თბილისის გრან სლემზე მედლების ათვლა ქართული გუნდიდან თორნიკე გიგაურმა დაიწყო
თბილისის გრან სლემზე მედლების ათვლა ქართული გუნდიდან თორნიკე გიგაურმა დაიწყო
20.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს მასტერსის გამარჯვებული, ახალგაზრდებს შორის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, სადებიუტო თბილისის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალს იგებს. ეს 19 წლის ქართველის გრან სლემზე მოგებული პირველი მედალია.


დღეს თბილისში სტარტი აიღო IJF-ის მსოფლიო ტურის მორიგმა და ერთ-ერთმა პრესტიჟულმა (ტოკიოსა და პარიზის შემდეგ) გრან სლემმა ჯუდოში. თბილისის 2026 წლის გრან სლემზე 51 ქვეყნის 386 ჯუდოკა ასპარეზობს. საქართველო აღნიშნულ ტურინზე ძირითადად ახალი სახეებით არის წარმოდგენილი. საერთო ჯამში მედლებისთვის 42 ქართველი იყო რეგისტრირებული, მათ შორის 28 ვაჟი და 14 გოგონა. მათგან დღეს, 14-მა დაიწყო მედლებისთვის ბრძოლა, თუმცა, ფინალურ ბლოკში ორმა -66კგ წონით კატეგორიაში თორნიკე გიგაურმა და -57კგ-ში ნინო ლოლაძემ გააღწიეს.


თორნიკე გიგაურმა მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა და ბადეში ჯერ უზბეკი, შემდე ყაზახი და ბოლოს რუსეთის სახელით მოასპარეზე რამაზან აბდულაევი დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა. აქ კი, აზერბაიჯანელ თიურან ბაირამოვთან დამარცხდა. შესაბამისად, ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო. ახალგაზრდა ქართველისთვის, საკმაოდ რთული იყო ემოციურად, მარცხის შემდეგ ასპარეზობა, მითუმეტეს, რომ ბადეში ყველაფერი კარგად გამოუვიდა. თუმცა, მოახერხა მობილიზება და ბრინჯაოს ფინალში კვიპროსელი პეტროს ქრისტოდოულიდესი დაამარცხა.


ფინალურ ბლოკში, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლა ნონო ლოლაძემაც, რომელმაც პირველი წრიდან დაიწყო და ლიხტენშტეინისა და ხორვატიის წარმომადგენლებს სძლია, თუმცა, ისრაელის წარმომადგენელ ინბალ შემშეთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა და ბრინჯაოს ფინალში გავიდა. აქ კი, მისი მეტოქე ფინელი ფილა სალონენი იყო. ქართველმა კარგად დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.


ხვალ, მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. მათთვის კი ბრძოლას დილის 10 საათიდან დაიწყება:

-73 კგ გიორგი ჩიხელიძე, ბაგრატი ნინიაშვილი, გიორგი ლოლაძე, გიორგი ტერაშვილი

-81 კგ ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე, კოტე კაპანაძე, ირაკლი ბეროშვილი

-63 კგ ნინო წიკლაური, მაია ბიძინაშვილი, თამარი მახარაშვილი, მარიამ ნათელაური

-70 კგ ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია, ლიზა ქვარცხავა, ქეთევან ბერიძე


აქვე გეტყვით, რომ დღესვე თბილისში მიმდინარე გრან სლემის მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ 2029 წელს, საქართველოს დედაქალაქი ჯუდოში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ გრან სლემის დასრულებიდან მალევე, აპრილში თბილისი ჯუდოში ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია.