
დღეს თელავში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის ფლეი-ოფის პირველი შეხვედრა ჩაატარა ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა. ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრა საქართველოში გლოვის დღეების შესაბამისად, წუთიერი დუმილით დაიწყო, ჩვენმა ნაკრებმა კი, ფორმებზე დატანილი შავი ლენტით იასპარეზა ტრაურის ნიშნად.
ვითარებიდან გამომდინარე, თელავის სპორტის სასახლეში იმ რაოდენობის ქომაგის თავმოყრა ვერ მოხერხდა, რაზეც გათვლა საქართველოს ხელბურთის ფედერაციას ჰქონდა, თუმცა, დარბაზში იყო იმ რაოდენობის ქომაგი, რომელსაც ჩვენი ბიჭებისთვის სტიმულის მიცემა შეეძლო.
ანგარიში, პირველ ტაიმში, რომელიც ჩვენი აზრით საკმაოდ მაღალ ტემპში და თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ისრაელმა გახსნა, თუმცა, გიორგი ცხოვრებაძემ მალევე გაათანაბრა. თამაში ბურთში ბურთი წარიმართა ძირითადად საწყის ეტაპზე და ტაიმის მიწურულს, თუმცა ერთ მომენტში ქართველთა გუნდმა 2 ბურთიანი სხვაობა დაიჭირა. ჩვენი ნაკრები პირველად გიორგი დიხამინჯიას გოლით დაწინაურდა 8-7. ტაიმი კი, ტიტე კალანდაძის გუნდმა 16-15 მოიგო. შეხვედრის ამ მონაკვეთში ქართული გუნდიდან გოლები გორგი ცხოვრებაძეს 7 (9 მცდელობიდან), გიორგი ლაპიაშვილსა და გიორგი დიხამინჯიას ორიდან ორი, ნიკოლოზ კალანდაძეს 2/5, თითო გოლი კი ხაზეინ რუსტამოვისა და ირაკლი კბილაშვილის ანგარიშზე იყო.
მეორე ტაიმი კვლავ ისრაელის გოლით დაიწყო. სტუმრებმა გაათანაბრეს, შემდეგ კი, ოთხი ბურთით მოახერხეს დაწინაურება და ჩვენც მდევრის როლში აღმოვჩნდით. რეალურად ამ მონაკვეთის პირველი ხუთი წუთი ბურთი ვერ გავიტანეთ. ნავსი, რუსტამოვმა გატეხა (17-20). თუმცა, მოწინააღმდეგემ მოახერხა 6 ბურთამდეც სხვაობის გარდა და ყველაზე ახლოს, დროის დარჩენილ პერიოდში როგორც მოვახერხეთ მიახლოება 3 ბურთი იყო. საბოლოოდ და სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში სამი ბურთის სხვაობითაც დავმარცხდით, 29-32 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი).
ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე აღმოჩნდა 12 გატანილი გოლით. ჩვენი გუნდიდან კი, დღეს გოლები გიორგი ლაპიაშვილმა (4), ნიკოლოზ კალანდაძემ (4), ხაზეინ რუსტამოვმა (3), ირაკლი კბილაშვილმა (3), გიორგი დიხამინჯიამ (2) გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 21 მარტს შედგება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მეტოქე გუნდის სურვილით, თამაში, თელ-ავივის ნაცვლად კვლავ თელავში ჩატარდება. ამრიგად, ტიტე კალანდაძის გუნდს, საპასუხო თამაშამდე დარჩენილი დროის გამოყენება რაციონალურად შეუძლია. მითუმეტეს, რომ თამაში კვლავ სახლში გვაქვს და ამასთან, დღევანდელი დაძაბულობაც, რაც გვინდა თუ არა, მაინც უკავშირდებოდა ქვეყანაში არსებულ ვითარებას, უკვე გადალახული იქნება.
ფოტო: ხელბურთის ფედერაცია





ჩვენ








