16-წლამდებმა მასპინძელ ბულგარეთთან პენალტების სერიაში წააგეს
16-წლამდებმა მასპინძელ ბულგარეთთან პენალტების სერიაში წააგეს
06.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები, ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, რომელში ასპარეზობასაც შემოდგომაზე ჩაერთვება. თუმცა, მანამდე გიორგი ჩიტაურის გუნდი ბულგარეთში მიმდინარე უეფა-ს განვითრების თასის ტურნირზე ასპარეზობს, სადაც ჩვენი ნაკრები გარდა, მასპინძელი ბულგარეთის კოსოვოსა და სამხრეთ აფრიკის ასაკობრივი ნაკრებები ასპარეზობენ.


დღეს, ჩვენმა გუნდმა ტურნირის მეორე შეხვედრა გამართა და მასპინძელ, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ჩიტაურის გუნდმა პირველი წუთებიდან ჩაიგდო უპირატესობა, ძირითადად მეტოქის ნახევარზე „დაბანაკდა" და მე-9 წუთზე თორნიკე კვარაცხელიამ, ბულგარელთა საჯარიმო ხაზთან ბურთი მოიპარა, რამდენიმე მეტოქეც მოატყუა, თუმცა, მის წინააღმდეგ წესები დაირღვა, მიუხედავად ამისა, სიმულაციისთვის, სწორედ უმცროს „კვარას" უჩვენეს ყვითელი ბარათი. ზუსტად ერთ წუთში, თორნიკემ მაინც გაიტანა - საჯარიმოში რამდენიმე ბულგარელის გარემოცვაში მყოფმა მშვიდად დაამუშავა და ზუსტად გადაგზავნა კარში. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა. ამის შემდეგ, დაახლოებით 10-15 წუთი, ჩვენმა ნაკრებმა თითქოს, დაუთმო ბურთი მეტოქეს და ბულგარელებიც შეეცადნენ შემოეტიათ, 21-ე წუთზე პენალტიც დაგვირტყეს, თუმცა, ბურთი ძელს მოხვდა და გოლი არ გავიდა. ტაიმის ბოლო, ისევ ქართული გუნდის იყო. ჩვენებმა, პირველი ტაიმის მსგავსად, მეტოქე მათსავე ნახევარზე პრესინგში მოაქციეს და რამდენიმე მომენტში საჯარიმოს მისადგომებთან ბურთიც მოპარეს. ერთ-ერთ ასეთ მომენტში „კვარამ" კიდევ ერთხელ მოიპარა და თანაგუნდელს გადააწოდა თუმცა, დარტყმამდე საქმე არ მივიდა. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთზე, ბულგარელთა მეკარემ შემოტანისას შეცდომა დაუშვა, კვარაცხელიამ ჩაჭრა გადაცემა და ნიკოლოზ სახვაძეს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი, 43-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაზარდა.


მეორე ტაიმი ბულგარელებმა აქტიურად დაიწყეს და 47-ე წუთზე ერთი გოლი გაგვიქვითეს. 57-ე მეკარემ გვიხსნა. რეალურად ამ ტაიმის ნახევარი ცოტა ქაოტური იყო, გარდამავალი და ორივე გუნდს ჰქონდა შანსი. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს მონაკვეთი, მასპინძელთა მცირე უპირატესობით წარიმართა. ჩვენ, 87-ე სტანდარტის შემდეგაც და ამავე სტანდარტის დამატებაზე მეკარემ შოთა მეტონიძემ ითამაშა კარგად. მეორე ტაიმში, ჩვენი გუნდიდან მას მოუწია გარჯა. თუმცა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე, მაინც გაგვიტანეს, ანგარიში გათანაბრდა 2-2 და ტურნირის დებულების მიხედვით, 11-მეტრიანები დაინიშნა, რომელიც სამწუხაროდ, 5-3 წავაგეთ (იხილეთ შემადგენლობა).


შეგახსენებთ, რომ ტურნირის სასტარტო მატჩში, ჩვენი ნაკრები სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდა და 0-3 (იხილეთ შემადგენლობა) გაიმარჯვა. იმ შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე ჯუმბერ დუმბაძემ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის 56-ე და 67-ე წუთებზე დუბლით ნიკოლოზ სახვაძემ გაიფორმა.


ტურნირის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 აპრილს, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს და მატჩი, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.


გიორგი ჩიტაურის გუნდი, ბულგარეთში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება - მეკარეები: ოთარ გურიელი („დინამო თბილისი"), შოთა მეტონიძე („ტორპედო", ქუთაისი), ნიკოლოზ თარაშვილი („ინტერის აკადემია", თბილისი); მცველები: ანდრია ფოცხვერია („ინტერის აკადემია", თბილისი), ნიკოლოზ თომაევი („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ კობზონაძე („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ უღრელიძე („იბერია 1999", თბილისი), ალექსანდრე ხარაზი („ინტერის აკადემია", თბილისი), დაჩი დგებუაძე („ინტერის აკადემია", თბილისი), რობი ფერიაშვილი („გლდანი", თბილისი), დემეტრე ჩხარტიშვილი („ინტერის აკადემია", თბილისი); ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი („ინტერის აკადემია", თბილისი), დავით მაჭარაშვილი („დინამო თბილისი"), ანდრია ოჩიგავა („დინამო თბილისი"), ერეკლე კაკულია („სელერო", თბილისი), დემეტრე ქურასბედიანი („დინამო თბილისი"), ჯუმბერ დუმბაძე („პორტუსი", ბათუმი), თორნიკე კვარაცხელია („დინამო თბილისი"), სანდრო  ბინიაშვილი („დინამო თბილისი"), გიორგი ანდღულაძე („ინტერის აკადემია"), ნიკოლოზ კოღუაშვილი („რეჯიანა", იტალია); ფორვარდები: ლევან ჭიკაიძე („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ სახვაძე („დინამო თბილისი").


რაც შეეხება 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევს, რომელშიც ჩვენი ნაკრები შემოდგომაზე, 11-17 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში ჩატარდება, სამგუნდიან ჯგუფში ყაზახეთისა და ავსტრიის ნაკრებებთან შეეცდება ურთიერთობის გარკვევას და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლას.


ფოტო: ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაცია