„ნიკე-ლუსო“ ლიდერია, თუმცა, ამ ტურში მათ კარშიც გაიტანეს
„ნიკე-ლუსო“ ლიდერია, თუმცა, ამ ტურში მათ კარშიც გაიტანეს
01.04.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა ლიგის მესამე გადადებული ტური უხვგოლიანი გამოდგა - საერთო ჯამში, ხუთ შეხვედრაში 23 გოლი გავიდა. მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი გაუტანეს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს „ნიკე-ლუსოს", თუმცა, ჩემპიონი კვლავ, მაქსიმალური ქულებით აგრძელებს ლიდერობას.


გადადებულ მესამე ტურში, სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში „კვარტალმა" „ნიკე-ლუსოს" უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში სტუმრები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, „კვარტალმა", რომელიც წინა სეზონთან შედარებით შეცვლილია, მრისხანე მეტოქეს ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია და როგორც უკვე გითხარით, ერთ გოლიც გაუტანა. ის, მე-40 წუთზე ანანო მიქაბერიძის ანგარიშზე. თუმცა, ამ დროისთვის, სტუმრები არინა სიტნიკოვასა (11') და ირინა ხაბურზანიას (26') გოლებით უკვე ორი ბურთით იყვნენ წინ. აქ, ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღეს „ნიკე-ლუსოს" კარს არ იცავდა თათია გაბუნია, რომელსაც 2026 წლის სეზონში ოთხი მშრალი მატჩი აქვს. სტუმართა კარში ალბინა ფომჩენკო იდგა. რადგან მეკარეებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, აუცილებლად აღნიშვნის ღირსია ლიკა ცუხურკაიძე, რომლის კარგმა თამაშმა და რამდენიმე „სეივმა", „კვარტალი" 81-ე წუთამდე ბრძოლაში დატოვა. 81-ე წუთზე კი, სოლანჟე კარვალიაშმა პენალტით სხვაობა კვლავ ორ ბურთამდე გაზარდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს - თეკლა ბერიძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, „ნიკე-ლუსომ" კი, 1-4 მოიგო. 


ოთხი გოლი გაიტანა „ლანჩხუთმაც", რომელიც სატურნირო ცხრილში ამ ეტაპზე მეორე საფეხურს იკავებს. ქვეყნის ტიტულოვანმა გუნდმა,  გვიმბალაურში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრში, გათამაშების დებიუტანტ „თეთრიწყაროს" უმასპინძლა და მშრალი ანგარიშით 4-0 დაამარცხა. პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები გაბრიელა კამარგოს დუბლისა (17', 29') და ნათია დანელიას (36') გოლებით, სამბურთიანი სხვაობით იგებდა. მატჩის საბოლოო ანგარიშიც, ნათია დანელიას (50') ანგარიშზეა, რომელსაც 5 ტურის შემდეგ, აქტივში უკვე 9 გოლი აქვს. „ლანჩხუთი" სატურნირო ცხრილში, 12 ქულით მეორე ადგილზეა


მორიგი შეხვედრა მოიგო „ბათუმმა", რომელმაც ქუთაისის მართვეს უმასპინძლა. ლეონიძის საფეხბურთო ცენტრში აჭარულმა კლუბმა ქუთაისის „მართვეს" უმასპინძლა, ანგარიში კი, მე-17 წუთზე სტუმართა ავტოგოლით გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელები მთელი თამაში აკონტროლებდნენ ბურთს, კარში დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა, ქუთაისელები კი, ძირითადად საკუთარ ნახევარზე იბრძოდნენ ბურთის მოსაპოვებლად. მე-60 წუთზე, ქეთევან ჭურკვეიძემ გაიტანა, რაც ამ შეხვედრაში ბოლო გამოდგა. „ბათუმმა" 2-0 მოიგო და სატურნირო ცხრილში, მესამე ადგილზეა 12 ქულით.


ცხრილის მე-4 საფეხურზეა „ვერე". თბილისურმა კლუბმა, დღეს, გასვლაზე ამბროლაურში აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე „რაჭა 2020" დიდი ანგარიშით 0-6 დაამარცხა. შეხვედრა მასპინძელთათვის მოულოდნელად, მე-6 წუთზე გაძევებით დაიწყო. ბუნებრივია, 10 ფეხბურთელით დარჩენილ რაჭულ გუნდს, რომელსაც წელს ჯერ-ჯერობით არ გამოსდის ქულის აღებაც კი, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა, პირველი გოლი მხოლოდ 41-ე წუთზე გაუშვა. 49-ე წუთზე ალბინა პარუშიჩის ანგარიშზე უკვე დუბლი იყო. 55-ე წუთზე კი, ალბინამ ჰეთ-თრიქიც გაიფორმა. კიდევ სამი გოლი, თბილისელებმა ტაიმის მიწურულს, ათწუთიან მონაკვეთში გაიტანეს. 78-ე და 84-ე წუთებზე სესილი გაბრელიანმა გაიფორმა დუბლი, 88-ე წუთზე კი, ნინი ბერიძემ გაიტანა.


თბილისში, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ელიტამ" სოხუმის „დინამოს" უმასპინძ₾ა და 1-5 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში მე-14 წუთზე მარიამ ფართლაძის გოლით „ელიტამ" გახსნა, მასპინძლებმა მეტის გატანა ვეღარ მოახერხეს. სამაგიეროდ, პირველი ტაიმი, მაია დანგაძის (28') გოლით გადაარჩინეს. 49-ე წუთზე კი, ვიკა კუპრეიშვილმა სტუმრები დააწინაურა. ამის შემდეგ კარტბლანში ლიზი კაკულიას ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი (60', 85', 90') შეასრულა და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.


ქალთა ლიგის მომდევნო, მე-6 ტური 5 აპრილს არის ჩანიშნული. ამის შემდეგ, შეგახსენებთ, რომ ქალთა ლიგაში სანაკრებო შესვენება გამოცხადდება 23 აპრილამდე.