ეროვნულ ლიგას „იბერია 1999“ ჩაუდგა სათავეში
ეროვნულ ლიგას „იბერია 1999“ ჩაუდგა სათავეში
19.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-7 ტურის შემდეგ, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერია 1999"-მა სატურნირო ცხრილში მისთვის ჩვეულ, პირველ ადგილზე გაიმყარა პოზიცია. ბათუმში, გამართულ შეხვედრაში თბილისელებმა მშრალი ანგარიშით 0-3 დაამარცხეს ადგილობრივი „დინამო". ანგარიში მე-10 წუთზე პაატა ღუდუშაურმა გახსნა, რომელმაც ყოფილ კლუბს გაუტანა, ამასთან 28 წლის ფეხბურთელისთვის, ეს, საქართველოს ჩემპიონის მაისურით გატანილი სადებიუტო გოლი გამოდგა. მეორე ტაიმში სტუმრებმა ანგარიში 11-მეტრიანით გაზარდეს, 58-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, კიდევ რვა წუთში კი, აჭარული გუნდის იმედები, ქულა გადაერჩინათ, ამირან ძაგანიამ დაასრულა. თბილისურმა კლუბმა მოიგო და უშუაო მდევარს, ეროვნული ლიგის დებიუტანტ „სპაერს" 3 ქულით გადაასწრო.


ამავე დღეს „სპაერი" თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე ძლიერთა შორის დაბრუნებულ „რუსთავს" დაუპირისპირდა და ფრედ, 1-1 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების გასული წლის დაძაბული დუელები, ამჟამად, სწორედ აქ, ძლიერთა ლიგაში გრძელდება. ამ მოცემულობიდან გამომდინარე კი, ეს გუნდები ყველაზე კარგად იცნობენ ერთმანეთს. ანგარიში კი, პირველ ტაიმში, მე-13 წუთზე სტუმრებმა, პრინს ოსეის გოლით გახსნეს. „სპაერმა" ქულა 51-ე წუთზე ნიკა კენჭაძის გატანილი გოლით გადაარჩინა, თუმცა, გუნდმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხა. 7 ტურის შემდეგ, „სპაერი" 11 ქულით მე-2 ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს „რუსთავს" რომელიც მე-3 საფეხურზეა.


ტური კი თბილისში, დინამო არენაზე დაიწყო, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის „დინამო თბილისისა" და ჩემპიონატის დებიუტანტის ტყიბულის „მეშახტის" დაპირისპირებით. დასაწყისშივე ვთქვათ, რომ თბილისელთა რიგებში გარკვეული ცვლილებები იყო, მაგალითად კარს გამოცდილი გიორგი ლორიას ნაცვლად, მიშიკო მაქაცარია იცავდა, რომელსაც რეალურად სათამაშო დრო აღარ აქვს. ანგარიში, 28-ე წუთზე დინამოელებმა გახსნეს, ნიკა ნინუას გადაცემის შემდეგ, დონკორიმ გაიტანა. თუმცა, თბილისელთა „სიხარული" ხანგრძლივი არ გამოდგა - 32-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმში თბილისელები კაცნაკლულებიც დარჩნენ - დინამოელთა ლეგიონერს ბარნს ოსეის აშკარად ქართველი მსაჯები არ სწყალობენ - ტიპიურ მომენტზე, რაზეც მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშის ქმედებას არ ხედავენ, თბილისელთა ფერადკანიანს ბარათს ბარათზე აძლევენ (აქვე გეტყვით, რომ მის წინააღმდეგ უხეშობაც უმეტესწილად მსაჯებს შეუმჩნეველი რჩება - ეტყობა კარგად არ ჩანს ხოლმე). მიუხედავად, შექმნილი ვითარებისა, ტყიბულელებმა ვერ მოახერხეს კაცნაკლული „დინამოს" გატეხვა და რეალურად, თავადა გადარჩნენ „სამქულიან" გოლსაც. თუმცა, თბილისელთა ასეთი თამაში, უმცირესობის კვალობაზეც კი, გულშემატკივრის უმრავლესობისთვის მიუღებელია! ამ ტურის შემდეგ, გუნდებს თანაბარი, 8-8 ქულა აქვთ, „დინამო თბილისი" ცხრილის მე-6 საფეხურზეა, „მეშახტე" მე-7-ზე.


წარუმატებელი და უფერული სტარტის შემდეგ, გორის „დილამ" კვლავ მოიგო. ამჯერად, გასვლაზე, წყალტუბოში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში ადგილობრივი „სამგურალი" მინიმალური ანგარიშით 0-1 გაიმარჯვა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 87-ე წუთზე გავიდა. შეცვლაზე შესულმა დავით გოცირიძემ მამინ სანიანგის საჯარიმოსთან ახლოს ფლანგზე გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი მოახერხა მასპინძელთა დაცვის და არსენ სიუკავესის გაცურება და არც თუ პაბულუ რიანის დახმარების გარეშე, ქართულ ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა. ამ მოგებით „დილამ" 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე აინაცვლა.


8 ქულა, ისევე როგორც „დინამო თბილისსა", „მეშახტესა" და „სამგურალს" აქვს ქუთაისის „ტორპედოსაც" რომელიც 7 ტურის შემდეგ, მე-5 ადგილზეა. ქუთაისელებმა აღნიშნული ტურში, გასვლაზე „გაგრასთან" ფრედ, 2-2 ითამაშეს.  ანგარიში ამ შეხვედრაში სწრაფი გოლით, ვლადიმერ მამუჩაშვილმა გახსნა დიეგო დეისაძის გადაცემის შემდეგ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მასპინძელთა მცველებს ჩამოეძინათ და ეროვნული ნაკრების გამოცდილი ფეხბურთელი, აბსოლუტურად უმეთვალყურეოდ დარჩათ. ანგარიში ტაიმისთვის დამატებულ წუთზე, კუთხურს მოჰყვა - ანგარიში ანდრი ანდრეიჩუკმა გაათანაბრა. მეორე ტაიმში 58-ე წუთზე კი, ანდრეიჩუკმა საგოლე გადაცემაც მიითვალა - ამჯერად, ილია სკრიპნიკმა გაიტანა და „გაგრა" დააწინაურა. 76-ე წუთზე კომენ ადნრიჩზე მასპინძლებმა 11-მეტრიანი „აიკიდეს". ბურთთან ფელიპე პირესი მივიდა, რომლის დარტყმულიც გაგრელთა მეკარემ ოლეკსანდრ ვორობეიმ თავდაპირველად კი მოიგერია, თუმცა, მოგვიანებით პირესის დამატებულზევე, ვერაფერი განაწყო. „ტორპედომ" გაათანაბრა და საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაიყვეს.


სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე

ეროვნული ლიგის მომდევნო, მე-8 ტური 21 და 22 აპრილს არის ჩანიშნული.

 

 სკ "იბერია 1999"-ის ფოტო

სტატია რედაქტირებულია 19.04.26 / 20:20