
დღეს, 24 აპრილს, ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ფიცარნაგზე ორი ქართველი უნდა გამოსულიყო. რეალურად, წარდგენაზე ორივე გამოვიდა, თუმცა, საბოლოოდ, ასპარეზობით, ერთმა იასპარეზა. თავდაპირველად მედლების კომპლექტი 94 კგ წონით კატეგორიაში კაცებში გათამაშდა. ამ წონაში ოქროს ფავორიტი კარლოს ნასარი იყო, თუმცა ჩვენ, ირაკლი გობეჯიშვილი გვადარდებდა, რომელმაც ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მარჯვენა ბარძაყის ოთხთავა კუნთი გაუმიზეზდა, სამედიცინო შტაბის მცდელობების მიუხედავად სპორტსმენის ჯანმრთელობის შესაბამის კონდიციაში მოყვანა ვერ მოხერხდა, ამიტომ ქართველს წარდგენის შემდეგ, ასპარეზობაზე უარის თქმა მოუხდა.
ამრიგად, ქართველი გულშემატკივრისა და ძალოსნობის ფედერაციის მესვეურების ყურადღება 21 წლის გოგონაზე, ნათია გადელიაზე გადავიდა, რომელიც 86 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მოვლენებს წინ გავასწრებთ და ვიტყვით, რომ ორი დისციპლინის ჯამში, ექვსი მისვლიდან, ნათიას წონა მხოლოდ ერთხელ არ დაემორჩილა, თუმცა, სწორედ ეს ერთი მისვლა გახდა მიზეზი, რომ ქართველს აკვრაში ბრინჯაომდე 1 კგ, ორჭიდში კი, 3 კგ დააკრდა.
ნათია გადელიამ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფიცარნაგზე ატაცში (101/104/106 კგ), აკვრაში (127, 131 კგ) დააფიქსირა. ქართველს ჰქონდა 135 კგ შეკვეთილი, თუმცა წონა არ დაემორჩილა. შესაბამისად, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 237 კილოგრამით დაასრულა ასპარეზობა, რაც აღნიშნულ წონაში მეოთხე შედეგი გამოდგა. ზოგადად ნათიამ, ატაცში, აკვრასა და ორჭიდში, სამივე შემთხვევაში მეოთხე ადგილი დაიკავა.
ხვალ, 25 აპრილს მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდება. ქართული გუნდიდან 100 კგ წონაში ირაკლი ჩხეიძე, თბილისის დროით 19:00 საათიდან იასპარეზებს.
26 აპრილი
13:00 +86 კგ - ანასტასია გოტფრიდი, მარიამ მურღვლიანი;
16:00 +110 კგ ბაქარ თურმანიძე.
ფოტოები: ძალოსნობის ფედერაცია





ჩვენ








