
ვიდრე, სრულიად საქართველო თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველ ჯუდოკებს ქომაგობდა და საფეხბურთო სანაკრებო შეკრებამდე ტაიმ-აუტი ჰქონდა აღებული, ქართული ლეგიონის საკლუბო ცხოვრება, კლუბების დიდი ნაწილისთვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. შესაბამისად, ყველა ქულასა და ყველა გოლს, უკვე იქ, ოქროს ფასი აქვს. ჰოდა, იმ დღეს, როდესაც თბილისი არენაზე ქართული ჰიმნი ისმოდა, „კიტემ" ავსტრიის, ბუდუმ გერმანიის ბუნდესლიგაში გაიტანა! გიორბელიძის გუნდი თურქეთის სუპერლიგაში დაწინაურდა... აი, მამარდა კი, ტრავმის გამო შეცვალეს! ამ დღეს კიდევ იყო ქართული გოლები, ამიტომ მივყვეთ თანმიმდევრობით და დავიწყოთ გიორგი მამარდაშვილით - მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო შესვენებამდე საკმაოდ დიდი დროა, „მამარდას" ტრავმა, რომელიც „ლივერპულში" ადგილის დამკვიდრებას ცდილობს, მცირე ტრავმა კი, ქართველი გულშემატკივრის სადარდებელი ხდება ხოლმე.
ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული" გასვლით შეხვედრაში „ევერტონს" დაუპირისპირდა და მომენტების თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, სადაც მასპინძლები აშკარად უკეთესად გამოიყურებოდნენ, სალაჰისა (29') და ვან დაიკის (90'+10') გოლების წყალობით 2-1 გაიმარჯვა. ანგარიშიც სტუმრებმა გახსნეს და მანამდე VAR-მაც „მამარდას" კარში გასული გოლი გააუქმა. თუმცა, ამ გოლამდე, ქართველმა მეკარემ ორი „მკვდარი" ბურთი მოიგერია. ტრავმა კი, 54-ე წუთზე მიიღო, როდესაც მასპინძლებმა მერსისაიდელებს გაუთანაბრეს - ბეტო, დარტყმის შემდეგ, გაშლილი ფეხით შეასკდა ქართველს მუხლში. სლოტს 58-ე წუთზე მისი შეცვლა მოუხდა. ამ ტურის შემდეგ „ლივერპულს" 55 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. ბოლო ინფორმაციით, გიორგი დაახლოებით სამი კვირის მანძილზე სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშებს.
ინგლისის ჩემპიონშიპის 43-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდი" მერე ტამში ბემფორდის დუბლის წყალობით, საშინაო შეხვედრაში 0-2 დამარცხდა „შეფილდ იუნაიტედთან" და სატურნირო ცხრილში, კვლავ 57 ქულით მე-14 ადგილზეა. ამასთან, სწორედ ამ ტურის შემდეგ გაუცვალა ადგილი მეტოქეს. რაც შეეხებათ ქართველებს, საბამ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. „ჩაკვე" კი, 58-ე წუთზე შემოვიდა, თუმცა ბევრი ვერაფერი შეცვალა.
გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი" გასვლით შეხვედრაში ბრემენში „ვერდერთან" 3-1 დამარცხა. ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის (1-1) შემდეგ, მეორეში, მასპინძლები დაწინაურდნენ. ამის შემდეგ, „ჰამბურგი" კაცნაკლული დარჩა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი, „ვერდერმა" მარტიც მიწურულს დააფიქსირა. ქართველი განაცხადში იყო, თუმცა, სათამაშოდ არ შესულა. ამ ტურის შემდეგ, „ჰამბურგს" 31 ქულა აქვს, არის მე-14 ადგილზე და სულ 5 ქულით უსწრებს გადათამაშების ზონას.
გასავარდნი ზონიდან კი, ამოსვლას ცდილობს ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი", რომელიც 19 ქულით ბოლო ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა, რომელმაც სათადარიგო შემადგენლობიდან დაიწყო, გასვლაზე „ფრაიბურგთან" თამაში, მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდა, 58-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მისმა გუნდმა 83-ე წუთზე ისევ გაუშვა და საბოლოოდ, 2-1 დამარცხდა.
გერმანიის თემა რომ ამოვწუროთ, მეორე ბუნდესლიგის თამაშსაც გადავხედოთ, სადაც ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა" გასვლაზე ფრედ, 1-1 ითამაშა „არმინია ბილეფელდთან". ქართველმა სრული შეხვედრა ჩაატარა. მისი გუნდი კი, 81-ე წუთამდე, სწრაფი გოლის წყალობით იგებდა, თუმცა, საბოლოოდ, ქულები გაიყო მასპინძლებთან. „ლოჩოს" გუნდი, 38 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილზეა.
ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმმა", ფრედ, 1-1 ითამაშა გასვლითი შეხვედრა „ლასკთან". მიუხედავად იმისა, რომ „კიტემ" რომელმაც სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მე-10 წუთზე პენალტი გაიტანა, ამ შეხვედრაში საკმაოდ დაბალი შეფასება მიიღო. განსხვავებით გიზისგან, რომელიც მოედანზე შეცვლაზე, 70-ე წუთზე შემოვიდა. თუმცა, მოედანზე ვერც მისმა გამოჩენამ დიდად ვერ შეცვალა სურათი. მიუხედავად ამისა, საჩემპიონო რბოლაში, ქართველების გუნდი, კვლავ უსწრებს „ლასკს" და 28 ქულით ჯგუფს ლიდერობს.
საბერძნეთის სუპერ-ლიგის გასავარდნ ჯგუფში მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარა ჩვენი ეროვნული ნაკრების მეკარის ლუკა გუგეშაშვილის „ატრომიტოსმა". ქართველმა მეკარემ კარგი მშრალად შეინახა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა, თუმცა, მისმა გუნდმაც ვერ მოახერხა გოლის გატანა და საბოლოდ „კიფისიასთან" თამაში ფრედ, 0-0 დასრულდა. რეალურად ქართველის გუნდი 34 ქულით ამ ჯგუფს ლიდერობს და გასავარდნ ზონაში მყოფ ორ გუნდს, 11 ქულითაც უსწრებს.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 28-ე ტურში დავით ვოლკოვისა და გიორგი პაპუნაშვილის „ზირამ" ფრედ, 1-1 ითამაშა ბაქოს „ნეფთჩისთან". სასტარტო შემადგენლობიდან თამაში ვოლკოვმა დაიწყო და ის, 62-ე წუთზე შეცვალეს. აი, „პაპუნა" კი, მოედანზე მხოლოდ 69-ე წუთზე შევიდა. ანგარიში ამ შეხვედრაში „ნეფთჩიმ" 63-ე წუთზე გახსნა. ქართველების გუნდმა ქულა, მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებულ დროში გაიტანა. 28 ტურის შემდეგ „ზირას" მხოლოდ 45 ქულა აქვს და ევროტურნირებზე მოსახვედრი გუნდების ზონას 10 ქულით ჩამორჩება.
ბულგარეთის პირველი ლიგის 30-ე ტურში ლაშა დვალის „ცსკა 1948" გასვლით შეხვედრაში „ჩერნო მორეს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 0-4 დაამარცხა. ანგარიში ფრანკომ მე-7 წუთზე დვალის გადაცემით გაიტანა. პირველი ტაიმი კი, ქართველის გუნდმა 0-3 მოიგო. ამ მომენტში, „ცსკა 1948" სატურნირო ცხრილში 59 ქულით მესამე ადგილზეა.
გურამ კაშიას „სლოვანი" სლოვაკეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 59 ქულით ლიდერობს. ქართველი, „ჟილინასთან" შეხვედრის განაცხადშიც იყო, თუმცა, ვაისს ის მოედანზე არ შემოუშვია. სამაგიეროდ, სრული შეხვედრა ჩაატარა მასპინძელი „ჟილინას" რიგებში ალექსანდრე ნარიმანიძემ, თუმცა, მისი გუნდი, ბრატისლაველებთან მაინც დამარცხდა 0-1.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 31-ე ტურში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი" გასვლით შეხვედრაში 2-0 დამარცხდა „ბასტიასთან". ქართველმა სრული მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. მისი გუნდი, ამ მომენტში, 57 ქულით მეორე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება პირველადგილოსან „ტრუას". მომდევნო ტურში, ქართველის გუნდი, სწორედ „ტრუას" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, ქულაში მიუახლოვდება.
საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში, ქართველების მიერ გატანილი გოლების მიუხედავად, წააგო ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მაც და წააგო, სამი გიორგის - წიტაიშვილის, აბუაშვილისა და ქვილითაიას „მეცმაც".
ამ ტურში ქართველებიდან პირველი და სადებიუტო გოლი საფრანგეთის ლიგა 1-ში გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. „პარიზთან" საშინაო შეხვედრაში, ქართველების გუნდი 21-ე წუთზე გაშვებული გოლით აგებდა. თუმცა, 10 წუთში, 30-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა, 31-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ამ მომენტში, მოედანზე იყო გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. რაც შეეხება აბუაშვილს, ის განაცხადში არ იყო. „მეცმა" მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და სატურნირო ცხრილში უიმედოდ, ბოლო ადგილზეა.
შეცვლაზე, 59-ე წუთზე შემოვიდა ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სა და „ლიონის" დაპირისპირებაში. ამ მომენტისთვის ქართველის გუნდი, შეხვედრის მე-6 და მე-18 წუთებზე გაშვებული გოლების წყალობით, 0-2-ს აგებდა. ამას გარდა, პარიზელებს, რამოშის გაფუჭებული პენალტის გამოც არ იყვნენ კარგ განწყობაზე. ქართველმა თამაში გამოაცოცხლა, რამდენიმე ლამაზი ფინტიც შემოგვთავაზა და რაც მთავარია, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროში, მე-4 წუთზე გოლების გოლი გაიტანა - აი, „შტანგა გოლიო" ეზოებში ბავშები რომ ეძახიან. პსჟ-ელებმა ქულა კი გაქვითეს, თუმცა, მეტისთვის დრო არ ეყოთ. 30-ე ტურის შემდეგ, პსჟ-ს 63 ქულა აქვს და კვლავ პირველ ადგილზეა. ამასთან, საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონის, უშუალო მდევართან, „ლანსთან" ერთით, ხოლო „ლიონთან" ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
რუმინეთის სუპერლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფის მე-5 ტურში ანრი მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატიამ" მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა ბუქარესტის „რაპიდი" და ქულებით „კლუჟს" გაუთანაბრდა საჩემპიონო რბოლაში. ქართველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი კი, ანრის გადაცემის შემდეგ გავიდა.
საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში გიორგი კვერნაძემაც, რომლის „ფროზინონემაც" იტალიის სერია B-ში 35-ე ტურში, გასვლითი შეხვედრა მოუგო „მოდენას". შეხვედრაში, რომელშიც ანგარიში მასპინძლებმა 41-ე წუთზე გახსნეს, „ფროზინონემ", 51-ეზე კვერნაძის გადაცემის შემდეგ გაათანაბრა. მალევე ქართველის გუნდელები დაწინაურდნენ და უპირატესობა აღარ გაანიავეს. ქართველმა საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო. მისი გუნდი კი, ამ ეტაპზე მეორე ადგილზეა და ახლოსაა სერია A-ში გადმოსასვლელად.
მომავალი სეზონიდან თურქეთის მთავარ ჩემპიონატში ითამაშებს, გურამ გიორბელიძის „ერზრუმსფორი", რომელმაც მეზობელი ქვეყნის პირველი ლიგა, ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მოიგო. ლიგა 1-ის 36-ე ტურში, გიორბელიძის გუნდმა გასვლაზე ფრედ, 1-1 ითამაშა „ბოდრუმსფორთან". ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. აქვე შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან, უფრო ზუსტად 2026 წლის შემოდგომიდან, სტამბოლოს „ბაშაქშეჰირს" კიდევ ერთ ქართველი საბა ხარებაშვილის შეუერთდება. ასე, რომ ამ მოცემულობით, თურქეთის მთავარ ჩემპიონატში ორი ქართველი ითამაშებს.





ჩვენ








