
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს კაუნასში ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩის წინ მასპინძელ „დარიუსისა და გირენასის" სტადიონზე ივარჯიშა, ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი, მასპინძლე და ქართულ მედიას შეხვდა. ვილი სანიოლი არ გამორიცხავს, რომ ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული თბილისური მატჩისგან განსხვავებით, ხვალინდელ თამაშში ცვლილებები იქნება.
„მარტისა და ივნისის ამხანაგური მატჩები შესაძლებლობაა, ვნახოთ სხვადასხვა ფეხბურთელი, მათ შორის, განსხვავებულ პოზიციებზე. მაგალითად, როგორც ეს გიზი მამაგეიშვილის შემთხვევაში იყო, რომელმაც ისრაელთან მარჯვენა ფლანგზე ითამაშა. ხვალ მეორე მატჩი გვაქვს და ახალი ენერგია გვჭირდება. შესაბამისად, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება", - ამბობს ვილი სანიოლი.
ცვლილება, თუნდაც იმის გამო იქნება, რომ ტრავმის გამო, საქართველოს ნაკრებს არ ეყოლება ოთარ კიტეიშვილი. ფეხბურთელი გემახსოვრებათ, ისრაელთან მატჩში შეცვალეს. მოგვიანებით, ვილი სანიოლიმ აღნიშნა, რომ „კიტე" კუნთში დაჭიმულობის გამო შეცვალეს. მომდევნო დღეს კი, ფეხბურთელი გუნდს ბალტიისპირეთში არ გაჰყვა. ამას გარდა, როგორ ჩანს, სანიოლი მარტის მეორე შეხვედრაში იმ ფეხბურთელების დატვირთვას აპირებს, ვისაც პირველ სპარინგში სათამაშო დრო არ მისცემია.
დანაკლისით ითამაშებს ლიეტუვას ნაკრები. ამის შესახებ, ჩვენი ხვალინდელი მოწინააღმდეგის მთავარმა მწვრთნელმა ედგარას იანკაუსკასმა განაცხადა. ხვალინდელ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს ტომაშ კალინაუსკასიც, რომელმაც მოლდოვასთან, ორი დღის წინ გამართული სპარინგის დროს, კიტეიშვილის მსგავსად, კუნთის ტრავმა მიიღო, სხვა ყველა დანარჩენი ხვალინდელი მატჩისთვის მზად იქნებაო. ანალიზის საფუძველზე ჩვენმა ხვალინდელმა მოწინააღმდეგემ დაასკვნა, რომ მოლდოვასთან თამაში იმაზე ბევრად უკეთესი იყო ვიდრე, ამას მოელოდნენ და ჩანდა. ილაპარაკა ხვალინდელ მეტოქეზეც.
„საქართველოს ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ ამავე დროს შევამჩნიეთ, რომ არც დაუმარცხებელია. ისრაელმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, თამაშის ბოლოს კი, მათ ჰქონდათ დაწინაურების შანსიც. ჩვენ გვახსოვს კაუნასში, ჩვენი თამაში ისრაელის წინააღმდეგ, სადაც გვქონდა პერიოდები, როდესაც ვფლობდით ბურთს, მოვახერხეთ მათ წინააღმდეგ თამაში, ვქმნიდით საგოლე სიტუაციებს. საქართველო ძლიერი გუნდია, რომელსაც ამავდროულად ჰყავს ერთი ფენომენალური მოთამაშე, რომელიც იცის მთელმა მსოფლიომ, მათ საკმაოდ ტექნიკური და კარგი გუნდი ჰყავთ. თუმცა, არაფრით არ მინდა მათი აღმატებით ხარისხში მოხსენიება, რადგან ვხედავთ, რომ ეს არის გუნდი, რომელიც უშვებს გოლებს და აქვს სუსტი ადგილები. ჩვენ უნდა ყველანაირად ვეცადოთ, რომ მათი სისუსტეები მოვძებნოთ, მაგრამ ეს უკვე ჩვენი გასაკეთებელია. ვიმედოვნებთ, ხვალ, მათი კარისკენ გზებს ვიპოვით", - ამბობს ედგარას იანკაუსკასი.
ბუნებრივია, საქართველოს კარისკენ გზებს, ხვალ ლიეტუვას და მომავალში სხვა ნაკრებებიც შეეცდებიან მოძებნონ, თუმცა, საქართველოს ნაკრების კარში იდგება გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ამხანაგური თამაშები გუნდს ტაქტიკურის გარდა, მენტალურად დახვეწაში მიეხმარება:
„რთული მატჩი გველის. გასვლაზე თამაში მარტივი არასდროს არის. ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, რომ ერთად გამოვასწოროთ ჩვენი თამაში. ეს ამხანაგური მატჩები კარგი შესაძლებლობაა კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი თამაში როგორც ტაქტიკურად, ისე მენტალურად და ფიზიკურად. შედარებით ახალგაზრდა გუნდი ვართ, ვიდრე ვიყავით და უფრო მეტად უნდა გავუგოთ ერთმანეთს, უკეთ შევთამაშდეთ. ამ მატჩებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სექტემბერს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ," - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.
მოწინააღმდეგე გუნდის მთავარი მწვრთნელი რამდენჯერმე აღნიშნავს, რომ გამარჯვების შემდეგ გუნდში კარგი ემოციაა, რომლის შენარჩუნებასაც მისი გუნდი, ხვალინდელ შეხვედრაში აუცილებლად შეეცდება. სწორედ, მოლდოვასთან მოგებული თამაშიდან გამომდინარე ლიეტუვას ნაკრების მთავარ მწვრთნელს იმედი აქვს, რომ მისი გუნდის საკმაოდ სერიოზული მეტოქის წინააღმდეგ, სეროზულ ბრძოლაში შეეცდება განწყობის შენარჩუნებას.
„ლიეტუვის ნაკრებს ხანგრძლივი მოუგებელი სერია ჰქონდა, ორი დღის წინ კი მოლდოვა დაამარცხა, რაც გუნდის თავდაჯერებაზე დადებითად აისახება. სწორედ ამიტომ, რთულ თამაშს ველით. სტუმრად ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, მეტოქე საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ყველაფერს გააკეთებს კარგი თამაშის ჩასატარებლად. თუმცა, ეს ჩვენთვისაც კარგია, რადგან მეტოქის მონდომება მოულოდნელობა არ იქნება. ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ მოსაგებად ასი პროცენტი უნდა გაიღონ", - ამბობს ვილი სანიოლი.
და ბოლოს თემა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს. მიეცემა თუ არა სათამაშო დრო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც საბა გოგლიჩიძისგან განსხვავებით, ლიეტუვაში, ეროვნულ ნაკრებთან ერთად არის.
„ჩაკვეტაძე უკვე ერთი წელია, სომხეთთან მატჩის შემდეგ გვაკლია. ის დიდი ძალაა ჩვენთვის. გიორგი ისრაელთან მატჩის წინ დაგვიბრუნდა, თუმცა მცირე პრობლემების გამო არ უთამაშია. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში დაგვეხმარება", - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ნაკრები 29 მარტს, მარტის საწვრთნელი პროცესის ფარგლებში, მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ლიეტუვის წინააღმდეგ. თამაში, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ფოტო: სფფ / გურამ გაბრიჭიძე





ჩვენ








