
დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეორე სპარინგი გამართა აზერბაიჯანის ნაკრებთან და ამჯერად, უფრო დამაჯერებლად, 5-2 (მატჩის შემადგენლობა) გაიმარჯვა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშ ჩვენ გავხსენით, 03'03'' ნიკოლოზ გაბრიჩიძის ეფექტური გოლით, მე-14 წუთამდე, ჩვენმა მეზობლებმა მეტი გოლი აღარ გაგვატანინეს. თუმცა, ლევან სვანიძის გოლამდე, ნიჰად ისმაილოვმა გაგვიტანა.
„ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა და სასიხარულოა, რომ ორივე თამაში ჩენი გამარჯვებით დამთავრდა, თან, გვქონდა სათამაშო უპირატესობაც. გვახარებს, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ასე კარგად დავიწყეთ. კარგი სტარტი ავიღეთ", - ამბობს ნიკოლოზ გაბრიჩიძე.
მეორე ტაიმი ძირითადად საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა, თუმცა, მეტოქესაც ჰქონდა მომენტები. ამ შემთხვევაში კარში საიმედოდ იდგა ლუკა ხარშილაძე, რომელმაც ალი ასლანი ჩაანაცვლა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ავთანდილ ასათიანმა გარკვევით თქვა, რომ მეორე სპარინგში სათამაშო დრო მიეცემოდა მას, ვისაც სხვა თამაშებში ცოტა სათამაშო დრო ეძლეოდა. ამას გარდა, ამ ფეხბურთელებს დააკვირდებოდა.
„მადლობა ბიჭებს, იმის გამო, რომ ორივე თამაშში ეცადნენ მაქსიმუმი ეჩვენებინათ. ეს ძალიან კარგია. კარგია ისიც, რომ ორივე თამაში მოვიგეთ. ეს, სექტემბრის ამხანაგური თამაშებისთვის, კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებას გვაძლევს. კარგია ისიც, რომ იმ ბიჭების გასინჯვა მოვახერხეთ, ვისაც ნაკლები სათამაშო დრო ეძლეოდა. უკვე მოგვიანებით, მწვრთნელები ერთად შევხედავთ მთლიან სურათს და დავინახავთ, რა არის გასაკეთებელი, რადგან ბოლო ამხანაგურ თამაშში, უშუალოდ შესარჩევის წინ, მაქსიმალურად ვეცადოთ, ის პატარ-პატარა, მიკრო შეცდომებიც არ გვქონდეს. კარგია, რომ გამოჩნდნენ გარკვეული ფეხბურთელები, ვიზეც შეგვიძლია დაყრდნობა, ძალიან კარგად ჩაერთო ხარშილაძეს, მას შემდეგ რაც ალი შეცვალა, მაშინ როცა ბუკიას მიკრო ტრავმა ჰქონდა. იმის თქმა მინდა, რომ ჩანს ადგილები, რომლებიც მყარად გვექნება. ვფიქრობ, შესარჩევისთვის, უკვე კარგი ნაკრები უნდა ვიყოთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.
ბუკიას მიკრო-ტრავმის გარდა, ამ შეკრებაზე გუნდს აკლდა გიორგი ღავთაძე, რომლიც ნაკრების ორივე თამაშს დაესწრო ფეხზე ფიქსატორით. ფეხბურთელს, როგოც ჩანს გარკვეული დრო გაუცდება, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ უკვე სექტემბრისთვის ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მისთვის ჩვეულ ფორმაში დაგვიბრუნდება. მანამდე კი, ნაკრებში დაბრუნდა და ინტენსიური დატვირთვის შემდეგ თავს კარგად გრძნობს შოთა თოფურია.
გოლები კი, შეხვედრის მეორე ნახევარში გიორგი ჩიმაკაძემ (34'02", 39'16") და ნიკოლოზ კურტანიძემ (39'45") გაიტანეს. საპასუხოდ, მატჩის მიწურულს, ადალეთ ალეკბეროვმა (39'45") გაგვიტანა.
„თამაშებით კმაყოფილი დავრჩი. ორივე თამაშში გავიმარჯვეთ. პირველში, რა შეცდომებიც გვქონდა, მეორეში გამოვასწორეთ - ვუმუშავეთ და გამოგვივიდა. შედეგზეც აისახა. რაც შეეხება აზერბაიჯანის ნაკრებს, ნამდვილად კარგი გუნდია და სპარინგებიც კარგი გამოვიდა. მოვემზადებით მსოფლიოსთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, უფრო მაღლა და მწვერვალზე ავიყვანოთ ჩვენი ნაკრების წარმატება", - ამბობს გიორგი ჩიმაკაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2028 წლის ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის ემზადება, რომელიც 2026 წლის შემოდგომაზეა ჩანიშნული. ჩვენი ნაკრების მეტოქეების ვინაობა კი, მაისში გაირკვევა.
ფოტო: სფფ / გურამ გაბრიჭიძე





ჩვენ








