
ხვალ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2027 წლის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი, ამჯერად მალტას ნაკრებს დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ნაკრებმა გათამაშების მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის შანსი დაკარგა, ხვალინდელ შეხვედრას, ისევე, როგორც ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ მატჩს, დიდი მნიშვნელობა აქვს - უპირველესად, გუნდისა და ამ გუნდში მოთამაშე თითოეული ფეხბურთელის ხასიათის ჩამოსაყალიბებლად. ასე, რომ ბრძოლას აქვს აზრი და დარჩენილი თამაშები ბრძოლად ღირს.
„ხვალინდელი თამაშისგან ველი, რომ ჩემი გუნდი იქნება ბევრად აგრესიული, ბევრად კონცენტრირებული. არ იქნება ის ხარვეზები, რომლებიც გვგქონდა ლატვიასთან თამაშში. ასევე, ველი და ვეცდებით, იმ პოზიტივის გამოყენებას, რომელიც გვქონდა უკვე გაშვებული გოლის შემდეგ მეორე ტაიმში ლატვიასთან. მართალია, ძალიან ბევრს ჰქონია, რომ მარტივია ის ყველაფერი, რაც მეორე ტაიმში ხდებოდა, თუმცა, ძლიან კარგად ვიცით, თუ რა ძნელია 10 ფეხბურთელით დარჩენილი გუნდით თამაშის გადარჩენა. არა მარტო გადარჩენა, თამაშის ხარისხზეც მაქვს საუბარი. დომინაცია, რაც იყო, გაგრძელდა, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ის შეცდომები, რომლებიც ლატვიის ნაკრებთან დავუშვით, უნდა გამოსწორდეს. ამიტომ, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდით, როგორ აღდგენას, ამ სამი დღის განმავლობაში, ასევე, იმ ხარვეზებზე მუშაობას, განსაკუთრებით დამაგვირგვინებელ ფაზაში. ამაზე გვგქონდა საუბარი, ვარჯიშზეც შევეხეთ ამ ყველაფერს და იმედი მაქვს, ხვალ გამოსწორებული იქნება.
სამწუხაროდ დანაკლისებს ისევ ვერ ავცდით, ტრავმის გამო ბუკია დაგვაკლდება, დისკვალიფიკაციის გამო გვასალია და ტაბატაძე. თუმცა, შეკრებაზე არიან ფეხბურთელები, რომლებიც მიიღებენ შანსს და უნდა ეცადონ, ეს შანსი გამოიყენონ", - ამბობს რამაზ სვანაძე, 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ ლატვიასთან მატჩში, ქართულ გუნდს პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი გვასალია გაუძევეს, კვიპროსელი მსაჯის სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილების გამო. შესაბამისად, ჩვენს კაცნაკლულ ახალგაზრდულს, მეორე ტაიმში ლატვიასთან ერთად, მსაჯთა კორპუსისთვისაც დასჭირდა გამკლავება. იმედია, მალტასთან შეხვედრაში, გიბრალტარელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება სეს გალიას ხელმძღვანელობით.
„სამწუხაროა, რომ ლატვიასთან ისე არ დასრულდა ყველაფერი, როგორც ჩვენ გვსურდა. 10 კაცით დავრჩით, წითელი ბარათი მივიღეთ. ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რომ ყველაფერი ისე არ დასრულდა, როგორც გვსურდა. რაც შეეხება მალტასთან შეხვედრას, აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 3 ქულა ავიღოთ და ჩვენს სასიკეთოდ დასრულდეს ეს შეკრება," - ამბობს ლუკა პარკაძე
„წინა თამაში ვნახეთ, განვიხილეთ ჩვენი ცუდი მომენტები, ასევე დადებითიც. თითოეული ფეხბურთელი ხვალინდელი მატჩისთვის მზად არის 100%-ით. ასევე განვიხილეთ მალტას დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ, მაქსიმალურად ვეცდებით რომ გულშემატკივარს სანახაობა მოვუწყოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ," - ამბობს ნიკოლოზ დადიანი.
და ბოლოს, გეტყვით, რომ აღნიშნულ საკვალიფიკაციო ციკლში, საქართველოს ნაკრებს 6 მატჩი აქვს გამართული საიდანაც ერთ აქვს მოგებული, სამი ფრედ დასრულებულ და ორიც წაგებული. შესაბამისად, სვანაძის გუნდს, 6 ქულა აქვს და ჯერ-ჯერობით მე-4 ადგილზეა.
აქვე გეტყვით, რომ ხვალინდელი შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.





ჩვენ








