6 ტურის შემდეგ, ჩემპიონატს დაუმარცხებლად „ნიკე-ლუსო“, გატანილი გოლებით კი, ნათია დანელია ლიდერობს
6 ტურის შემდეგ, ჩემპიონატს დაუმარცხებლად „ნიკე-ლუსო“, გატანილი გოლებით კი, ნათია დანელია ლიდერობს
05.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა ლიგა 23 აპრილამდე სანაკრებო შესვენებაზე გავიდა. თუმცა, მანამდე დღეს მე-6 ტური დასრულდა. რუსთავში, თბილისსა და გვიმბალაურში დღეს, ამ ტურის ბოლო სამი შეხვედრა გაიმართა. 6 ტურის შემდეგ, 10 გატანილი გოლით, ბომბარდირთა დავას, ნათია დანელია ლიდერობს.


რუსთავში სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში ქალთა ლიგის დებიუტანტი „თეთრიწყარო" საქართველოს ორგზის ჩემპიონ ქუთაისის „მართვეს" დაუპირისპირდა და ფრედ ითამაშა. შეხვედრაში ორი გოლი გავიდა. ანგარიში სტუმრებმა პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს, გოლი 42-ე წუთზე, მანონი საღარაძემ გაიტანა.  76-ე წუთზე, ქალთა ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა ლიზი რობაქიძემ და დებიუტანტ გუნდს ქულა გადაურჩინა.  შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.


ცამეტი უპასუხო გოლი გაიტანა ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ნიკე-ლუსომ" თბილისში, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში „რაჭა 2020"-ის კარში. შეხვედრა, საწყისი წუთიდან საფინალო სასტვენამდე, მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. თბილისელებმა, პირველი ტაიმი 7-0, ხოლო მეორე 6-0 მოიგეს. ალბათ, ამ დაპირისპირების ერთ-ერთი ინტრიგა საქართველოს 2025 წლის ბომბარდირი ქალი, კესო მეტონიძე იყო, რომელიც ამ სეზონში „რაჭა 2020"-დან სწორედ, „ნიკე-ლუსოში" გადმობარგდა. კესომ დღეს ჰეთ-თრიქი (17', 20', 48') შეასრულა. კიდევ ერთი ჰეთ-თრიქი სოლანჟე კარვალიაშს (7', 27, 37) ეკუთვნის, რომელმაც ამ შეხვედრაში გოლების ათვლა დაიწყო და სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. შედარებით მოკრძალებული შედეგი ჰქონდა ტაისინიას (12', 68'), რომელიც დუბლით შემოიფარგლა, ირინა ხაბურზანია კი, მე-9 წუთზე გატანილი გოლით. დღევანდელი მატჩის ტრიუმფატორი კი,  ჩინონიერემ მაკლინსი (56', 65', ) გახდა, რომელიც პოკერი შეასრულა. საბოლოოდ, „ნიკე-ლუსომ" 13-0 მოიგო და კვლავ დაუმარცხებლად ლიდერობს გათამაშებას.


ტურის ცენტრალური შეხვედრა კი,  გვიმბალაურში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრში გაიმართა. „ლანჩხუთმა" „ბათუმს" უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მატჩამდე, ეს ორი გუნდი, თითო მარცხითა და თანაბარი ქულებით, სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს იყოფდნენ. შესაბამისად, დღევანდელ დაპირისპირებას, არა მხოლოდ კონკრეტულ მატჩში, არამედ, სეზონში მედლებისთვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველობა ახალი დაწყებულია. საკმაოდ დაძაბულ პირველ ტაიმში, რომელშიც უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, გოლი, ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში პენალტით გავიდა - კამარგომ, რომელსაც 22-ე წუთზეც გქონდა ანგარიშის გახსნის საშუალება, რომ არა ბათუმელთა ამერიკელი მეკარე, ამჯერად, 11-მეტრიანი გაიტანა. მანვე, მეორე ტაიმის სტარტზე დუბლი გაიფორმა. სხვათა შორის, პირველ ტაიმში, სწრაფი გოლის გატანის შანსი ჰქონდა ნინო ბუხრიკიძეს, რომელმაც საბოლოოდ, ამ შეხვედრაში მაინც გაიტანა, 86-ე წუთზე ნათია დანელიას ზუსტი გადაცემის შემდეგ და თამაშში, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თუმცა, მანამდე, თავად დანელიამ (50') გაიტანა, რომელმაც კარგი მეორე ტაიმი ჩაატარა და რეალურად, გუნდის ლიდერის ფუნქცია იკისრა. აღსანიშნავია, რომ ბათუმელებს, მეტოქე თითქმის არ შეუწუხებიათ, მათ რიგებში კი, ალბათ, გაშვებული გოლების მიუხედავად, მაინც გუნდის კარის მცველს, ოლივია როუის გამოვარჩევდით. შეხვედრა კი, 4-0 „ლანჩხუთის" გამარჯვებით დასრულდა. ამ მოგებით, გურულებმა სატურნირო ცხრილში, მინიმუმ ჩემპიონატის განახლებამდე, მეორე ადგილზე გაიმყარეს პოზიცია.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 აპრილს, ამ ტურის ორი მატჩი გაიმართა, იხილეთ ბმული.