დადებითთან ერთად, ბევრი ასპექტი გამოსასწორებელია
დადებითთან ერთად, ბევრი ასპექტი გამოსასწორებელია
29.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მარტის სანაკრებო შეკრების დასრულების შემდეგ, ვილი სანიოლმა ორი თამაში კაინასში შეაჯამა.


"ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, გამარჯვება ლოგიკური იყო. დღევანდელი შეხვედრის გათვალისწინებით, ისრაელთან 2-2 კიდევ უფრო საინტერესო ხდება.


ვფიქრობ, მარტში რამდენიმე კარგი რამ ვაჩვენეთ. მაგრამ ისიც ვიცით, რომ გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრია, თუ გვინდა, რომ შემოდგომაზე ერთა ლიგის მატჩები მაღალ დონეზე ჩავატაროთ. ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვის არის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი შესაძლებლობები შეტევაში, დაცვაში და გუნდურ თამაშის მხრივ.


მეორე ტაიმში ძალიან მომეწონა კვარაცხელიას თამაში. ის იყო ნამდვილი კაპიტანი და ლიდერი. ვფიქრობ, გუნდმაც ბევრი დადებითი მიიღო მისი ასეთი თამაშით. ძალიან პოზიტიურია, როდესაც კვარაცხელია, მიქაუტაძე და სხვა ფეხბურთელები, რომლებიც დიდ ევროპულ კლუბებში თამაშობენ, ლიდერობას საკუთარ თავზე იღებენ. ეს ნიშნავს, რომ გუნდში კარგი გარემოა და ფეხბურთელებს გუნდურად მუშაობის სურვილი აქვთ.


მარტში ჩატარებული ორი მატჩიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა. მაგრამ ვიცით, რომ თამაშის გარკვეული ასპექტები ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია".


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მარტში ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველში, 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხზე ისრაელის ნაკრებთან ფრედ 2-2 ითამაშა. ამ შეხვედრაში დუბლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიფორმა. მეორე თამაში კი, ჩვენს გუნდს დღეს, 29 მარტს კაუნასში ჰქონდა, სადაც გიორგი მიქაუტაძის დუბლით, 0-2 გაიმარჯვა. უეფა-ს ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონამდე, ვილი სანიოლის გაწვრთნილი ნაკრებს კიდევ ექნება ამხანაგური სპარინგები. სფფ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო მატჩს ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში გამართავს და 2 ივნისს, თბილისში,  რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.