ჩვენი ეროვნული მალტაზე ფინალში გავიდა და პარალელურად სიდნეიში ფინალური ტურნირის საგზურიც მოიპოვა
ჩვენი ეროვნული მალტაზე ფინალში გავიდა და პარალელურად სიდნეიში ფინალური ტურნირის საგზურიც მოიპოვა
12.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალბურთში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მალტაში მიმდინარე მსოფლიო თასის II დივიზიონის 1/2ფინალში გერმანიის  ნაკრები დაამარცხა 19-13 და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ამას გარდა, მალტის ტურნირში ფინალში გასვლით ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო თასის 2026 წლის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რომელიც ზაფხულში, ავსტრალიაში გაიმართება და რომელშიც I დივიზიონის 5 და II დივიზიონის 3 ნაკრები მიიღებს. თუმცა, მანამდე ხვალინდელი ფინალია, რომელშიც საქართველოს ნაკრები მონტენეგროს, თბილისის დროით  21:30 საათზე დაუპირისპირდება.


ხვალინდელ ფინალამდე კი, იყო დღევანდელი შეხვედრა გერმანიის ნაკრებთან, რომელსაც ბოლოს, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვეთამაშეთ და 15-10 მოვუგეთ. კიდევ უფრო ადრე, მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანელებს 16-15 მოვუგეთ პენალტების სერიაში, ასე, რომ ბოლო წლების სტატისტიკა ამ ორი ნაკრების მრავალი დაპირისპირების ისტორიიდან, იმის იმედს, რომ დღეს საქართველოს ნაკრები მოიგებდა, ნამდვილად გვაძლევდა.


თუმცა, დაძაბულმა პირველმა ტაიმმა, რომლის დროსაც ორივე პერიოდი ერთნაირი ანგარიშით 4-3, 4-3 მოვიგეთ და სადაც გერმანელებმა ყველა ბურთზე ქულაზე ბოლომდე იბრძოლეს და არ გვპატიობდნენ შეცდომებს, რომლებიც გვგქონდა, საქართველოს ნაკრებმა ეს ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგო. თამაშის ბოლოს, დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სტეფან პიეშივაცი დაასახელეს, რომელმაც სამჯერ დაარტყა და სამივე გაიტანა. აი, ჩვენი აზრით კი, სტეფანთან ერთად, აუცილებლად ირაკლი რაზმაძეა გამოსარჩევი, რომელმაც უკვე მერამდენე შეხვედრა ჩაატარა შეუცვლელად, დღეს კი, მხოლოდ პირველ მეოთხედში, ჩვენი გუნდის კარის მცველმა სამი „მკვდარი" ბურთი აიღო. მთლიანად შეხვედრაში 13 და რეალურად, მისი ეს თავდადება, რომ არა, შესაძლოა ჩვენ გამარჯვება უფრო გაგვჭირვებოდა.


პირველ პერიოდში, მეოთხედების მიხედვით, გოლები გაიტანეს - სტეფან პიეშივაცმა, რომელმაც საწყის წუთებზე გაათანაბრა ანგარიში, საბა ტყეშელაშვილმა, ხვიჩა ჯახაიამ და ანდრია ბითაძემ - ამ უკანასკნელის მიერ ბოლო წამებზე გატანილი გოლით მოვიგეთ პირველი პერიოდო, 4-3. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანალოგიური ანგარიშით, 4-3 მოვიგეთ მეორე პერიოდიც. გოლები ნიკა შუშიაშვილმა (2), პიეშივაცმა და ბესო ახვლედიანმა გაიტანეს.


მეორე ტაიმის პირველი 8-წუთეული კვლავ პიეშივაცის გოლით გაიხსნა, რომელსაც მხარი დუშან ვასიჩმა აუბა და გატანილი გოლის შემდეგ, სამედიცინო ჩარევაც დასჭირდა. მასთან უხეშობისთვის კი, გერმანელებს კაცი გაუძევეს. ამ მონაკვეთში, მომდევნო გოლები კვლავ ტყეშელაშვილმა და პირველად, ამ შეხვედრაში ვატო დადვანმა გაიტანეს, თუმცა, ისე დაემთხვა, რომ ორივეს ამ გატანილი გოლების შემდეგ, სამ-სამი ჯარიმის გამო სათადარიგოთა სკამზე მოუხდათ გადანაცვლება. პერიოდის დასრულებამდე, 5 წამით ადრე კი, ახვლედიანმა მშვიდი ბოლო პერიოდის საწინდრად, კიდევ გაიტანა და მონაკვეთი კვლავ ჩვენი გამარჯვებით ამჯერად 5-1 დასრულდა, ტაბლოზე კი, 13-7 ეწერა, რაც იმის გარანტიას გვაძლევდა, რომ ბოლო მონაკვეთში ცოტა ძალების შემონახვის უფლება გვქონდა. მართლაც ბოლო, მონაკვეთი ფრედ, 6-6 დასრულდა. პერიოდის საწყის ეტაპზე კი, გერმანელებმა 6 ბურთიანი სხვაობა, 4 გოლამდე დაიყვანეს. ჩვენებს ცოტა დაღლაც და ცოტა ნერვიულობაც ეტყობოდათ, რადგან პირველად, ქართული დამოუკიდებელი წყალბურთის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები ძალიან ახლოს იყო, მსოფლიო თასის ფინალურ (მალტაში მიმდინარე II დივიზიონის ფინალის მიღმა) ეტაპთან, სადაც მსოფლიო ტოპ 8 გუნდს უნდა ეთამაშა. ამ მონაკვეთში გოლები იოვან სარიჩმა, ნიკა შუშიაშვილმა, ხვიჩა ჯახაიამ (2), გიორგი მესხმა და ახვლედიანმა გაიტანეს. საბოლოოდ, როგორც გითხარით, 19-13 (მატჩის ტექნიკური ოქმი) მოვიგეთ და ხვალ ჩვენთვის კარგად ნაცნობ მონტენეგროს ვეთამაშებით, რომელმაც დღეს, მეორ ნახევარფინალში საფრანგეთი 11-15 დაამარცხა.


აქვე გეტყვით, მალტაზე მიმდინარე ტურნირის პირველ ტურში, რომელშიც საქართველოსა და თურქეთის ნაკრებები შეხვდნენ, გერმანელი მსაჯი ჰენდრიკ შოპი, დაშვებული შეცდომების გამო 6-თვიან დისკვალიფიკაციაში გაუშვეს.

 

ფოტო: საწყლოსნო სპორტის სახეობების ფედერაცია / თამუნა ყულუმბეგაშვილი