ეროვნულმა ნაკრებმა მარტის თამაშებისთვის შეკრება დაიწყო
ეროვნულმა ნაკრებმა მარტის თამაშებისთვის შეკრება დაიწყო
23.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საღამოს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხი 2-ზე პირველად ივარჯიშა. ვილის გუნდი, არასრული შემადგენლობით იყო და პირველ ვარჯიშში 17-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. სფფ-ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გუნდთან ერთად, არ უვარჯიშიათ გიორგი ჩაკვეტაძესა და საბა გოგლიჩიძეს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ლუკა გუგეშაშვილი, ივა გელაშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი კვერნაძე ნაკრებს ხვალიდან, 24 მარტიდან შეუერთდებიან.


რამდენიმე დღის წინ, ეროვნულ ნაკრებში, საბა გოგლიჩიძის ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სანიოლის გუნდმა ბერძნული „პანსერაიკოსის" მცველს ივა გელაშვილს უხმო. თუმცა, საბა თბილისშია. რაც შეეხება ივას, ის დიდი ალბათობით, უახლოეს პერიოდში გურამ კაშიას „გამონთავისუფლებულ" ადგილს დაიკავებს და სანიოლის გუნდშიც უფრო ხშირად მოხვდება.



შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 და 29 მარტს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, პირველად თბილისში, 26 მარტს ისრაელის, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვას წინააღმდეგ.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, აღნიშნული თამაშებისთვის ასე გამოიყურება: მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული", ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („ატრომიტოსი", საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა", გორი); მცველები: ივა გელაშვილი („პანსერაიკოსი", საბერძნეთი), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი", გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უოტფორდი", ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ლუკა გადრანი („ბეითარი", ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი", გერმანია), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი („უნივერსიტატია კრაიოვა", რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („ტორპედო", ქუთაისი), გიზი მამაგეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი", საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი", საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი", გერმანია), გიორგი გულიაშვილი („რასინგი", ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი", ესპანეთი).



სფფ-ის ფოტოები