ანასტასიამ და ლუკამ სეზონი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლით დახურეს
ანასტასიამ და ლუკამ სეზონი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლით დახურეს
27.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები არიან. დღეს, პრაღაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ფიგურულ ციგურაობაში ქართულმა წყვილმა, რომელმაც 2025-2026 წლების სეზონის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო, შემდეგ, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვერცხლს დაეუფლა, ამჯერად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.


მოკლე პროგრამის შემდეგ, ანასტასია და ლუკა, წლევანდელი სეზონის უშუალო კონკურენტებთან, გერმანულ წყვილთან, მინერვა ფაბიენე ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინთან, მხოლოდ 0.33 ქულით აგებდნენ. თუმცა, სხვაობა იმდენად მცირე იყო, რომ უფროსებში დებიუტანტ წყვილს, თანაც სეზონის ბოლოს ნერვიულობა ემჩნეოდა. რეალურად, ანასტასიამ და ლუკამ, მთელი პროგრამა სუფთად შეასრულეს თუ არ ჩავთვლით, ნახტომისგან შემდგარ ბოლო ელემენტს - გადაგდებას, სადაც ანასტასია დაეცა და ამის გამო, წყვილმა საკმაოდ ბევრი ქულა დაკარგა. თავისუფალ პროგრამაში ჩვენმა წყვილმა 138.96 (70.17/69.79) დაიმსახურა, რაც ანასტასიას და ლუკას სეზონის საუკეთესო მაჩვენებელს ბევრად ჩამოუვარდებოდა და ოქროს მედლისთვის მებრძოლი წყვილიც, თავისუფალ პროგრამაში მე-4 ადგილზე აღმოჩნდა, თუმცა, ორი პროგრამის ჯამში, 218.41 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა. 



„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ეს ჩვენი პირველი მედალია მსოფლიო ჩემპიონატზე და კიდევ იმიტომ, რომ სეზონი მაღალ ნოტაზე დავასრულეთ. არის მედალი და ბევრი ემოცია. ამ სეზონის გამო, მართლა მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ჩვენს მომზადებაში მიუძღვის წვლილი - ჩვენს მწვრთნელებს, ფედერაციას. ჩვენ ვეცადეთ ყველანაირად და მომავალშიც გავაგრძელებთ წარმოვაჩინოთ თავი.


ახალი წესების შესახებ შესვენების შემდეგ დავფიქრდებით და ვუმუშავებთ, რომ ადაპტაცია გავიაროთ - ეს ჩვენი სამუშაოა. თუმცა, მე რომ შემეძლოს შეცვლა, მოკლე პროგრამას 10 წამს დავამატებდი, რადგან საბოლოოდ, ჯეროვანი ფინიში გვქონდეს.


მომავალი სეზონისთვის ლუკას უკვე აქვს რაღაც იდეები, ის ამბობს, რომ გვჭირდება ვიმუშაოთ აკრობატიკაში, რათა მათი შესრულება მოვახერხოთ.


რაც შეეხება დღევანდელ გამოსვლას - დღეს არ იყო ჩვენი საუკეთესო სრიალი, თუმცა, არც ცუდი. ჩვენ, რამდენიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით, მაგალითად გადაგდებისას დაცემა, კიდევ რამდენიმე პატარა შეცდომაც. თუმცა, ყველა შეცდომა ჩვენ გვაძლიერებს და ჩვენ, არ ვნებდებით. ეს არის მუშაობა პროცესში და ჩვენ გავაგრძელებთ დახვეწას. მე იმითაც ვარ ახლა ბედნიერი, რომ სეზონი დასრულდა", - ამბობს ანასტასია მეტელკინა, „გოლდენ სქეითთან" გაკეთებულ კომენტარში.


შეგახსენებთ, რომ ხვალ 27 მარტს მედლები ქალთა შორის გათამაშდება, სადაც საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა, მოკლე პროგრამის შემდეგ, მე-4 ადგილზეა. თუმცა, მანამდე საქართველოს სახელით ასპარეზობას სპორტული ცეკვების წარმომადგენლები დიანა დევისი და გლებ სმოლკინი დაიწყებენ.