სუფთად შესრულებული პროგრამა და მოკლე პროგრამის შემდეგ მე-6 ადგილი
სუფთად შესრულებული პროგრამა და მოკლე პროგრამის შემდეგ მე-6 ადგილი
25.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფიგურული ციგურაობის გრძელი და დამღლელი სეზონი დასასრულს უახლოვდება. დღეს პრაღაში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა რომელიც 40 ქვეყნის 200 სპორტსმენთან ერთად ქართული გუნდიც მონაწილეობს - ერთეულ კაცებში ნიკა ეგაძე, ერთეულ ქალებში ანასტასია მეტელკინა, სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა, ხოლო სპორტულ ცეკვებში დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.


ჩვენი გუნდიდან პირველი ანასტასია გუბანოვა გამოვიდა, რომელმაც მოკლე პროგრამაში 69.92 (36.71 /33.21) ქულა დააგროვა და მე-6 ადგილით თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.         


„ეს ჩემი მეხუთე მსოფლიო ჩემპიონატია და პირველად მოხდა, რომ მოკლე პროგრამა სუფთად შევასრულე. ამრიგად გახარებული ვარ და ვთვლი, რომ ჩემი პირადი გამარჯვებაა. ოლიმპიადის შემდეგ, ყველა დაღლილია, ამრიგად, აქ მონაწილეობა საკმაოდ რთული იყო. მოსამზადებელი პერიოდი არ იყო ცუდი და საერთო ჯამში ყველაფერი რიგზეა. ოლიმპიადამდე, შედარებით მეტი ვარჯიში მომიწია, დანარჩენი განსაკუთრებული არ ყოფილა", - ამბობს ანასტასია „გოლდენ სქეითისთვის" გაკეთებულ კომენტარში შეჯიბრის დასრულების შედეგ.


აღსანიშნავია, რომ ქალებში სტარტი 33-მა სპორტსმენმა აიღო, თავისუფალ პროგრამაში კი, 24 მოციგურავე გააგრძელებს ასპარეზობას. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ, ორი იაპონელი და ორი ამერიკელი ლიდერობენ, გუბანოვას, ევროპის კონტინენტიდან ბელგიელი ნინა პინზერონე უსწრებს.


ალბათ გემახსოვრებათ, რომ 2025-2026 წლების სეზონზე, ანასტასია „მოჩვენებას" საუნდთრექზე ასრულებს პროგრამას. ნომრისთვის შექმნილი კოსტიუმი კი, ISU-მ სეზონის საუკეთესო კოსტუმის ნომინანტებს შორის დაასახელა, გამარჯვებული კი 29 მარტს დასახელდება.


აქვე გეტყვით, დღესვე მოკლე პროგრამაში ასპარეზობას ქართული სპორტული წყვილი, ევროპის მოქმედი ჩემპიონები და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნები ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა დაიწყებენ.