
მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობით, ნიკა ეგაძემ 2025-2026 წლების სეზონი დაასრულა. ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ, რომელმაც წლის ბოლო ტურნირზე მოკლე პროგრამა, ალბათ, არ ეწყინება ნიკას თუ ვიტყვით, რომ ჩააგდო (ქართველმა საკუთარი პიროვნებისადმი თამასა იმდენად მაღლა აწია, რომ მადიანი ქართველები მისგან უფრო მეტს და მეტს ველით), დღეს ყინულზე სრულიად მობილიზებული, კონცენტრირებული და შემართებული გამოვიდა. გრძელი და დამღლელი სეზონის შემდეგ, ბუნებრივია, აქაც იყო მცირე ხარვეზები, თუმცა, ეგაძემ 169.78 (94.72/75.06) ქულა დააგროვა და თავისუფალი პროგრამა მე-7 შედეგით (ევროპის კონტინენტიდან მესამე შედეგი) დაასრულა. თუმცა, ორი პროგრამის ჯამში, ქართველი 248.62 ქულით, მხოლოდ, მე-11 ადგილს დასჯერდა.
„ვეცადე ვყოფილიყავი მშვიდად და ასპარეზობისას არ მენერვიულა. მოკლე პროგრამამ ვერ მოახდინა გავლენა სამზადისზე და დღევანდელ გამოსვლაზე. ჩემით არ ვარ კმაყოფილი, რადგან ყველაფერი ბევრად უკეთესად შემეძლო გამეკეთებინა. მთავარი გაკვეთილი, რაც ამ სეზონში ავითვისე ისაა, რომ საკუთარ თავს უნდა ვუსმინო. მომავალ სეზონთან დაკავშირებით, ჯერ არანირი იდეა არ მაქვს. წლევანდელ სეზონში კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ოლიმპიური თამაშები იყო, რადგან ის იყო ჩემი პირველი ოლიმპიადა", - ამბობს ნიკა ეგაძე „გოლდენ სქეითისთვის" გაკეთებულ კომენტარში ასპარეზობის დასრულების შემდეგ.
მსოფლიო ჩემპიონი კი ილია მალინინი გახდა ორი პროგრამის ჯამში 329.40 ქულით, აშშ-დან.
შეგახსენებთ, რომ პრაღაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2025-2026 წლების ფინალური აკორდია, ვერცხლის მედლები ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავა მოიპოვეს. ქალთა შორის, მე-10 ადგილით დაასრულა სეზონი ანასტასია გუბანოვამ. ჩვენი გუნდიდან სულ ბოლოს კი, დღეს გვიან სპორტულ ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი იასპარეზებენ, რომლებიც რიტმული ცეკვების შემდეგ, მე-10 ადგილზე არიან.





ჩვენ








