ის ფეხბურთი, რომელიც მე მიყვარს არის გახვიდე მინდორზე და ისიამოვნო!
ის ფეხბურთი, რომელიც მე მიყვარს არის გახვიდე მინდორზე და ისიამოვნო!
27.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, უეფა-ს 2025-2026 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი დაიწყება, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ი „ბაიერნს" უმასპინძლებს. ეს, ალბათ, ის შემთხვევაა, როდესაც შენს ხელში გაზრდილი ფეხბურთელი, შენი ბავშვობის დროიდან მოყოლებული, საყვარელ (არაქართულ) კლუბს ეთამაშება. წლების წინ, ასეთ დაპირისპირებაზე ალბათ, ვერც ვიფიქრებდი, თუმცა, „კვარას" „ბაიერნში" ხილვა, მაგრად გამიხარდებოდა. ასეა თუ ისე, ხვალ წილისყრამ, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ფინალის ტოლფასი 1/2 ფინალი „დასვა". ამ მატჩის რუტინულ მატჩის წინა დღეს (MD1) კი, მედიასთან შეხვედრაზე ჩვენი „კვარა" შეიყვანეს.  ჟურნალისტებთან გატარებულმა დრომ დაახლოებით 15 წუთს გასტანა. ამ სტატიაში, ჩვენ ხვიჩას პასუხებს შემოგთავაზებთ, საიდანაც კარგად ჩანს ფეხბურთელის განწყობა და ხასიათი - გაწონასწორებული, საბრძოლოდ შემართული, თავმდაბალი და ოპტიმისტური.


გუნდის კონდიციაზე ხვალინდელი მატჩის წინ


ვფიქრობ, კარგად ვარ, კარგ კონდიციაში. იცით, რომ ბევრი მნიშვნელოვანი თამაში გვგქონდა, ისეთი, როგორიც ხვალაც არის. მთავარი მიზეზი, ასე რატომაც ვართ, ის გარემოებაა, რომ გვყავს გუნდი, სადაც არის ბევრი კარგი ფეხბურთელი. მე ვამაყობ, რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ.


სტარტზე, წინა სეზონიდან დაწყებული საკმაოდ ბევრი თამაში დაგვიგროვდა. ამის გამო ცოტა გადაღლილები ვიყავით. თუმცა, ახლა ვფიქრობ, გადავჭერით ეს საკითხი და კარგ ფორმაში ვართ. კი, შესაძლოა ახლა, უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე საწყის ეტაპზე ვიყავით, მაგრამ გვესმის, რომ ხვალ 100%-ით მოგვიწევს დახარჯვა, რადგან ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშნელოვანი თამაშია. შევეცდებით საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ თავი. გუნდი ამ სეზონში ყველაზე კარგად გრძნობს თავს.


მსოფლიო საკლუბო თასის თამაშთან დაკავშირებით


კარგად მახსოვს ის თამაში, სეზონის სტარტზე იყო. მაშინ, არ ვიყავით კარგ ფორმაში და თან, ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვყავდა ტრავმირებული. თუმცა, იმ შეხვედრაში, მეორე ტაიმში მაინც ვაჩვენეთ, რომ ვართ კონკურენტუნარიანები, ჩვენ შეგვეძლო მოგება, გვქონდა ბევრი შანსი, მაგრამ ვერ მოვახერხეთ გატანა. ვფიქრობ, ახლა ორი საუკეთესო გუნდი დავუპირისპირდებით ერთმანეთს, ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი თამაშია.


ვარჯიშობს თუ არა „საფირმო" დარტყმაზე


ჩვენი გუნდის თამაშები და გოლები ბევრ ფეხბურთელზეა დამოკიდებული. თავდამსხმელებმა, გოლები უნდა გაიტანონ და ვარჯიშების დროს, ჩვენ ამაში ვვარჯიშობთ. ამაში ვვარჯიშობ ეროვნულ ნაკრებში, ამას ვცდილობდი გამეკეთებინა, როცა აკადემიაში ვირიცხებოდი - შემეწია შიგნით და დამერტყა. ეს კარგია, მაგრამ კიდევ მაქვს რაღაცეები დასახვეწი და ამიტომ, ყოველდღიურად ვვარჯიშობ.


