მინუს ორი ფეხბურთელით, ქართველთა გუნდი კაუნასშია
მინუს ორი ფეხბურთელით, ქართველთა გუნდი კაუნასშია
28.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს შუადღეს ლიეტუვაში გაემგზავრა და ამ მომენტისთვის უკვე კაუნასში არის დაბინავებული. ვილი სანიოლის გუნდი მარტის მეორე ამხანაგური შეხვედრის სათამაშოდ, შეთხელებული შემადგენლობით გაემგზავრა. გუნდს, „უოტფორდის" ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე და გრაცის „შტურმისა" და ჩვენი ნაკრების ხერხემალი ოთარ კიტეიშვილი გამოაკლდნენ. თუკი, გოგლიჩიძე მთელი თბილისური შეკრება ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და ამის მიზეზი მცირე ტრავმა იყო, ოთარ კიტეიშვილი მეორე ტაიმში კუნთის ტრავმის გამო შეცვალეს. გუშინ მატჩის შემდეგ, ვილი სანიოლმა „კიტეს" ტრავმის ხარისხზე კონკრეტული ვერაფერი თქვა, თუმცა, როგორც ჩანს, კიტეიშვილის ჯანმრთელობით, გუნდმა არ გარისკა და მეორე თამაშის გასამართად, მის გარეშე გაემგზავრა.


რთული სათქმელია მისცემს თუ არა ლიეტუვასთან მატჩში სათამაშო დროს, ქართველთა თავკაცი გიორგი ჩაკვეტაძეს, თუმცა, „ჩაკვე" გუნდთან ერთად, „Air Baltic"-ის კუთვნილი ბორტით, ჩარტერული რეისით ბალტიისპირეთში გაემგზავრა. ამგვარად, მარტის მეორე მატჩისთვის, სანიოლის განკარგულებაში 22 ფეხბურთელი დარჩა:


მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („ატრომიტოსი", საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა", გორი);  მცველები: ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი", გერმანია), ლაშა დვალი („ცსკა 1948", ბულგარეთი), ივა გელაშვილი („პანსერაიკოსი", საბერძნეთი), ლუკა გადრანი („ბეითარი", ისრაელი), ილია ბერიაშვილი („მტკ ბუდაპეშტი", უნგრეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი", გერმანია), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა); ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა", რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო", ქუთაისი), გიზი მამაგეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი", საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი გულიაშვილი („რასინგი", ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი).


სფფ-ის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, თბილისის დროით 20:00  მომავალი ასპარეზობის მოედანზე ივარჯიშებს. მანამდე კი, იმავე სივრცეში, ვილი სანიოლის პრეს-კონფერენცია არის დაგეგმილი.