ოთარ კიტეიშვილი მინდორზე დაბრუნდა - ქართული ლეგიონი მორიგი საკლუბო დღე
ოთარ კიტეიშვილი მინდორზე დაბრუნდა - ქართული ლეგიონი მორიგი საკლუბო დღე
05.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ქართული ლეგიონიდან საკლუბო მატჩები კიდევ რამდენიმემ ითამაშა. ალბათ, მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გრაცის „შტურმის" შემადგენლობაში, შეცვლაზე შევიდა ოთარ კიტეიშვილი, რომელსაც სანაკრებო შესვენების დროს, ისრაელთან მატჩს მეორე ტაიმში მინდვრიდან გასვლა ტრავმის გამო მოუხდა. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით და დავიწყოთ, გერმანიის ბუნდესლიგა 2-ით.


ლუკა ლოჩოშვილი, გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში, ერთ-ერთ საიმედო მცველად ყალიბდება. ამასთან ქართველი არც გოლების გატანას ერიდება. მართალია, „ლოჩოს" დღეს არც გატანია და არც არავინ „უთრევია" გვარიანად, თუმცა, ქართველი ორივე გუნდში გამორჩეული იყო, თანაგუნდელ ფაბიო გრუბერისთან ერთად. „ნიურნბერგის" გასვლითი შეხვედრა კი, „ბრაუნშვაიგთან" ფრედ, 1-1 დასრულდა. 28-ე ტურის ამ მატჩში, ანგარიში, სტუმრებმა გახსნეს, მე-17 წუთზე რაბი ნზინგულას გოლით. მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე კი, მასპინძლებმა გაათანაბრეს. ამ მომენტიდან მალევე, 65-ე წუთზე „ლოჩოს" კარგი შანსი ჰქონდა თავით გაეტანა და საკუთარი გუნდი დაეწინაურებინა. ქართველს ამის მერეც ჰქონდა შანსი, თუმცა, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი 70-ე წუთი იყო, როდესაც ლუკამ, ცარიელი კარიდან ბურთი გამოიტანა და „ნიურნბერგი" გოლს გადაარჩინა. ამ ტურის შემდეგ, ქართველის გუნდს, 37 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. 


„კიტე" მინდორზე დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების ხერხემალმა, ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონშიფის ჯგუფის 25-ე ტურში, თანამემამულე და ნაკრებში თანაგუნდელი გიზი მამაგეიშვილი შეცვალა 73-ე წუთზე. ამ მომენტისთვის, ქართველების გრაცის „შტურმი" გასვლაზე, უკვე 0-2-ს უგებდა „რაპიდს". მატჩი, ამავე ანგარიშით დასრულდა. ამ ტურის შემდეგ კი, ქართველების გუნდს 26 ქულა აქვს და ჩემპიონშიფის ჯგუფს ლიდერობს.


საფრანგეთის ლიგა 1-ში „მეცმა"  საშინაო შეხვედრაში ვერ მოახერხა „ნანტის" დამარცხება. სამი გიორგის, წიტაიშვილის, აბუაშვილისა და ქვილითაიას გუნდმა, კი გაიტანა ორი გოლი თუმცა, ორივე შემთხვევაში VAR-მა თამაშგარეს მიზეზით გააუქმა. მეცელებმა ვერც რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს, რომელიც 39-ე წუთიდან მიეცათ. ამ დროიდან მოყოლებული მათ ერთი მოთამაშით მეტი ჰყავდათ მოედანზე. შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა. რაც შეეხებათ ქართველებს, სასტარტო შემადგენლობიდან ტრადიციულად „წიტამ" დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. 87-ე წუთზე შევიდა მოედანზე „აბუ". „ქვილითა" კი, სკამზე დარჩა. სხვთა შორის გოლის გატანის ერთი შანსი წიტაიშვილს ჰქონდა, მე-12 წუთზე, თუმცა, მეკარემ აუღო. 28 ტურის შემდეგ, „მეცი" უიმედოდ კვლავ ბოლო ადგილზეა.


ამ მატჩის პარალელურად იტალიის სერია B-ში „ფროზინონემ"  „პადოვას" უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. გიორგი კვერნაძემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ის, 74-ე წუთზე შეცვალეს. 33 ტურის შემდეგ, „კვერნას" „ფროზინონე" 68 ქულით მეორე ადგილზეა და ამ ეტაპზე ახლოა სერია A-ში გადმოსვლასთან.


ქართველი ლეგიონერების გუნდებიდან მომდევნო „საქმეში" სლოვაკეთის ნაიკის ლიგიაში მოასპარეზე  „ტრნავა" და „პოდბრეზოვა" ჩაერთნენ. ჩემპიონშიფის ჯგუფის  გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის „ტრნავამ", მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლი, სწორედ მათ კარში გავიდა, დამაჯერებელად, 4-1 დაამარცხა ლუკა სილაგაძის „პოდბრეზოვა". ორივე გუნდის ქართველებიდან, სასტარტოდან „მოისწრაფამ" დაიწყო, თუმცა, ის 57-ე წუთზე ხორხელმა შეცვალა. ამ ტურის შემდეგ, ტრნავას, მხოლოდ 43 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ ამ ცხრილის პირველი სამეულის გუნდებში ქართველები ასპარეზობენ.


უკრაინის პრემიერ ლიგაში „შახტარის" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 22-ე ტურის სრული შეხვედრა ჩაატარა ირაკლი აზაროვმა ლვოვის „რუხის" წინააღმდეგ. ქართველის გუნდმა 3-0 მოიგო ამჟამად, 50 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს „ლნზ ჩერქასთან", რომელთანაც მომდევნო ტურში 13 აპრილს უწევს დაპირისპირება.


ბულგარეთის პირველი ლიგაში ლაშა დვალის „ცსკა 1948"-მა გასვლით შეხვედრაში „ლუდოგორეცთან" 3-0 დამარცხდა. ქართველმა მცველმა სრული მატჩი ჩაატარა, თუმცა, ამ ჯერზე, გუნდს ვერ დაეხმარა. 28 ტურის შემდეგ, ქართველის გუნდს 53 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ „ლუდოგორეცთან" 6-ქულიანი ჩამორჩენა აქვს.


ხვალ და ზეგ ლეგიონის კალენდარი ასე გამოიყურება:

21:45 პორტუგალიის ლიგა / „აროუკა" - „ეშტორილი"

21:30 რუმინეთის სუპერლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფი / „უნივერსიტატია" - „კლუჟი"

23:00 ესპანური ლა ლიგა / „ხირონა" - „ვილიარეალი"

7 აპრილი

17:15  აზერბაიჯანის სუპერ ლიგა / „ზირა" - „შამახი"