აუცილებლად ფეხბურთში დავრჩები - გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა
აუცილებლად ფეხბურთში დავრჩები - გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა
23.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი მედიასთან შესახვედრად, მარტო არ მოსულან, როგორც ეს ტრადიციულად, სანაკრებო თამაშების წინ, ნაკრების შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ ხდება. თუმცა, არც ეს შეხვედრა იყო, ტრადიციულად იმ ვადებში, როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარია დაჩვეული და ამასაც, მიზეზები აქვს. საქართველო, ცდილობს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილიდან გამოსვლას. ამ თემით დაიწყო მედიასთან ლაპარაკი ალექსანდრე იაშვილმა, ეს იყო პირველი რაც გურამ კაშიმა თქვა.


„ნამდვილად მძიმე დღეებია მთელი ქვეყნისთვის. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო სრულიად საქართველოს," - ამბობს გურამ კაშია.

 


საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც გუშინ, თბილისის დროით 21:00 საათზე სლოვაკეთის ჩემპიონატის მატჩში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ ძალიან დიდხანს იმგზავრა, ისე დიდხანს, რომ ძილიც ვერ მოასწრო, თბილისში, დილის 11 საათზე ძალიან დაღლილი, თუმცა, მხნედ, ქართული მედიის წარმომადგენლებს შეგვხვდა და ალბათ, გვითხრა ის, რაზეც განსაკუთრებით ბოლო კვირას, საფეხბურთო კულუარებში ბევრი ვარაუდი გამოითქვა.


„პირადად მინდოდა თქვენთვის მეთქვა, ამ სანაკრებო შეკრებაზე გუნდთან ერთად აღარ ვიქნები. ივნისის თამაშზე, ამხანაგურ თამაშზე რუმინეთთან, გამოსამშვიდობებელ თამაშს ვითამაშებ. რა თქმა უნდა, გული მწყდება რომ ნაკრებს ვშორდები, მაგრამ დროა, ჩემს ნაკრებს და  ფეხბურთს დავემშვიდობო. 17 წელი ვიყავი ნაკრებთან ერთად და ეს იყო ჩემთვის ყველაზე საამაყო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. საფეხბურთო კარიერაში ვითამაშე 130 თამაშამდე ვითამაშე. ბავშვობაში, ერთ სანაკრებო თამაშზე ვოცნებობდი, საბოლოოდ, ასე მოხდა, რომ თითქმის 130 თამაში ჩავატარე და ბედნიერი ვარ, ამაყი ვარ, რაც შევძელი კარიერიდან გამომდინარე და მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, თქვენც და ფედერაციას. „იაშ", ყოველთვის ვგრძნობდი გვერდში დგომას. ძნელია ბევრი ლაპარაკი. ივნისის ამხანაგურზე შევხდებით, ალბათ, უფრო მეტს მაშინ ვილაპარაკებ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ასე მხარს მიჭერდით, 17 წლიან პერიოდში. მამხნევებდით და ჩემს გვერდით იყავით", - ამბობს გურამ კაშია.

 

მოგვიანებით მედიის წარმომადგენლები „კაშოს" შეეკითხებიან, ხომ არ აპირებს ფეხბურთელი სამუდამოდ კარიერის დასრულებას თუ, ის მხოლოდ ნაკრებს ემშვიდობება, რაზეც კაპიტანი უპასუხებს, რომ ხშირად, სპორტსმენები ფეხბურთიდან გამუდმებული ტრავმების გამო მიდიან, მას კი, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი აწუხებს, ამ მომენტში სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ფიქრობს. თუმცა, მანამდე მაინც „გამოტყდება", რომ თამაშების მერე ხშირად წელი სტკივა, „იმიტომ ვითხოვე, რომ ივნისში მომცემოდა ნაკრებში თამაშის შანსი, რომ კლუბში დამესრულებინა სეზონიო". ეროვნული ნაკრების ყველაზე გამოცდილი მცველი არც იმ გარემოებას მალავს, რომ არა მხოლოდ ნაკრებიდან წასვლაზე, არამედ, ზოგადად კარიერის დასრულებაზეც შეიძლება დაფიქრდეს, მიუხედავად იმისა, რომ „ჯანზე" ჯერ კიდევ არის.


