
ხვალ 25 აპრილს, საფრანგეთის ლიგა 1-ში პსჟ-ს გასვლით შეხვედრაში „ანჟე"-ს დაუპირისპირდება. მატჩამდე მედიასთან შეხვედრისას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პარიზელთა მთავარ მწვრთნელს, ბრაზილიელ ფეხბურთელებზე დაუსვა კითხვა და ამ კონტექსტში, ხვიჩა კვარაცხელიაც მოიხსენია, რაზეც ლუის ენრიკემ ასე უპასუხა:
„ხო, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია არ არის ბრაზილიელი. ის არ არის ბრაზილიელი ფეხბურთელი იქნებ, ოდესმე შეიცვალოს ეროვნება. ხვიჩა კვარაცხელია არის განსხვავებული ფეხბურთელი. როდესაც მასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება უკვე ვიცოდით, მისი ხარისხის შესახებ. არა მხოლოდ მისი ტექნიკური და ფიზიკური მონაცემების ხარისხი, არამედ მისი პიროვნული თვისებები. ის არის მებრძოლი. ის ავლენს ძალიან დადებით შეგრძნებებს როგორც ბურთთან, ასევე ბურთის გარეშე მოქმედებისას. როდესაც გყავს ასეთი ხარისხის მოთამაშე, ძალიან სასიამოვნოა იყო მისი მწვრთნელი. მაგრამ ის ისევ საქართველოდან არის და არა ბრაზილიიდან".
ხვიჩას პსჟ-ს თამაშამდე კი, გუშინ, ქართული ლეგიონიდან ორმა იასპარეზა. ესპანურ ლა ლიგაში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა" 33-ე ტურში ფრედ, 1-1 ითამაშა გასვლაზე „რეალ ოვიედოსთან". ამ შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთზე პეპეს 11-მეტრიანით გაიხსნა. მასპინძლებმა 69-ე წუთზე მოახერხეს ქულის გადარჩენა. ჟორჟმა სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. ამ ტურის შემდეგ, ქართველის გუნდს 62 ქულა აქვს და კვლავ ცხრილის მე-3 ადგილზეა.
რუმინეთის თასის ფინალში ითამაშებს ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატია". ქართველის გუნდმა, ბუქარესტში „არენა ნაციონალაზე" 1/2 ფინალში ადგილობრივ „დინამოს" დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0-0 დასრულდა. დამატებით ტაიმებში კი, ორივე გუნდმა თითო გოლი გაიტანა. ანგარიში ბუქარესტელებმა გახსნეს 105-ე წუთზე. „მექვაბას" გუნდმა კი, პენალტების სერიაში თამაშის გადაყვანა 118-ე წუთზე მოახერხა. ქართველმა სრული შეხვედრა ჩაატარა, თუმცა პენალტების სერიაში მონაწილეობა არ მიუღია. ახლა, ქართველის „უნივერსიტატია", რომელიც რუმინეთის ჩემპიონატში 39-39 ქულით „კლუჟთან" პირველ-მეორე ადგილებს იყოფს, თასის ფინალში 13 მაისს, სწორედ „კლუჟსს" დაუპირისპირდება.





ჩვენ








