
ორ დღეში თელავში, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ფლეი-ოფში ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საპასუხო შეხვედრაც, რომელიც თელ-ავივში უნდა გამართულიყო, თელავში გაიმართება. მოკლედ, ძველი თაობის ქართველ გულშემატკივარს, თელავსა და თელ-ავივზე „მიმინოდან" ფრაგმენტიც გაახსენდება ალბათ, თუმცა, სპორტში, მითუმეტეს ფლეი-ოფში, ალბათ, „მესამე ტაიმში" თუ ვიმღერებთ ერთად. მანამდე კი, ორი თამაში გველის, რომლისთვისაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ტიტე კალანდაძის ხელმძღვანელობით უკვე თელავშია შეკრებილი. ჩვენს გუნდს კი, ნელ-ნელა ემატებიან ლეგიონერები.
სწორედ, ამ თამაშის წინ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ვრცელი სტატია მიუძღვნა, ქართული ხელბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავს გიორგი ცხოვრებაძეს, სადაც მის ამ სპორტში მოსვლაზე, პირველ წლებზე, უცხოეთში გამგზავრებაზე და რაც მთავარია გატანილ გოლებზე, მათ შორის გოლის გატანის სტილზეც ილაპარაკა. თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ, გიორგის პასუხები ამოგვეკრიფა და ამ სტატიაში, მათზე გაგვემახვილებინა ყურადღება. ასე რომ გიორგის პასუხებს ჩვენ დავაჯგუფებთ თემებად:
ხელბურთი საქართველოში
ხელბურთი საქართველოში ამ ბოლო დროს უფრო ხდება ცნობადი, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის იმ ადგილას, სადაც ეკუთვნის. ხორვატია და ჩვენ პატარა ქვეყნები ვართ, მსგავსი რაოდენობის მოსახლეობით და ცხოვრებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ხელბურთი ხორვატიაში ძალიან პოპულარულია. მთელს ქვეყანაში იციან ყველა ხელბურთელი და ასე, საქართველოში კერ კიდევ არ არის. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი, სადაც მოთამაშეებს შეეძლებათ განვითარება. თუ გვინდა, რომ მართლა კარგი გუნდი გვყავდეს, გვჭირდება ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც წავლენ ევროპულ კლუბებში საფრანგეთში, ხორვატიაში, კიდევ სადმე სადაც შეძლებენ მაღალი ხარისხის ხელბურთის სწავლას შეძლებენ. ეს, საქართველოს ჯერ კიდევ აკლია.
თუმცა, ვხედავ რომ ფედერაცია და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ხელბურთს წინსვლაში დაეხმაროს. ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ, მაგრამ მართლა გვყავს კარგი მოთამაშეები და ვართ უფრო გაზრდილი გუნდი ახლა. ჩვენ, ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია კარგად თამაში. ზოგჯერ გვაქვს „სკამის" პრობლემა, რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ზოგჯერ მსაჯები არ გვწყალობენ, მაგრამ ესეც მესმის. ვფიქრობ, დიდი პროგრესი გვაქვს და გვაქვს ბევრი რამ გამოსასწორებელი.
პირველი ნაბიჯები
რეალურად თამაშა დავიწყე ჩემი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელში, მის შვილთან ერთად. ჩვენ გუნდელები ვართ ბავშვობიდან. მაშინ ექვსი წლის ვიყავი. ვიწყებდი სკოლაში, სადაც გვგქონდა სპორტის გაკვეთილები - ზოგჯერ ფეხბურთის, ზოგჯერ კალათბურთის. ერთი პერიოდი კალათბურთის გაკვეთილები მქონდა, მასწავლებელი კი, ჩემი მწვრთნელიც ცოლი იყო. ერთ დღეს ვარჯიშს ის (ლაპარაკია ტიტე კალანდაძეზე - სარედაქციო) დაესწრო და მოგვიანებით ჩემს ოჯახს დაელაპარაკა. ამის შემდე, ხელბურთზე დავიწყე სიარული. ბევრი მოთამაშე, რომელიც დღეს ეროვნულ ნაკრებშია, ერთსა და იმავე კლუბში ვთამაშობდით და პატარები ვიყავით. კლუბს „პეგასუსი" ერქვა, პირველი კლუბი, რომელიც საქართველოში შეიქმნა და ის, დღესაც არსებობს. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით და მოედანზე, ეს გარემოება ახლაც გვეხმარება კომუნიკაციისას.
მწვრთნელი და გარემო
ვფიქრობ, უფრო როდესაც ახალგაზრდა ვიყავი ჩვენ გვგქონდა საშუალება გვეცადა რაღაცეები. ჩვენი მწვრთნელი მართლა კრეატიული პიროვნება იყო ამ მხრივ. ხშირად ბევრ რამეს განსაზღვრავს გარემო სადაც ხარ და იზრდები. ზოგი მწვრთნელს არ უნდა თავის მოთამაშეების კრეატიულობა, მათ ურჩევნიათ ჰყავდეთ რობოტები, რომლებიც სისტემაში ჯდებიან. ჩვენ გვქონდა საკმარისი თავისუფლება, რომ საკუთარი გვეცადა. ყოველთვის ვუყურებდი სხვა მოთამაშეებს და ვცდილობდი მიმებაძა, თუმცა, ჩემებურად. რასაც ვაკეთებ, ისაა რასაც ვაკეთებ, ყველას თავისი გზა აქვს. მაღალ დონეზე თამაში დავიწყე, როდესაც 15 თუ 16 წლის ვიყავი და გადავედი მონპელიეში. ვფიქრობ იქ ჩინებული სკოლა აქვთ. იქ ჩასვლამდე, რამდენიმე ტექნიკური სროლა უკვე მქონდა - წვრთნის დროს ყოველთვის ვმუშაობთ სროლის ტექნიკაზე - როგორი დაარტყა მაღლიდან, ქვევიდან, როგორ ახტე სწორად.
ერთი დარტყმის ისტორია
ყველაზე სახალისო ისტორია ორ ფეხზე ნახტომში დარტყმას უკავშირდება. ამას უფრო ბავშვობაში ვაკეთებდი, მაგრამ არ გამოდიოდა ისე ეფექტური როგორც ახლა. ამის გაკეთება დაახლოებით 2024 წელს, ევროპის ჩემპიონატის დროს დავიწყე. თითქმის მთელი ტურნირი მომზიდველი კუნთის ტკივილის ფონზე ვითამაშე. ფიზიკურად ცალ ფეხზე ახტომა არ შემეძლო, მაშინაც კი როცა ვახერხებდი, თავს ცუდად ვგრძნობდი. ამრიგად, ორ ფეხზე ახტომა დავიწყე და ამან იმუშავა. ეს გამოვიდა უფრო ბუნებრივად ვიდრე საჭიროებიდან გამომდინარე. ეს არის მთელი ისტორია.
პირველად სახლიდან შორს
ერთი ფრანგული სიტყვა არ ვიცოდი, როდესაც იქ (მონპელიე) ჩავედი. იქ ყოფნისას ვისწავლე და ახლა თავისუფლად ვლაპარაკობ. საფრანგეთში, განსაკუთრებით კი, სპორტულ სამყაროში არავინ გელაპარაკება ინგლისურად. მათ უნდათ რომ ისწავლო ფრანგული, რაც შეიძლება მალე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდა, უცნობი მოთამაშე ხარ, რომელსაც ჯერ არაფერი გაგიკეთებია. ისინი უნდა დაარწმუნო, რომ ამას მალე გააკეთებ. რა თმა უნდა, რთულია. საკმაოდ მძიმე პერიოდი გავიარე. ზოგი მოთამაშე განიცდის, რომ სათამაშო პოზიციას კარგავს, ამის გამო, ჩემს დაბლოკვასაც შეეცადნენ. ამის მიუხედავადაც, ხელახლა რომ მქონდეს შანსი, იმავეს გავაკეთებდი. იქ, ძალიან ბევრი ვისწავლე, მენტალურად, ფიზიკურად, ყველაფერი. იქ, მე ისე მოვემზადე ყოველმხრივ, როგორც არსად სხვაგან.
სირთულეები
ყველგან სხვადასხვა სტილის ხელბურთს სწავლობ. ფრანგული ერთი მიმართულებაა, გერმანული საერთოდ სხვა. თუ გუნდა, რომ ტოპ მოთამაშე იყო, ყველგან უნდა მოახერხო ადაპტირება. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ამის გაგება საკმაოდ რთულია. ზოგჯერ დიდ გუნდებში, გიცვლიან პოზიციას, გსვამენ დიდი ხნით სკამზე და შენ უნდა იყო მზად. თუ მოგეცემა ხუთი წუთიც კი, შენ უნდა გამოიჩინო თავი, რადგან თუ შეცდომა დაუშვი, ამას არ დაგივიწყებენ. ეს არის რეალობა. ფიზიკურად საკმაოდ რთულია, რთულია ფსიქოლოგიურად და მენტალურად.
ვფიქრობ, ხელბურთი ასეთია. მომთხოვნი სპორტია. ფიზიკურად უნდა იყო ქმედითი და ძალიან ჭკვიანი. მე არ ვარ ორმეტრიანი, არ მაქვს განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები. ამრიგად, ჩემი გზა უნდა მომეძებნა. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ასეა - ეს განასხვავებს სუპერვარსკვლავს რიგითი მოთამაშისგან. „სუპერსტარმა", ცუდ დღესაც კი, უნდა მოახერხოს გუნდის დახმარება.
დიდი და პატარა ქვეყნები
ეს უბრალოდ რეალობაა. როდესაც დიდ ქვეყანას წარმოადგენ, მეტი სივრცე გაქვს დაამტკიცო და იპოვო გზა მოხვდე დიდ გუნდში. გზა უფრო მარტივია. თუმცა, ვფიქრობ, თუ მართლა გინდა რაიმეს გაკეთება, მნიშვნელობა არ აქვს საიდან ხარ. უბრალოდ, უნდა უფრო მონდომებით ივარჯიშო, ვიდრე სხვებმა, ზოგჯერ ზედმეტად მეტად და არასდროს დანებდე. არასდროს დაიხიო უკან შენი მიზნებისგან. ახლაც კი, როცა უკვე 25 წლის ვარ, ყოველთვის არის ახალი გამოწვევა. ახალი მწვრთნელი, ახალი გუნდელები, რაღაც სულ ხდება. და ამას ვხედავ, რადგან მე ვარ საქართველოდან. ზოგჯერ არ აქვს მნიშვნელობა როგორც კარგად ვთამაშობ, ვრჩები შეუმჩნეველი. თუმცა, ეს არის ჩემი გზა და ამას უნდა გავუმკლავდე.
საქართველოს ნაკრებზე და მოახლოებული თამაშების წინ
ბოლო ორი ევროპის ჩემპიონატი ვითამაშე და რა თქმა უნდა მინდა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშიც. გვყავს ტრავმირებულები, მაგრამ თავდაპირველად უნდა პირველი ორი თამაში უნდა მოვიგოთ. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. არ მინდა ბევრი ვილაპარაკო მომავალზე, რას შევძლებთ, რას ვერა. ნაბიჯ-ნაბიჯ. რა თქმა უნდა, ჩვენი თაობისთვის იქნება უდიდესი მიღწევა, თუკი, მსოფლიო ჩემპიონატზე მოვახერხებთ თამაშს.
ყველა პატარა მიზანიც კი მიზანია და ეს ევროპის ჩემპიონატმა დაგვანახა. თუმცა, რა თქმა უნდა, თუ დიდი მიზნები გაქვს, ისეთი როგორიც მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაციაა, როგორიც ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფია, ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრაა, ეს უფრო სიღრმისეულია და მეტ პატივისცემას იმსახურებს. განვითარების (Emerging Nations) თასის მოგება წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ყველა პატარა გამარჯვება, ჩვენი პატარა ნაბიჯია წინ.
შეგახსენებთ, რომ მორიგი „წინ გადადგმული" ნაბიჯის გადადგმა საქართველოს ხელბურთის ნაკრებს 19 და 21 მარტს, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის პირველ ფლეი ოფიში ექნება. აი, აქ წარმატების შემთხვევაში კი, მორიგი ნაბიჯი უკვე ესპანეთთან ორ-რაუნდიანი დაპირისპირებაა.
სტატია მომზადებულია www.ihf.info-ის მიხედვით.





ჩვენ








