
დღეს ქალთა ლიგის მერვე ტურის თამაშები გაიმართა. გათამაშების ლიდერმა „ნიკე-ლუსომ" მორიგი სამი ქულა ჩაიწერა და კვლავ, ქულების მაქსიმუმით ლიდერობს ჩემპიონატს. ბომბარდირთა დავაშიც ლიდერი არ შეცვლილა - სათავეში ნათია დანელიაა. თათია გაბუნიას ანგარიშზე კი, ზედიზედ 7 ტურში მშრალად შენახული კარია.
თბილისში სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ელიტასა" და „ბათუმის" დაპირისპირება ფრედ, 0-0 დასრულდა.
თბილისშივე, სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში „კვარტალმა" სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფ „რაჭა 2020"-ს უმასპინძლა. შეხვედრაში, რომელშიც უპირატესობას მასპინძელი გუნდი ფლობდა, ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-3 წუთზე, ლოლიტა გოგუაძემ გაიტანა. ამავე ფეხბურთელმა მეორე ტაიმის სტარტზე, 46-ე წუთზე დუბლი შეასრულა, 76-ე წუთზე ფეხბურთელმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა. „კვარტალმა" 3-0 გაიმარჯვა და 12 ქულით, მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.
თავის მხრივ, „კვარტალს" სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა ქუთაისის „მართვემ", რომელიც დღეს, გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერთან, თბილისის „ნიკე-ლუსოსთან" სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში 3-0 დამარცხდა. როგორ მოსალოდნელი იყო, თამაში „ნიკე-ლუსოს" სრული უპირატესობით წარიმართა, რეალურად, ქუთაისელებს თათია გაბუნია არც შეუწუხებიათ, რომელმაც ამ ტურშიც მოახერხა მორიგი მატჩში შეენახა კარი მშრალად. ქუთაისელების სასახელოდ უნდა აღნიშნოს დაცვაში კარგი თამაში, რეალურად სტუმრებმა ამ მხრივ შეცდომა, მხოლოდ მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე დაუშვეს, როდესაც თბილისელთა მაისურით, სადებიუტო გოლი, გუნდის ლეგიონერმა ჯოან ანიტა ნაბირიემ გაიტანა. მანამდე კი, ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, 64-ე წუთზე შორეული დარტყმით ანგარიში ირინა ხაბურზანიამ გახსნა. 76-ე წუთზე ხაბურზანიამ თითქმის, იდენტური გოლი გაიტანა და დუბლი გაიფორმა. რვა ტურის შემდეგ, ირინას ანგარიშზე 7 გოლია. „ნიკე-ლუსომ" კი, მორიგი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში, ამჯერად, 3-0 (მატჩის ვიდეო-რეპორტაჟი იხილეთ ბმულზე) და გათამაშებას დაუმარცხებლად ლიდერობს.
გვიმბალაურში სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში „ლანჩხუთმა" „ვერეს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხა. პირველი გოლი, 22-ე წუთზე ლია სიჭინავამ გაიტანა. გაბრიელა კამარგომ კი, 34-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა, 61-ე წუთზე კი, დუბლიც გაიფორმა. თუმცა, მანამდე, პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე ნათია დანელიამ მიმდინარე ჩემპიონატში მე-13 გოლი გაიტანა. პირველი ტაიმი კი, „ლანჩხუთმა"3-0 მოიგო. ამ შეხვედრაში ბოლოს, 79-ე წუთზე ლიზი მწყერაშვილმა გაიტანა. რვა ტურის შემდეგ, „ლანჩხუთს" 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
ტურის ბოლო შეხვედრა მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდა. ქალთა ლიგის დებიუტანტმა „თეთრიწყარომ" სოხუმის „დინამოს" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. ანგარში მე-13 წუთზე ავტოგოლით გაიხსნა. ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე კი, ლანა გორგაძემ მასპინძელი გუნდი ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა. მატჩის მიწურულს, მე-80 წუთზე სოხუმელთაგან ნინო წირღვავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. მიუხედავად ამისა, ათი ფეხბურთელით დარჩენილმა სოხუმელებმა, მატჩის ბოლო წუთზე პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს. თავი, ლიზი კაკულიამ გამოიჩინა, რომლისთვისაც ეს, მიმდინარე ჩემპიონატზე მე-9 გოლი აღმოჩნდა.
ქალთა ლიგის პირველი წრე მე-9 ტურით 3 მაისს დასრულდება.





ჩვენ