„აუცილებლად ვფიქრობ დავრჩე ფეხბურთში, ვცდი მწვრთნელობასაც, არ ვიცი რამდენად კარგად გამომივა, მაგრამ იდეები მაქვს. განვიხილავ  თავს საფეხბურთო მენეჯმენტშიც. ვიცი, აუცილებლად ვიქნები ფეხბურთში. ბევრ კარგ ორგანიზაციაში, სხვადასხვა კულტურაში მიმუშავია და ჩემი გამოცდილება საფეხბურთო გუნდებს გამოადგება. თუმცა, ჯერ სწავლა მინდა და მანამდე კი, რამდენიმე თევ დასვენება. 20 სეზონი ისე ვითამაშე, რომ ტრავმა არ მიმიღია... ცოტას დავისვენებ და მერე..."- ამბობს კაშო.


 


ვიდრე „კაშო" დაისვენებს და 2 ივნისს რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს (ამ ეტაპისთვის ეროვნული ნაკრების თამაში მიხეილ მესხზე იგეგმება, თუმცა, ალბათ, კაპიტნის გაცილება მისთვის, ბევრად უფრო მშობლიური „დინამო არენადან" ბევრად სიმბოლური იქნება), ვიდრე ვილის სანიოლი „გრანდიოზული კაშოს" შემცვლელ კაპიტანს მონახავს ბიჭებთან ერთად - ეს, ამბავი მეც ახლა გავიგე და გუნდთან უნდა ვილაპარაკოთ, ვის დავაკისროთ ეს მოვალეობაო, ვიდრე ქომაგების სექტორი, მაინც ალბათ ბოლოჯერ არა, რადგან ტრიბუნაზე მისი გამოჩენის დროსაც კი, რიგითი ქომაგის ამპლუაში, პირადად მე მჯერა, რომ „გუუ-რამ კაშია, გურამ კაშია..."-ს ისევ დაიგრგვინებს ტრიბუნა, „კაშომ" მედიასთან დღეს, მოკლედ შეაფასა განვლილი სანაკრებო წლები:


„ნაკრებში როდესაც მოვედი, იქ ძალიან დიდი ფეხბურთელები დამხვდნენ, ვისგანაც შევისწავლე რამდენად ფასეულია ნაკრებში თამაში. მე დაახლოებით 19 წლის ვიყავი, ნაკრებში იყვნენ „იაშკა", „კობი", კალაძე, მაგალითიც მათგან ავიღე. შეიძლება, იმ დროინდელ ნაკრებში ასეთი შედეგები შეიძლება არ იყო, მაგრამ მიდგომა გუნდისადმი, ქვეყნისადმი, იყო სამაგალითო. მანდ აღვიქვი რამდენად დიდი იყო პასუხიმგებლობა. თავიდან დათრგუნული ვიყავი, სულ მქონდა განცდა რაიმე არ შემშლოდა. ახალგაზრდა რომ ხარ სულ იმას ფიქრობ, არ დაუშვა შეცდომა. შემდეგ, ეს ფეხბურთელები რომ წავიდნენ, რაღაც პასუხიმგებლობა ავიღე, გუნდში ლიდერად ჩამოვყალიბდი. რამდენიმე კვირის წინ „კვეკვეს" ველაპარაკე ნაკრების შესახებ და მითხრა, რომ  შენ ისეთი ფეხბურთელი ხარ, შენგან ყველამ რაღაც შევიძინეთო. ზოგმა საფეხბურთო მაგალითი, ზოგმა ფეხბურთისადმი მიდგომა, ზოგმა დიეტა, ზოგმა თავით როგორ ითამაშო. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი. ვიღაცაზე ცხოვრებაში, რომ პატარა ზეგავლენას მოახდენ, შეგიძლია, რომ უკეთესი სპორტსმენი იყო, ეს უდიდესი კომპლიმენტია. რაღაც დავტოვე, ყველა ფეხბურთელში რაღაც შევცვალე, შეიძლება ცოტათი, მაგრამ  ... წარმოიდგინეთ, ვიღაცას რაღაც უჭირდა და ჩემი გამოცდილებით დავეხმარე. ის, ახლა უკეთესი ფეხბურთელია" - ამბობს კაშია.

 


ჯაბა კანკავა, დათი ხოჭოლავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ლორია და რიგში ჩამდგარი გურამ კაშია... ფაქტია, რომ ეროვნული ნაკრები, რომელიც სექტემბრიდან უეფა-ს ერთა ლიგის მორიგ სეზონში დაიწყებს ასპარეზობა კიდევ უფრო განახლებული შემადგენლობით დაადგება საკმაოდ რთულ გზას, სადაც თამასა უკვე იმდენად აწეულია, რომ უკან მოხედვის არც დრო არის და აღარც ფიქრის საშუალება.