თუ საჭირო გახდა, ვინ დაურტყამს პენალტს „ბაიერნს"


ვფიქრობ, ბევრი ფეხბურთელია გუნდში, ვისაც შეუძლია პენალტების შესრულება. მე, ერთ-ერთი მათგანი ვარ. ხვალინდელ მატჩში, ჯერ არ გვაქვს გარკვეული ამას ვინ გააკეთებს და სავარაუდოდ, გადაწყვეტილება ხვალ იქნება მიღებული. გუნდში არიან ახალი კვალიფიციური ფეხბურთელებიც, ისინი უბრალოდ უნდა გავიდნენ და ითამაშონ. მე ვაპირებ ჩემი მაქსიმუმი, 100% ჩავდო ხვალინდელ შეხვედრაში. გავიტან გოლს თუ არა, ხვალ როცა მოედანს დავტოვებ, მინდა ვიცოდე, რომ 100%-ით დავიხარჯე.


როცა კარში ნოიერია


ხო, ცოტა რთულია. მანუ არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. ის ლეგენდაა. არ ვიცი, რა ძალა უნდა ვიპოვოთ, რომ ნოიერს გავუტანოთ, მაგრამ მსოფლიო თასზე, მას ორი გოლი გავუტანეთ და მოდით, შევეცდებით ხვალ ამის გამეორებას. ვიცით, რომ მას ყველაფერი შეუძლია, ყველანაირად თამაში. ჩვენ ვეცდებით გავიტანოთ. იმის გამო, რომ კარში ნოიერია, საგანგებოდ არ ვემზადებით. ჩვენ უბრალოდ ვეცდებით, დავურტყამთ და ვნახავთ, გავიტანთ თუ ვერა.


ატმოსფერო გუნდში და ურთიერთობა თანაგუნდელებთან


დემბელესთან ერთად ბევრი უნდა ივარჯიშო რომ კარგად გაიცნო. უბრალოდ, უნდა უყურო მას. როდესაც გუნდში მისი მსგავსი მოთამაშე გყავს, სასიამოვნოა მასთან ერთად თამაში.  მას შეუძლია შემიქმნას მომენტები, სადაც უბრალოდ ისღა მრჩება რომ გავიტანო. სწორედ, ამ თვისებები გამო მოიგო მან ოქროს ბურთი. მას ამ ტიტულის მოგება კიდევ ბევრჯერ შეეძლება. ვამაყობ, რომ მასთან ერთად ვარ გუნდში.


მოთამაშეებს ერთმანეთთან შესანიშნავი დამოკიდებულება გვაქვს, არა მხოლოდ შემტევებს. ვარჯიშების დროს ერთმანეთის ნახვა გვიხარია. ვერ ვიტყვი, რომ ბიჭები დილით, ვარჯიშზე მოვიდნენ და იყვნენ ცუდ განწყობაზე. როდესაც ვარჯიშზე მოდიხარ უნდა იღიმოდე და ვფიქრობ, ესაა მიზეზი, რომ კარგ ფორმაში ვართ. ეს არის მიზეზი, რომ ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ. მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და მართლა ვამაყობ, რომ ამ გუნდში მოვედი, შევიძინე ბევრი ახალი მეგობარი და აქაურობა ჩემთვის ნამდვილი ოჯახია.


ვიტინია თავს კარგად გრძნობს, თქვენც, უკვე ნახეთ, რომ მან ივარჯიშა. გვიხარია, რომ ის ჩვენთან არის. ვფიქრობ, ხვალისთვის მზად არის.


„ნაპოლიდან" პსჟ-მდე, რა შეიცვალა კვარაცხელიაში


ტექნიკური თვალსაზრისით, მე „ნაპოლიშიც" კარგად ვიყავი, თუმცა ბევრის გამოსწორება მომიხდა. უპირველესად, გამოვასწორე თამაში დაცვაში, რა თქმა უნდა ამის საკეთებლად კარგად მიბიძგა ლუის ენრიკემ. ამ მწვრთნელთან შენ, გიწევს ნამდვილი მცველივით მოქმედება. ამ მხრივ გამოვასწორე თამაში და ისე, რა თქმა უნდა ვარჯიშებზე ჩვენ გვიწევს ტექნიკურ დეტალებზეც მუშაობა, დარტყმებზე მუშაობა... ვფიქრობ, ყველაფერში ცოტ-ცოტა მოვუმატე, მაგრამ დაცვაში თამაშს გამოვყოფდი.


