საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანთან პირველი სპარინგი მოიგო
საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანთან პირველი სპარინგი მოიგო
09.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის დაიწყო მზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე, რომელიც 2026 წლის შემოდგომაზე აიღებს სტარტს, მეინ-რაუნდში ჯგუფის ვინაობას კი, მაისში გავიგებთ, რამდენიმე შეკრებას გაივლის. მათ შორის პირველი შეკრება და ასევე პირველი თამაში ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა დღეს, ოლიმპიურ სასახლეში ითამაშა.


ასათიანის გუნდის მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრები იყო, რომელთან დაპირისპირებაც დღეს, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში 04'48" წუთზე ვახტანგ ჯვარაშვილმა გახსნა. ძალიან მალე, 05'06" ჯანიკო გიორგაიამ ანგარიში ორამდე გაზარდა. პირველ ტაიმში ქართულ გუნდსაც ჰქონდა ანგარიშის გაზრდის საშუალება და აზერბაიჯანელთა სახიფათო დარტყმების მოგერიება ჩვენს მეკარეს ალი ასლანსაც მოუხდა. თუმცა, ალიმ ნიჰად ისმაილოვის დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა და ანგარიში ერთ ბურთამდე შემცირდა. 30'34" წუთზე, თოდუას გოლის შემდეგ, ორბურთიანი სტატუს-კვო აღსდგა. შეხვედრის მიწურულს,  38'40" წუთზე, ზედმეტი მოთამაშის გათამაშებისას სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი გაგვიტანეს. 38'51" წუთზე კი, ნიკოლოზ კურტანიძემ გაიტანა და ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შეხვედრა 4-2 დასრულდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ (იხილეთ ბმული).


„კარგია, რომ ახალ ციკლს, მოსამზადებელს მოგებით ვიწყებთ. ბიჭებისთვის, თავდაჯერებისთვის ძალიან კარგი იქნება. თამაშში ვცდილობდით რაღაც ახალი შემოგვეტანა, იმას რის გაკეთებასაც ვარჯიშების დროს ვცდილობდით. რაღაცეები გამოდის, რაღაც არ გამოგვივიდა. ძალიან კარგია, რომ კარგი პარტნიორი გვყავდა, ძალიან სწრაფი გუნდი იყო. რა თქმა უნდა ვიცოდით, დამუშავებული გვქონდა ეს ყველაფერი. არის კიდევ დეტალი, მომენტების რეალიზება ისეთი არ გვგქონდა, როგორც ჩვენ გვინდოდა, თორემ შესაძლოა სხვა ანგარიში ყოფილიყო. ასეთი ამხანაგური შეხვედრები სწორედ იმას ემსახურება, რომ რაღაც ახალი დავნერგოთ, ახალ ფეხბურთელებს შანსი მივცეთ. შემდეგ თამაშში, მინდა ის მოთამაშეები გამოვცადო ვისაც ნაკლები ჰქონდა. ოქტომბრამდე დიდი დროა, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ სწორი შემადგენლობა შეირჩეს და დავუბრუნდეთ იმ ფორმას, როგორითაც ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზეთ",  - ამბობს ავთანდილ ასათიანი მატჩის დასრულების შემდეგ.


სხვთა შორის დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 109-ე მატჩი ჩაატარა ირაკლი თოდუამ, რომელმაც საიუბილეო 30-ე გოლი გაიტანა.


„ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად შევიკრიბეთ. რთული თამაში გამოვიდა. აზერბაიჯანი საკმაოდ კარგი გუნდია. გოლით, რომ ნაკრებს დავეხმარე კარგია, მაგრამ გუნდური გამარჯვება უპირველესია", - ამბობს ჯანიკო გიორგაია.


„ვემზადებით მსოფლიო შესარჩევისთვის, რადგან გვინდა ნავსი გავტეხოთ და მსოფლიო ჩემპიონატზე მოვხვდეთ. ამისთვის მაქსიმალურს გავაკეთებთ", - ამბობს ვახტანგ ჯვარაშვილი.


საქართველოს და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 11 აპრილს, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება. ისევე, როგორც დღეს, მატჩზე დასწრება თავისუფალია.