საქართველოს ნაკრებმა რევანშიც აიღო და მომდევნო ეტაპზეც გავიდა
საქართველოს ნაკრებმა რევანშიც აიღო და მომდევნო ეტაპზეც გავიდა
10.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მალტაზე მიმდინარე მსოფლიო თასის II დივიზიონში ასპარეზობას აგრძელებს. 1/8 ფინალში გამარჯვების შემდეგ, ჩვენი გუნდი 1/4 ფინალში იასპარეზებს და კანადა-უკრაინის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.


დღეს კი, რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა, თურქეთის ნაკრებთან მიმდინარე ტურნირის სასტარტო შეხვედრაში განცდილი მარცხისთვის (16-17), სრული რევანში აიღო და დღევანდელ, 1/8 ფინალურ შეხვედრაში 7 ბურთიანი სხვაობით 12-19 (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი) გაიმარჯვა. თუმცა, დღევანდელი შეხვედრა ქართველთა გუნდისთვის სასიამოვნოდ არ იწყებოდა. დიდი ალბათობით, ორივე გუნდის თამაშს, 7 აპრილის შეხვედრიდან გადმოყოლილი ემოციები მართავდა, თურქებს - რწმენა, რომ პირველ შეხვედრაში მათ შესძლეს ქართველთა დამარცხება, საქართველოს ნაკრებს კი, ალბათ, ბრაზი უფრო, რომ თურქებთან, სადაც ფავორიტებად ქართველთა ნაკრები მიიჩნეოდა დამარცხდნენ.


პირველ მეოთხედში თურქებმა ორი ბურთი გაგვიტანეს და 2-0 დაწინაურდნენ. ანგარიში ნიკა შუშიაშვილმა შეამცირა, თუმცა ისე მოხდა, რომ ჩვენ მდევრის როლში აღმოვჩნდით. თურქებს გაჰქონდათ, ჩვენ ვუმცირებდით - ამ მონაკვეთში ქართველთა გუნდიდან კიდევ ერთი გული დუშან ვასიჩმა გაიტანა, თუმცა, პერიოდი 4-2 წავაგეთ.


მეორე პერიოდი შუშიაშვილის მოგებული სპრინტით დაიწყო, თუმცა, ისევე, როგორც პირველი. ამას დაემატა ანდრია ბითაძისა და თავად ნიკას გოლები და პირველად, დღევანდელ თამაშში, ჩვენ ანგარიში გავათანაბრეთ, 4-4. მოკლე მონაკვეთში თურქეთთან გოლები გავცვალეთ, ჯერ მათ გაგვიტანეს, შემდეგ, სტეფან პიეშივაცმა გაათანაბრა 5-5. ზოგადად ეს მონაკვეთი, ემოციურად დაძაბული იყო, რადგან ორივე ნაკრებმა ერთი რომ ჩელენჯი დაკარგა, ჯერ ჩვენ, მერე თურქებმა, მეორე ის გარემოება იყო, რომ ჩვენი გუნდის წამყვან მოთამაშეებს გაძევებები უგროვდებოდათ. ვიდრე გუნდები ჩელენჯებით იყვნენ დაკავებული, ბესო ახვლედიანის გოლით, საქართველოს ნაკრები დღევანდელ შეხვედრაში პირველად დაწინაურდა, 5-6. მალევე, ახვლედიანმა დუბლი გაიფორმა და მონაკვეთიც დასრულდა, ჩვენ 3-5 მოვიგეთ, ტაბლოზე კი საერთო ანგარიში 7-7 იყო. დიდ შესვენებაზე უკვე, ქართველთა გუნდი გავიდა, ორბურთიანი უპირატესობით.  


მესამე პერიოდში მეტოქემ, სპრინტიც მოიგო და პირველი გოლიც გაგვიტანა.  ამჯერად, ვატო დადვანმა გაათანაბრა 8-8. ამასობაში ხვიჩა ჯახაია მესამედ დაჯარიმდა და საბოლოოდ, თამაშს ნაადრევად გამოეთიშა, ისე რომ, დღევანდელ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია (!), რაც ბოლო პერიოდში ამ წყალბურთელისთვის არ არის დამახასიათებელი. კაცი „გაუწითლებს" თურქებსაც, ამის შემდეგ, ვასიჩმა დაგვაწინაურა, საპასუხოდ ჩვენგან საბა ტყეშელაშვილი „გააწითლეს". მომდევნო ეპიზოდში შუშიაშვილისა და საბა მაჭავარიანის გოლების წყალობით ორი ბურთით გავიქეცით, თუმცა, თურქებმაც იბრძოლეს. საბოლოოდ, მეოთხედში ბოლო გოლი პიეშივაცმა გაიტანა და მონაკვეთი კვლავ ჩვენ მოვიგეთ, ამჯერად, 2-5. ტაბლოზე კი, დასკვნითი პერიოდის წინ, ქართველთა სასარგებლოდ, სამბურთიანი სხვაობა იყო, 9-12.


დარჩენილი იყო ურთულესი 8 წუთი, რომელშიც ვასიჩმა მოგებული სპრინტითა და გოლით დაიწყო. დაძაბულობამ, ყოველ შემთხვევაში ტექსტური „ცოცხალიდან" რის გაგებასაც ვახერხებდით, თუნდაც იმ დეტალის გათვალისწინებითა მიაღწია, რომ თურქებს, მწვრთნელი გაუგდეს - მეტოქე გუნდის ბერძენი სპეციალისტი კონსტანტინოს ლოდისიც „გააწითლეს". ამასობაში ჩვენმა ნაკრებმა ხუთბურთიანი გაქცევა მოაწყო ანდრია ვლაჰოვიჩის,  ახვლედიანის, ამ მონაკვეთში ვასიჩის მეორე გოლითა და გიორგი მესხის წყალობით. ერთი, რომ მონაკვეთს უკვე 0-5-ს ვიგებდით და მეორე, ტაბლოზე სხვაობა 9-17 იყო, სათამაშო დრო კი, 03'15'' რჩებოდა.  აშკარა იყო, რომ ამ უპირატესობას საქართველოს ნაკრები ხელიდან აღარ გაუშვებდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში, მეტოქემ, პირველი გოლის გატანა, მხოლოდ მატჩის დროის ამოწურვამდე, 03'04''-ით ადრე გაიტანა. თუმცა, ამის შემდეგაც, ვლაჰოვიჩის დუბლის წყალობით, სხვაობამ 9 ბურთს მაღწია, 10-19. ასე, რომ 01'44'' წუთში ჩვენმა გუნდმა თავს უფლება მისცა ცოტა ამოესუნთქა და მომავალი შეხვედრისთვის ძალები შემოენახა, რომელიც ხვალ, 11 აპრილს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და სადაც ჩვენი მეტოქე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანადისა და უკრაინის წყვილში გამარჯვებული იქნება.



ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია / თამუნა ყულუმბეგაშვილი