუ გახსოვთ, მომენტი, რა დროსაც ხვიჩამ გადაცემის გაკეთება ამჯობინა დარტყმას, იმ მომენტი „გაიმაზა" და შემდეგ, პსჟ-მ პენალტი აიკიდა. მოკლედ, ის ბურთი რომ „კვარას" დაერტყა და გაეტანა, თამაში ცოტა სხვა ხასიათს მიიღებდა, თუმცა, ასე არ მოხდა და მე-17 წუთზე ჰარი კეინიმ 11-მეტრიანით ანგარიში გახსნა. აი, ამ მომენტიდან, ქართველის გოლამდე, ლუის ენრიკეს გუნდში, ცოტა პანიკაც იყო, მითუმეტეს რომ დემბელემ, რომელიც საბოლოოდ, MVP-ის ტიტული მიიღო, ორი ისეთი მომენტი გამაზა, რომ უუუუფ!


აი, 24-ე წუთზე კი, „კვარას შოუ" დაიწყო - ქართველმა გუნდისთვის შემოლაწუნება და აზრზე მოყვანა საკუთარ თავზე აიღო და ისე მოულოდნელად იმოქმედა, რომ მანუმ შორეული ძელისკენ გახედვაც კი ვერ მოასწრო. 24-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაათანაბრა. ძალიან მალე, „კვარას" ამ მონდომებამ მუშაობა დაიწყო, 33-ე წუთზე ჟოაო ნევეშმა პსჟ დააწინაურა, თუმცა, ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე მაიკ ოლისემ, რომელიც გერმანელთა შორის ყველაზე მობილური იყო, მაინც მოახერხა გატანა და ანგარიში გათანაბრდა, 2-2. შეხვედრის ამ მომენტში, თამაშის დინამიკა ისეთი იყო, რომ რომელიმე კარში ერთი გოლი კიდევ „იკითხებოდა". მართლაც, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, პენალტი ახლა, ნოიერის კარში დაინიშნა. მატჩის წინ, პრეს-კონფერენციაზე, სადაც პსჟ-მ ქართველი მიავლინა, გემახსოვრებათ, ჩვენი სტატიიდანაც, ხვიჩას ჰკითხეს, პენალტებზე და დემბელეზე - სადაც, მეგრელ კაცს, პასუხში ვერ შეედავები, ჰოდა „კვარამაც" დიპლომატიურად უპასუხა - ბევრია გუნდში პენალტების შემსრულებელიო. ასევე დიპლომატიურად მოიქცა, როდესაც ალბათ, ძალიანაც უნდოდა დარტყმა მაგრამ ბურთი დემბელეს დაუთმო  და თავად, გვერდზე გაიწია. დემბელემ გაიტანა და ტაიმი, პსჟ-მ 3-2 მოიგო.



მეორე ტაიმის სტარტი პარიზელების იყო. ის კი არა, პატარა Révolution française-იც (საფრანგეთის რევოლუცია 1789-1799) კი მოაწყეს - სულ ათი წელი არ დასჭირვებიათ, მაგრამ ტაიმის დაწყებიდან მე-11, თამაშის სტარტიდან კი, 56-ე წუთზე ჰაკიმის გადაცემითა და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის წყალობით, პსჟ-ი უკვე ორი ბურთით იყო დაწინაურებული, კიდევ ორ წუთში კი, დემბელეს დუბლის შემდეგ, რომელიც სხვათა შორის, სწორედ ქართველის წამოწყებული იყო - საკუთარი საჯარიმოდან, მასპინძლები ქართველის გააზრებული გადაცემის შემდეგ მარტივად ამოვიდნენ, კიდევ ერთ გადაცემაში ბურთი დემბელესთან გაჩნდა, რომელმაც არ დაახანა.


პარიზელებისთვის გემრიელი, მიუნხენელებისთვის კი , კატასტროფული ანგარიში იყო, თუმცა, „ბაიერნი" ის გუნდი არაა, რომელიც მარტივად ნებდება და ამაზე, ბუნდესლიგის ბოლო ტურის შეხვედრაც მეტყველია, სადაც კომპანის გუნდი, „მაინცთან" 3-0-დან დაბრუნდა. თუმცა, არც პსჟ იყო „მაინცი". აქ, ისევ მატჩის შემდგომ სტატისტიკას მოვიშველიებ, რომელიც უეფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა და სათამაშო უპირატესობა 45%/55%-თან შეფარდდა. მასპინძლებმა მეტოქეს 28-ჯერ, სტუმრებმა 62-ჯერ შეუტიეს. კარში, ვგულისხმობ, კარის ჩარჩოში წასულ ბურთებს, 5/7-ზე იყო.


ბუნებრივია, ამ ვითარებაში გამორიცხული იყო, რომ „ბაიერნის" კლასის გუნდს, გოლი არ გაეტანა. 65-ე წუთზე იოზუა კიმიხის ჯარიმის შემდეგ, ჩაითვალა, რომ დიაო უპამეკანომ გაიტანა. თუმცა, ჯიუტად დავრჩები ჩემს მოსაზრებაზე, რომ კიმიხის დარტყმულს არავინ შეხებია. კიდევ სამ წუთში, 68-ე წუთზე ლუის დიასმა გაათანაბრა. ანგარიში კვლავ ერთ ბურთამდე შემცირდა, 5-4 (მატჩის ტექსტური ჩანაწერი). „ბაიერნმა" კი, გაზს ფეხი ჩაადგა და თამაშის გადარჩენას შეეცადა. ყველაზე აშკარა მომენტი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში იყო, როდესაც ვილიამ პაჩომ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. ამ მომენტში ქართველი მინდორზე უკვე აღარ იყო - ლუის ენრიკემ თავის „ჯოკერი", რომელმაც ამ თამაშში „მავრის საქმე" გააკეთა, 84-ე წუთზე შეცვალა.



და რადგან ხვიჩა კვარაცხელიამდე მოვედით ისევ, უნდა ვთქვათ, რომ ქართველმა დღევანდელი დუბლის წყალობით, კლუბის რეკორდი გაიმეორა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. კერძოდ, არასრულ გათამაშებაში (სადაც მინიმუმ ერთი, ხოლო ჩვენ ვისურვებდით იყოს ორი თამაში) ხვიჩამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შედეგი (2013-2014), ერთ სეზონში 10 გოლი გაიტანა. ამას გარდა, „კვარამ" გააუმჯობესა უსმან დემბელეს მაჩვენებელიც, 14 შეხვედრაში 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა ჰქონდა ფრანგს გასულ სეზონში. ამჯერად კი, ქართველს, 14 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე გადაცემა აქვს აქტივში. ამავე სტატისტიკით, მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე, ქართველს, მოედანზე 968 წუთი აქვს გატარებული. ამ დროში, მეტოქეების კარს 44-ჯერ შეუტია. პასების სიზუსტემ 89,5 % შეადგინა, აჩქარებამ 33.7 კმ/სთ (31.23 საშუალოდ მარჩში), დაფარული დისტანცია კი, 100.76 კმ-ია (7.2 საშუალოდ მარტჩი), აქვს მიღებული ორი ყვითელი ბარათი.


და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა ერთ კვირაში, 6 მაისს, გიორგობა დღეს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე", თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.



ფოტო:  (C) UEFA