დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა ბრაზილია დაამარცხა
დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა ბრაზილია დაამარცხა
08.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკმაოდ რთული გამოდგა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებისთვის მალტაში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო თასის II დივიზიონის ტურნირის მეორე შეხვედრა ბრაზილიის წინააღმდეგ. ალბათ, მსოფლიო სანაკრებო რეიტინგიდან გამოდინარე, სადაც ბრაზილიელები ტოპ ათეულში შედიან, ეს არც იყო გასაკვირი. თითქმის მთელი თამაში, მართალია ჩვენი გუნდის ერთბურთიანი უპირატესობით, თუმცა, თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ყოველ შემთხვევაში, ტექსტური „ცოცხალიდან" (იხილეთ ბმული), ვინაიდან მალტადან ვერ მოხერხდა მატჩის რეპორტაჟი, ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა. აქვე, ვიდრე მატჩის რამდენიმე დეტალს ჩავუღრმავდებით გეტყვით, რომ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში, 17-15 მოიგო (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი). პენალტები ზუსტად შეასრულეს სტეფან პიეშივაცმა, დუშან ვასიჩმა, ხვიჩა ჯახაიამ, ნიკა შუშიაშვილმა და ვატო დადვანმა. ერთი დარტყმა, როდესაც ანგარიში 16-15 იყო, ირაკლი რაზმაძემ მოიგერია - საბოლოოდ, პენალტების სერია, ჩვენს სასარგებლოდ 5-3 აღმოჩნდა, რამაც მოგება მოგვიტანა და ამას გარდა, სატურნირო ცხრილში ოდნავ წინ წაგვწია (იხილეთ ბმული, რომელიც განახლებადია).


ახლა, რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას. დავიწყოთ სპრინტებით, რომელიც მხოლოდ მეოთხე, ბოლო პერიოდში მოვიგეთ, კერძოდ, დუშან ვასიჩმა გააკეთა. მოვიგეთ პირველი ორი მეოთხედი (4-3, 2-1) და შესაბამისად, პირველი ტაიმი 6-4. ანგარიში პიეშივაცმა გახსნა, საბა ტყეშელაშვილმა ორ ბურთამდე გაზარდა სხვაობა, თუმცა, აი, აქედან ბრაზილიამ არ ამოგვასუნთქა - მიუხედავად ამისა, პერიოდის ბოლომდე, მეტ-ნაკლებად ორბურთიან ზღვარს ვინარჩუნებდით. ამ მონაკვეთში ჩვენებიდან გოლები ადნრია ბითაძემ და ხვიჩა ჯახაიამ გაიტანეს. თუმცა, პერიოდი მაინც ერთი ბურთით მოვიგეთ, 4-3.


მეორე მეოთხედში ხვიჩა ჯახაიამ დაიწყო გოლების ათვლა, თუმცა, მონაკვეთი, დიდ შესვენებამდე 43 წამით ადრე ანდრია ვლაჰოვიჩის გოლით მოვიგეთ, 2-1.


მესამე პერიოდის დაწყებიდან მალევე საბა ტყეშელაშვილმა ჯარიმების ლიმიტი ამოწურა და მას სკამზე გადაჯდომა მოუხდა. ამასობაში მეტობაში მყოფმა ბრაზილიელებმა კვლავ ერთ ბურთამდე შეამცირეს სხვაობა. ნიკა შუშიაშვილმა კვლავ აღადგინა ორბურთიანი სტატუს-კვო, 7-5. თუმცა, 01'19'' მოწინააღმდეგემ პირველად გაგვითანაბრა 7-7. ჩვენმა ნაკრებმა მოითხოვა ჩელენჯი, თუმცა, წააგო და ანგარიში უცვლელი დარჩა. მიუხედავად ამისა პიეშივაცის გოლის წყალობით, ბოლო პერიოდის წინ, მიუხედავად იმისა, რომ მესამე მონაკვეთი 2-3 წავაგეთ, საერთო ანგარიში 8-7 იყო საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.


ყველაზე რთული ჩვენი გუნდისთვის ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, სადაც მართალია, ანგარიში კვლავ ჩვენ გავხსენით - გოლი შუშიაშვილმა გაიტანა, თუმცა, პირველად ამ მონაკვეთში, ბრაზილიამ ორჯერ გაგვითანაბრა და შემდეგ დაწინაურება მოახერხა. ჩვენ კი, რამდენიმე წუთით, ჩვენ აღმოვჩნდით მდევრის როლში. ამ მონაკვეთში გოლები ჯახაიამ (10-9), დადვანმა (11-11) და ბესო ახვლედიანმა (12-11) გაიტანეს. თუმცა, ბოლო 58 წამი რომელიც ხუთ წუთამდე გაგრძელდა, ბოლო 15 წამში ჩვენი კარის აღებით დასრულდა. მეოთხე პერიოდი ბრაზილიელებმა 4-5 მოიგეს, თამაშის ძირითადი დრო კი, ფრედ, 12-12 დასრულდა.  


მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხვალ, 9 აპრილს, თბილისის დროით 15:00 საათზე, სლოვენიის წინააღმდეგ გამართავს. ამ შეხვედრის შემდეგ, პირველი ადგილისთვის ტურნირის საერთო სარეიტინგო ცხრილის საუკეთესო 16 ადგილოსანი ოლიმპიური სისტემით გააგრძელებს ასპარეზობას. შესაბამისად გათამაშდება ყველა ადგილი.