„მამარდას“ გუნდი მომდევნო ეტაპზეა და „კვარასთან“ სათამაშოდ ემზადება
„მამარდას“ გუნდი მომდევნო ეტაპზეა და „კვარასთან“ სათამაშოდ ემზადება
19.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ლივერპულმა" კარში კვლავ ალისონი დააყენა, „გალათასარაისთან" საპასუხო მატჩი საკმაოდ იოლად 4-0 მოიგო და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ერთი პენალტი სალაჰს ურჯან ჩაქირმა აუღო. თუმცა, სალაჰმა თავის გოლი „ენფილდზე" ამ შეხვედრაში მაინც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი, დომინიკ სობოსლაი დასახელდა, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი დიდი ალბათობით, შემოდგომის სანაკრებო თამაშებზე საქართველოშიც იხილავს. სწორედ, მან დაიწყო დღევანდელ მატჩში გოლების ათვლა, მასვე „მიუძღვის წვლილი" ვიქტორ ოსიმენის დაზიანებაშიც, რის გამოც მისი შეცვლა გახდა აუცილებელი. თამაშის ბედი კი, რეალურად მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე გადაწყდა, როდესაც ორწუთიან მონაკვეთში ჯერ ეკიტიკემ (51'), შემდეგ კი, გრავენბერხმა (53'), თურქული კლუბის კარში ორი გოლი გაიტანეს.


შესაბამისად, ორი შეხვედრის ჯამში, გიორგი მამარდაშვილის გუნდმა 4-1  (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი) გაიმარჯვა და ახლა ორ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს წინააღმდეგ გამართავს.


აქვე გეტყვით, 1/4 ფინალის წყვილებს, რომლებიც 7/8 და 14/15 აპრილს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და მომდევნო ეტაპის წყვილებს დააკომპლექტებენ:


პსჟ - „ლივერპული"

„რეალი" - „ბაიერნი"

„ბარსელონა" - „ატლეტიკო"

„სპორტინგი" - "არსენალი"


სამწუხაროდ, სამი ქართველი ფეხბურთელის კლუბიდან ორი, სწორედ, ამ ეტაპზე გადაეკვეთა ერთმანეთს - „კვარას" პსჟ, „მამარდას" „ლივერპულს" ხვდება, შესაბამისად, ერთ-ერთი კლუბი გათამაშებას დაემშვიდობება. კიდევ ერთი ქართველის, გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი" კი, „არსენალს" შეხვდება.


უეფა-ს მიერ ჩატარებული წილისყრის შედეგად ცნობილია 1/2 ფინალური წყვილების ვინაობაც:


პსჟ/ „ლივერპული" - „რეალი"/ „ბაიერნი"

„ბარსელონა"/ „ატლეტიკო" - „სპორტინგი"/"არსენალი"


პირველი ნახევარფინალური მატჩები 28/29 აპრილს, საპასუხო კი 5/6 მაისს ჩატარდება. აქვე გეტყვით რომ ფინალი 30 მაისს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე" იგეგმება.