მარადონა და „კვარადონა"


კი, რა თქმა უნდა ვიცი, როდესაც ნეაპოლში დავდიოდი ქუჩებში ხალხი მიძახდა „კვარადონას". კი, ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც ფეხბურთის ღმერთს გადარებენ. ყველამ იცის, მარადონა რა მაგარი იყო და ის, ნეაპოლში ნამდვილი ღმერთია. იქ, ყველა ოჯახში არის მისი სურათი. ასე, რომ რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო  ასე რომ მიძახდნენ, მაგრამ მე ვერ შევეჯიბრები მარადონას. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში. კი, ვამაყობდი ამით, მაგრამ ამავე დროს იყო ცოტა ტვირთიც, რადგან გადიხარ თამაშზე და მოედნიდან ყველას უნდა აჩვენო, რომ კი, შენ ხარ „კვარადონა". საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ამ გარემოებით, ბედნიერი ვარ.


ფეხბურთი სიამოვნებისთვის


პირადად მე ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობ, რომ მიყვარს. მინდორზე ბედნიერი ვარ, ვცდილობ, საუკეთესოდ წარმოვაჩინო ხოლმე თავი. კი, ფეხბურთი ნამდვილად შეიცვალა, ის აღარ არის ისეთი, როგორიც იყო, თუმცა, გუნდში ბევრი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც ლამაზი მომენტების შექმნა შეუძლიათ. თუ თქვენ თვლით, რომ მე ასეთი კატეგორიის მოთამაშეებს მივეკუთვნები, ამით ვიამაყებ. ყოველთვის ვეცდები გავაკეთო საუკეთესო და ვისიამოვნო მოედანზე. ის ფეხბურთი, რომელიც მე მიყვარს ესაა, გახვიდე მოედანზე და ისიამოვნო.



და ბოლოს, ვიდრე ხვალ „კვარა" მორიგი შოუს დადგმას შეეცდება, დღეს დილიდან ფეხბურთელთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა - „კვირის პალიტრამ" გამოაქვეყნა სტატია ხვიჩას მამასთან და სხვათა შორის ჩემს მეგობართან, ბადრი კვარაცხელიასთან, სადაც ერთ-ერთი შეკითხვა ხვიჩას აგენტს, მამუკა ჯუღელსაც შეეხო.


„მამუკა ჯუღელი აღარ არის ხვიჩას აგენტი. ეს გადაწყვეტილება ორივე ოჯახმა ერთად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ. ხვიჩაც აქ იყო და ერთობლივად გადავწყვიტეთ, თანამშრომლობა დაგვესრულებინა. მამუკა ჯუღელს, როგორც აგენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ხვიჩას კარიერულ წინსვლაში. მამუკას მადლობა ვუთხარით ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში გააკეთა ხვიჩასთვის, ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ.


ამ ეტაპზე, ხვიჩას აგენტი არ ჰყავს. შემოთავაზებები არის, ბევრს აქვს კვარაცხელიასთან თანამშრომლობის სურვილი და ცხადია, სწორედ ხვიჩა და მისი ოჯახის წევრები გადავწყვეტთ, ვისთან ერთად გააგრძელებს მუშაობას", - ეს არის ბადრის პასუხი, რომელიც გაზეთში გამოქვეყნდა და რეალურად ოფიციალურად გაცხადდა ის, რასაც საფეხბურთო კულუარებში დიდი ხანია განიხილავენ. რაც შეეხება, ვინ იქნება „კვარას" მომავალი აგენტი, ამ ეტაპზე, როდესაც ფეხბურთელის კარიერაში უმნიშვნელოვანესი თამაშებია (უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის და საფრანგეთის ლიგა 1-ის), ლაპარაკი და გვირილაზე მკითხაობა, ცოტა ზედმეტად მიგვაჩნია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ვებ-პორტალს.  



სტატია მომზადებულია UEFA.com-ის მიხედვით / ფოტო: (C) UEFA