ორი დაუმარცხებელი გუნდი და პირველი პენტატრიკი - ქალთა ლიგა დღეს განახლდა
ორი დაუმარცხებელი გუნდი და პირველი პენტატრიკი - ქალთა ლიგა დღეს განახლდა
23.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქალთა ლიგა დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით განახლდა. თამაშები თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და გვიმბალაურში. მეოთხე ტურის შემდეგ, ქალთა ლიგაში დაუმარცხებლად მხოლოდ ორი გუნდი, „ნიკე-ლუსო" და „ბათუმი" ასპარეზობენ. ქალთა ლიგის თამაშებს, ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანი სისტემატურად ესწრება.


მეოთხე ტური თბილისში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრ „ავაზაზე" გაიხსნა. სოხუმის „დინამომ", „ბათუმს" უმასპინძლა და 0-4 დამარცხდა. ანგარიში სწრაფი გოლით სალომი დიმოპულომ მე-5 წუთზე გახსნა, 22-ე წუთზე კი, მის ანგარიშზე უკვე დუბლი იყო. ბათუმელებს ბურთი მთელი თამაში ეჭირათ, თუმცა, მასპინძლებიც ცდილობდნენ გაემწვავებინათ. მიუხედავად ამისა, ბევრით, აჭარული გუნდის ამერიკელი კარის მცველი, სოხუმელებს არ შეუწუხებიათ. ამ შავი ზღვისპირულ დერბიში მესამე გოლი სტანდარტულის შემდეგ, თავით ნათია წოწერიამ 36-ე წუთზე გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი, 75-ე წუთზე ეკატერინა მალიშევამ დააფიქსირა, რომელმაც მინდვრის ცენტრიდან გამოცდილი ხატია ჭყონიას დაწყებული სამსვლიანი კომბინაცია, რომელიც დიმოპულომ გააგრძელა და დუბლთან ერთად, საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში, გოლით დაასრულა. აქვე გეტყვით, რომ სოხუმელთა შორის დღეს დებიუტი 16 წლის ნუცი შუკვანს ჰქონდა.



დღევანდელ შეხვედრაში მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო სოხუმელთა გამოცდილმა შემტევმა ლელუ ჭიჭინაძემ. ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელს დღესვე, კავკასიის მედიცინის ცენტრში, ლავიწზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ მომენტისთვის ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. ჩვენი გვერდი მას, სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.


ქალთა ლიგაზე დაუმარცხებლად აგრძელებს ასპარეზობას ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ნიკე-ლუსოც", რომელმაც დღეს, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში „ელიტას" უმასპინძლა და დიდი და მშრალი ანგარიშით 9-0 დაამარცხა. ანგარიში ამ შეხვედრაშიც სწრაფი გოლით გაიხსნა, მე-2 წუთზე ჩინონიერემ მაკლინსმა გაიტანა. შეხვედრის ამ მონაკვეთში ძირითადად, თბილისური კლუბის ლეგიონერებს გაჰქონდათ - სოლანჟე კარვალიაშს (17'), ტაისინიას (30'), იულია სლიასარჩიკს (34', 47'), რომელმაც მეორე ტაიმის სტარზე დუბლიც გაიფორმა. პირველი ტაიმის მიწურულს კი, მორიგი გოლი ახალ ჩემპიონატში, გასული წლის ბომბარდირმა კესო მეტონიძემ (38') გაიტანა. მეორე ტაიმში, მასპინძელთაგან ირინა ხაბურზანიამ (51') და თეკლა ბერიძემ (85') გაიტანეს. კიდევ ერთი გოლი კი, სტუმრებმა ჩაჭრეს საკუთარ კარში.



ნათია დანელიას ბენეფისი იხილა გვიმბალაურში მისულმა გულშემატკივარმა სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, სადაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა ქალთა კლუბმა „ლანჩხუთმა" თბილისის „კვარტალს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 9-1 დაამარცხა. სხვათა შორის, ამ მოგებით, გურულებმა წინა ტურში, „ნიკე-ლუსოსთან" განცდილი მარცხის რეაბილიტაცია მოახერხეს, აი, „კვარტალმა" კი, მიმდინარე ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა. როგორც უკვეა აღვნიშნეთ, ნათია დანელია ამ შეხვედრაში გამორჩეული იყო და მის ანგარიშზე პენტატრიკია (10', 29', 31', 44', 74'), დუბლი გაიფორმა გაბრიელა კამარგომ (46', 71'), თითო გოლი კი, ნინო გუჯაბიძისა (14') და ნინო ბუხრიკიძის (62') ანგარიშზეა. მატჩის მიწურულს უზუსტესი საჯარიმო დარტყმით, პრესტიჟის გოლი ლიზი კანკიამ გაიტანა მატჩის ბოლო წუთზე.


ქუთაისის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, „მართვემ" მორიგი და „მშვიდი" გამარჯვება ჩაიწერა. ქუთაისელებმა „რაჭა 2020"-ს უმასპინძლეს და 85-ე წუთზე, მანონი საღარაძის გოლის წყალობით, აქტივში 3 ქულა ჩაიწერეს.


ერთბურთიანი სხვაობით დასრულდა შეხვედრა რუსთავში, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში, სადაც ქალთა ლიგის დებიუტანტმა „თეთრიწყარომ" თბილისის „ვერეს" უმასპინძლა. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე სტუმართაგან  ალბინა პარუშიჩმა გაიტანა და თბილისურ კლუბს გამარჯვება მოუტანა.


ქალთა ლიგის სატურნირო ცხრილი


ქალთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრები 28 მარტს არის დაგეგმილი. აი, გადატანილი მე-3 ტური კი, პირველ აპრილს გაიმართება.


ქსკ "ნიკე-ლუსოსა" და ლიზა კუპრაძის ფოტოები