
დღეს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიგა გვენცაძემ, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენს, ქართული სპორტული მედიის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიას, კუთვნილი ჯილდო გადასცა. ვიდრე „კვარა" მიხეილ მესხზე ვარჯიშობდა, ეროვნული ნაკრების ახალი კაპიტნის პრიზი, ძველ კაპიტანს, გურამ კაშიას ჰქონდა "შენახული". თუმცა, მანამდე იყო 2026 წელს ხვიჩას პირველი შეხვედრა ქართულ მედიასთან, რომელიც „კვარამ" კიდევ ერთხელ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს მიმართ პატივისცემით და მისი გარდაცვალების გამო სამძიმრით დაიწყო.
„მინდა, მივუსამძიმრო მთელ საქართველოს ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის გარდაცვალება. მან უდიდესი სითბო და სიყვარული დატოვა. ამაყი ვარ, რომ მის ეპოქაში ცხოვრების შესაძლებლობა მომეცა. მისი სიტყვები ყოველთვის გამყვება. ბედნიერი ვარ, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობაც მქონდა,"- თქვა ხვიჩამ.
ქართული ფეხბურთის მოყვარულებმა იციან, რომ გუშინ, ეროვნული ნაკრების ახალი კაპიტნის ვინაობა გახდა ცნობილი. გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეს მისია „კვარას" ერგო. ვიცე-კაპიტნებად კი, ოთარ კიტეიშვილი და ოთარ კაკაბაძე აირჩიეს. მას შემდეგ, რაც ორშაბათს, მედიასთან შეხვედრისას, გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, ნათელი იყო, რომ გუნდს დაუგეგმავად, ახლის არჩევა მოუწევდა. ის რომ ამ გადაწყვეტილებას გუნდი მიიღებდა და არა ცალსახად სამწვრთნელო შტაბი, ამის შესახებ, იმავე პრეს-კონფერენციაზე ვილიმაც თქვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს კიდევ ერთხელ გახდა „აუცილებელი" კაპიტნის „არჩევნებზე" კომენტარი გაკეთებულიყო.

„დიახ, ხვიჩა ახალი კაპიტანია და მას საკუთარი გზა უნდა იპოვოს. მან თავად უნდა აღმოაჩინოს, თუ როგორი კაპიტანი უნდა გახდეს, რადგან ეს მისი პიროვნების ანარეკლი უნდა იყოს. თუ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს ნიშნავს, რომ 100 პროცენტით გვჯერა - მას შეუძლია ძალიან კარგი კაპიტანი გახდეს,"- ამბობს ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვალ, კაპიტნის სამკლაურით პირველად არ გამოუძღვება, საინტერესო იყო მოსმენა, თუ რას გრძნობს 25 წლის ფეხბურთელი, იყოს ქვეყნის მთავარი ნაკრების კაპიტანი.
„უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი. პირადად მე მომიწია გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას კაპიტნობის დროს თამაში. მათგან ვისწავლე, როგორ უნდა მოიქცე სირთულეების დროს. მინდა, მეც იგივე გავაკეთო, ვიყო მაგალითი ჩემი თანაგუნდელებისთვის როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ და ნებისმიერ გასაჭირში პირველი დავდგე და ეს დაბრკოლებები მივიღო", - ამბობს „კვარა" და დასძენს: „როდესაც კაპიტანი ხან მაშინ მსაჯებთანაც სხვაგვარად უნდა ილაპარაკო. თუ ფიქრობთ რომ ემოციური ვარ, მაშინ ამას შევეცდები გამოვასწორო".
შეგახსენებთ, რომ ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები, უეფა-ს ერთა ლიგის 2026 წლის გათამაშების მოსამზადებელი ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება.






ჩვენ








