მიკერძოებული მსაჯობის და ბოლო წუთზე გასული გოლით დავმარცხდით
მიკერძოებული მსაჯობის და ბოლო წუთზე გასული გოლით დავმარცხდით
18.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნულმა, ფარერებზე, ტორსჰანვში, ადგილობრივ ნაკრებთან ბოლო წუთზე გასული გოლით 1-0 (იხილეთ მატჩის ტექსტური ოქრმი) წააგო. უნდა ითქვას, რომ ირის ანტმანის გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა, საიდანაც პირველში უფრო „პირობებს" ეგუებოდა, მათ შორის მსაჯობასაც, მეორეში კი, მეტოქეს აშკარად აჯობა, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ საპასუხო შეხვედრაში გულშემატკივრის მხარდაჭერისა და ადეკვატური მსაჯობის ფონზე, საქართველოს ქალთა ეროვნული ნარები აშკარად სამ ქულას აიღებს.


„რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ იმით, თუ როგორ წავაგეთ ეს თამაში. გვქონდა რამდენიმე მომენტი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა და გოლი გაგვეტანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. ვფიქრობ, მსაჯს ორ ეპიზოდში შეეძლო ჩვენს სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანის დანიშვნა. ველით მომდევნო მატჩებს, რომლებიც საქართველოში უნდა ჩავატაროთ. დღევანდელი მარცხი ჯგუფიდან გასვლის შანსს ამცირებს, მაგრამ ორ საშინაო შეხვედრაში ექვსი ქულის აღება გვჭირდება და შემდეგ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები სხვა ჯგუფებში.მოთამაშეებით ვამაყობ - მათ დღეს ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ საბოლოოდ აუცილებელია გოლის გატანა, რაც ვერ მოვახერხეთ, და ამიტომ წავაგეთ თამაში", - ამბობს ირის ანტმანი.


მანამდე კი, მსაჯების თემა რომ ამოვწუროთ - ინგლისელმა მსაჯთა ბრიგადამ, აშკარად ცალმხრივად განსაჯა ფარერის კუნძულებისა და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრა და ამაზე, „ყვითელი" ბარათების გადანაწილებაც მარტივად მეტყველებს - მაგალითად, რატომ დასაჯა ნინო პასიკაშვილი, რომელმაც ირინა ხაბურზანიაზე საბარათე დარღევის შემდეგ, ლაპარაკისთვის მიიღო ყვითელი - ამ გადაწყვეტილებით, კი მსაჯმა მარტივად აიძულა საქართველოს ქალთა ნაკრების გამოცდილ მცველს, სულ ცოტა ბრძოლაში არ შესულიყო დარჩენილ სათამაშო დროში და ამის საპირისპიროდ, ირის ანტმანის ნახსენები პენალტები და მასპინძელთა გადმოგდებული ენები რომ დავივიწყოთ, მეორე ტაიმში, ერთ მომენტში ჯერ ნათია დანელიას შემდეგ კი, მაიკო ბებიას წინააღმდეგ დარღვევების ჯუდო-რაგბის ნაზავი ილეთების ჯაჭვი, სულ რაღაც 10 წამში, რომელიც მსაჯმა მარტივად არ შეიმჩნია. ნამდვილად ვერ გეტყვით, ამას უფეა-ში ვინმე აკონტროლებს თუ არა, თუმცა, სტეისი პირსონის, რომელიც ყველაზე პრესტიჟულ (!) ინგლისელ მსაჯად ითვლება, კომპეტენცია და მიუკერძოებლობა, აშკარად გადასახედია. ეს არ იყო "თმაშის საშუალებას" აძლევდა!


ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს პირველი საგოლე მომენტი 41-ე წუთზე თიკო ამბალიას გადაცემის შემდეგ ჰქონდა, როდესაც კარში ირინა ხაბურზანიამ დაარტყა. მეორე ტაიმის საწყის წუთზე, უკვე თავად ამბალიას შეეძლო ანგარიშის გახსნა. შეხვედრის მიწურულს კი, ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ და თამაშზე შეცვლაზე შესულ ანა ჩემინავას ჰქონდა ანგარიშის გახსნის საშუალება. დაცვითი კუთხით, პირველ ტაიმში კარის ხაზიდან ბურთი ნათია დანელიამ გამოიტანა, 79-ე წუთზე კი, თათია გაბუნიას რეაქციამ გადაგვარჩინა. ზოგადად, მეორე ტაიმში, ჩვენი ნაკრები ბევრად უფრო თამამად და სწორედ თამაშობდა, მათ შორის დაცვაში. თუმცა, გოლი მაინც გაგვიტანეს. 90-ე წუთზე ანა ბრენდსტრუპმა გაიტანა.


მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩებს ქალთა ნაკრები სახლში, საქართველოში ივნისში გამართავს. 5 ივნისს ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 9 ივნისს - საბერძნეთს.


სტატია რედაქტირებულია 19.04.2026 / 10:30 საათზე/ ფოტო სფფ