
დღეს, სანაკრებო შეკრების დაწყების წინ, მიხელ მესხზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მედიის შეკითხვებს უპასუხებს. ქართველი ჟურნალისტების ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებული ამბების გარდა, კითხვები ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფ ქართველებზეც ჰქონდათ, რომლებიც მომავალში შესაძლოა ჩვენი ქვეყნის ნაკრებების წევრები გახდნენ.
ალექსანდრე იაშვილი: „მინდა, პირველ რიგში, გამოვხატო თითოეული ჩვენგანის ღრმა მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, სრულიად საქართველოსა და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი ტკივილი და მძიმე დანაკლისია. პატრიარქის თითოეული სიტყვა და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ბევრი ჩვენგანისათვის ცხოვრების მაგალითად დარჩება. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ რამდენჯერმე მქონდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა - თითოეული ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი ფეხბურთელი დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, 17-წლამდე ნაკრებთან ერთად იყო შეკრებაზე მათე ისაკაძე, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის 15-წლამდე ნაკრების კაპიტანია. ძალიან გვიხარია, რომ ჩამოვიდა და იმედი გვაქვს, მომავალში საქართველოს ნაკრებს აირჩევს. შემდეგ შეკრებაზე ჩამოვა ნიურნბერგის 17-წლამდე გუნდის წევრი, რომელიც დედით ქართველია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ მეტი ქართველი ფეხბურთელი დავაბრუნოთ საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს კონკურეციის ზრდას და ჩვენი ნაკრებების გაძლიერებას.
ვმუშაობთ ივნისის მეორე ამხანაგური მატჩის ორგანიზებაზე. მეტოქის შერჩევისას, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია მთავარ მწვრთნელთან. სწორედ მწვრთნელის იდეების და მომავალი მეტოქეების გათვალისწინებით შეირჩა ისრაელის და რუმინეთის ნაკრებები. ვფიქრობ, ბევრი აქვთ საერთო ჩვენს მომავალ მეტოქეებთან".
აქვე შეგახსენებთ, რომ მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელს ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვას დაუპირისპირდება.





ჩვენ








