
დღეს სლოვაკეთში, წყალბურთში საერთაშორისო ტურნირი Danube Cup-ის მეორე საასპარეზო დღე იყო. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, რომელიც აღნიშნულ ტურნირს, მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის თამაშებისთვის მოსამზადებლად იყენებს, ამჯერად, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-12 პოზიციაზეა, ჩვენ შეგახსენებთ, მე-20-ზე და 8 ბურთიანი სხვაობით, 17-9 (იხილეთ მატჩის ტექსტური ჩანაწერი) გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ, ჩვენ მდევრის როლში ვიყავით, რამეთუ საწყისი მონაკვეთი 3-4 წავაგეთ. ანგარიში ავსტრალიელებმა გახსნეს, თუმცა, ბესო ახვლედიანმა რამდენიმე წამში აღადგინა წონასწორობა, ანდრია ბითაძის გოლით კი, დავწინაურდით. თუმცა, ახლა მეტოქემ გაგვითანაბრა და შემდეგ, წინ გავიდა. პირველი პერიოდის ბოლო წუთზე დუშან ვასიჩმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა და თითქოს, ეს მონაკვეთიც ფრედ, 3-3 უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ავსტრალიელებმა ბოლო წამზე (!) გაგვიტანეს და მეოთხედი მოიგეს. სხვათა შორის, გუშინაც იყო მსგავსი ლაფსუსი.
მეორე პერიოდი მშრალი ანგარიშით, 4-0 მოვიგეთ - გოლები ნიკა შუშიაშვილმა, საბა ტყეშელაშვილმა, ლუკა ჩიქოვანმა და დუშან ვასიჩმა გაიტანეს. რეალურად, სწორედ ეს მონაკვეთი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში გარდამტეხი. პირველი ტაიმის შემდეგ, ჩვენი ნაკრები 7-4-ს იგებდა.
მოვიგეთ მესამე მეოთხედით 4-3. აქ გოლები ვაკო დადვანმა, ლუკა ჩიქოვანმა, ბესო ახვლედიანმა და საბა ტყეშელაშვილმა გაიტანეს. გადამწყვეტი მონაკვეთის წინ ანგარიში 11-7 იყო, საქართველოს ნაკრები ოთხი ბურთით ლიდერობდა. მოწინააღმდეგემ თამაშის გადარჩენა ბოლო მეოთხედში სცადა, როდესაც ველიკო ტანკოვიჩისა და ნიკა შუშიაშვილის ორ გოლს, სამით უპასუხა და სხვაობა ერთი გოლით შეამცირა, თუმცა, ეს იყო და ეს - ამის შემდეგ ავსტრალიას გოლი აღარ გაუტანია. ქართველთა გუნდიდან კი, ანგარიში ხვიჩა ჯახაიას დუბლით, ტანკოვიჩის, დუშან ვასიჩის გოლებით კიდევ გაიზარდა და საბოლოოდ, მონაკვეთი 6-2, თამაში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 17-11 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტურნირის პირველ სათამაშო დღეს ავსტრალიამ სლოვაკეთი 15-21 დაამარცხა. ჩვენ კი, კანადას 11-17 მოვუგეთ. ამრიგად ორი სათამაშო დღის შემდეგ, ოთხთა ტურნირს ორი მოგებით, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ლიდერობს.
ჩვენი ნაკრები, ბოლო შეხვედრას ხვალ, ბოლო შეხვედრას 5 აპრილი, თბილისის დროით 13:45 საათზე სლოვაკეთს დაუპირისპირდება. აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთი მსოფლიო რეიტინგში 22-ე ადგილზეა და DANUBE CUP 2026-ზე ჯერ შეხვედრა არ აქვს მოგებული. იმ შემთხვევაში, თუკი ხვალ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს, ის სამი მოგებით, ტურნირის გამარჯვებული გახდება.
DANUBE CUP 2026-ის სატურნირო ცხრილი (რომელიც განახლებადია) შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ფოტო: © Slovakia Water Polo





ჩვენ








