პირველი მედალი ქართული გუნდიდან გიორგი სარდალაშვილმა მოიგო
პირველი მედალი ქართული გუნდიდან გიორგი სარდალაშვილმა მოიგო
16.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისში სტარტი აიღო ევროპის 2026 წლის ჩემპიონატმა ჯუდოში. „თბილისი არენაზე" ოთხი დღის მანძილზე 46 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი ინდივიდუალურ ჩათვლაში მედლების 14 კომპლექტს გაითამაშებს, როგორც ბიჭებში, ისე გოგონებში. უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო დაწესებული სანქციები, მოუხსნეს რუსეთსა და ბელარუსს, შესაბამისად, თბილისში ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლებიც არიან პრეტენზიული მედიის თანხლებით, რომლებიც როგორც ჩანს იზოლაციის პერიოდში, საერთოდ და საბოლოოდ ჩამორჩნენ მსოფლიოსა ევროპის მაჯისცემას. ძირითადად მედია ოთახში არიან დაბანაკებულები სამი დიდ მონიტორის წინ, სადაც სამი ტატამიდან პირდაპირი სიგნალი გადაიცემა და ჯერ ლაპარაკობენ „საჩივრის წერილებზე", რომლებსაც ჯუდოს ევროპის კავშირში გააგზავნიან, საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ქართული მხარე, საორგანიზაციო მხრივ, მკაცრად ასრულებს EJU-ს მითითებებს. ასე რომ, წერონ და იკითხონო, როგორ ჩემს ბავშვობაში ამბობდნენ.


ახლა უშუალოდ ტურნირს დავუბრუნდეთ სადაც დღეს, 17 ქართველი ჯუდოკადან ტატამზე 4 გამოვიდა, ოთხ წონით (ბიჭებში -60 კგ გიორგი სარდალაშვილი და -66 კგ ვაჟა მარგველაშვილი, ხოლო გოგონებში,  -48 კგ ჯულიეტა როდონაია და -52 კგ ნინო თათრიშვილი) კატეგორიაში. 



ალბათ, დღეს პირველი მოულოდნელობა რაც ქართველმა ქომაგმა იხილა, ვაჟა მარგველაშვილის პირველი წრიდან გამოთიშვა იყო. გამოცდილი ქართველი ჯუდოკა 22 წლის ხორვატ დანი კლაჩართან დამარცხდა, თან იპონით (!)



პირველ შეხვედრაში გამოეთიშა ასპარეზობას ჯულიეტა როდონაიაც, რომელი ევროპის მომავალ ჩემპიონ შირინ ბუკლისთან დამატებით დროში დამარცხდა ვაზარით. რაც შეეხება ფრანგს მან ფინალში რუს საბინა გილიაზობას სძლია დამატებით დროში, მართალია ჰანსუკო მაკეთი, მაგრამ ჯუდოს ისტორიაში მე-11 ფრანგი გახდა, რომელმაც მეხუთედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. პირველ წრეში ესტონელი მეტოქე არ გამოუცხადდა, მეორეში კი უნგრელ სპორტსმენთან იპონით დამაცრხდა ნინო თათრიშვილი.




მეორე წრიდან დაიწყო და ბადე, უპრობლემოდ გაიარა 22 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გიორგი სარდალაშვილმა. ჯერ გერმანიის სახელით მოასპარეზე მექსიმილიან ჰეიდარი დაამარცხა, შემდეგ, ბელგიელი იორე ვერსტრაეტენი დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც დამატებით დროში აზერბაიჯანელი ბალაბაი აღაევი ვაზარით დაამარცხა. ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველისთვის ეს დაპირისპირება საკმაოდ ემოციური გამოდგა და ბევრწილად მას ფინალში გასასვლელად საშინაო კედლებიც დაეხმარა. თუმცა, ამავე კედლებმა ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით ქართველ ჯუდოკაზე, უფრო ზუსტად, საქართველოსთვის მებრძოლ ქართველ ჯუდოკაზე ნეგატიურად იმოქმედა ფინალში.


ვერ გეტყვით, სპორტსმენს 1/2 ფინალის ნერვიულობა გადაჰყვა ფინალურ ბლოკში თუ, იყო კიდევ სხვა მიზეზები, ფაქტია, რომ ფინალური ბლოკის დაწყებამდე, მაშინ როდესაც გიორგის, ჯულიეტასთან ერთად, საქართველოს ჯუდოს ნაკრების ოფიციალური ფან-კლუბი აჯილდოებდა, ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენს აშკარად ემჩნეოდა ნერვიულობა.



სახლის კედლები, მხარდაჭერასთან ერთად, არის უზარმაზარი წნეხი, რომელსაც შეჩვევა უნდა და გვჯერა, „სარდალა" მოავალ საშინინაო ტურნირებზე, ამ წნეხსაც მიწნეხავს. მანამდე კი დღეს, თითქმის ქართული ფინალი შედგა. თითქმის იმიტომ, რომ გიორგი სარდალაშვილის მეტოქე ლუკა მხეიძე, მოგეხსენებათ, საფრანგეთის სახელით ასპარეზობს. მოვლენებს წინ გავასწრებ და ვიტყვით, რომ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც „ფრანგის" გამარჯვება ნამდვილად არ გვწყენია. თუმცა, რა თქმა უნდა ოქროს მედალი ქართულ გუნდს რომ დარჩენოდა, უფრო გაგვიხარდებოდა.


ასეა თუ ისე, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე პირველი მედალი, ვერცხლი, ქართულ გუნდს სწორედ, გორგი სარდალაშვილმა მოუტანა.




ხვალ, 17 აპრილს, ასპარეზობის მეორე დღეა. ქართული გუნდიდან საშინაო ტატამზე ხუთი ჯუდოკა წარსდგება, ორი ბიჭი და სამი გოგო, რომელთა შორის ორი, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვით, ქართული ჯუდოს ლეგენდები არიან - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც ქართული ქალთა ჯუდოს ახალი ისტორიას წერს.  


17 აპრილი

-73 კგ მიხეილ ბახბახაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი

-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე,

-63 კგ ნინო წიკლაური

 


18 აპრილი

-81 კგ ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

-70 კგ მარიამ ჭანტურია, ნინო გუბლანი

19 აპრილი

-100 კგ ილია სულამანიძე

+100 კგ გურამ თუშიშვილი

+78 კგ სოფო სომხიშვილი