
2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, პორტუგალიას ერთის წილ 3 ლელო გავუტანეთ, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. უფრო მოტივირებულმა და პრაგმატულად მოთამაშე მეტოქემ, დასკვნით წუთებში გატანილი ლელო-გარდასახვით 17-19 გაიმარჯვა და ბორჯღალოსნების წარმატებული სერია შეწყვიტა.
პორტუგალიამ ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა - პირველად 2004 წლის შემდეგ და შეწყვიტა ბორჯღალოსნების 8-წლიანი გამარჯვებების სერია. აქამდე გამართულ ჩემპიონატებს შორის, საქართველო კვლავ რჩება უპირობო ლიდერად 17 გამარჯვებით, მეორე ადგილზე კი რუმინეთია 5 ტიტულით.
ზედიზედ მე-9 ტიტულთან და ჯამში მე-18 ჩემპიონობასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ დაშვებულმა შეცდომებმა თასის ნაცვლად გაკვეთილი დაგვიტოვა. მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც მეტოქე საბოლოოდ უნდა გაგვეტეხა, შეცდომები დავუშვით და პორტუგალიას ორი ჯარიმის შემდეგ ჩამორჩენის 3 ქულამდე დაყვანის შესაძლებლობა მივეცით, ხოლო 75-ე წუთზე მიღებულ ლელო-გარდასახვას ვეღარაფრით ვუპასუხეთ და 2017 წლის შემდეგ, რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული პირველად დავთმეთ.
საქართველო უპირატესობას ფლობდა შერკინებაში, მოლსა და კონტაქტის არეში და 25-ე წუთზე პირველი ლელო გავიდა. მოლით 5 მეტრი სწრაფად დავფარეთ და ლელოში ბურთი ილია სპანდერაშვილმა დაამიწა. პირველი ტაიმის ბოლოს უკვე შერკინებაში ვიმძლავრეთ და თორნიკე ჯალაღონიას ლელო თედო აბჟანდაძემ გარდასახა. ამ ეპიზოდში მეტოქე სინბინითაც დაისაჯა. პორტუგალიამ ჯარიმიდან ქულების აღება სამჯერ სცადა, აქედან ერთი ზუსტი იყო და ტაიმი 3-12 დასრულდა.
მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში ბურთზე კონტროლი ვერ დავამყარეთ, შეცდომები დავუშვით და მეტოქემ ორი გატანილი ჯარიმით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა. საპასუხოდ, 67-ე წუთზე მოლით კიდევ ერთხელ შევუტიეთ, მას ბექა გორგაძე მოწყდა და ლელოთი საქართველოს უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა, თუმცა თამაშის განახლებისთანავე დავჯარიმდით, პორტუგალიელთა შორეული დარტყმა ზუსტი იყო და ის თამაშში სწრაფად დაბრუნდა.
შემდეგ ეპიზოდში ოთარ მეტრეველი საჰაერო ორთაბრძოლისას დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა, პორტუგალიამ კი რიცხობრივი უპრატესობით სწრაფად ისარგებლა და ერთადერთი გატანილი ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ზუსტი გარდასახვის შემდეგ კი 17-19 დაწინაურდა. დასკვნთი წუთები საქართველომ მეტოქის ნახევარზე, შეტევაში გაატარა, მაგრამ მეტოქემ მრავალფაზიანი შეტევა უჯარიმოდ მოიგერია და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა.
„ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია. ალბათ, ახლა არის დრო, როდესაც სარკეში უნდა ჩავიხედოთ და ჩვენს გაწეულ სამუშაოს შევხედოთ. თავის მართლებას არ ვაპირებთ. ერთად მეტი უნდა ვიმუშაოთ. ახლა შეიძლება სწორედ ის დღე იყოს, როცა ეს სიმწარე უნდაგვეგრძნო და შეიძლება ეს გარდამტეხი მომენტიც იყოს" - თქვა ნამატჩევს ბექა გორგაძემ.
2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
ფინალი. 15 მარტი (კვირა)
ესპანეთი. მადრიდი. „ონთაიმ ბუთარქი".
საქართველო - პორტუგალია 17-19 (12-3)
საქართველო
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. მამუკა მსტოიანი (აჟენი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. ბექა გორგაძე (პო); 22. მიხეილ ალანია (ვანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).
3 ლელო: სპანდერაშვილი, ჯალაღონია, გორგაძე
1 გარდასახვა: აბჟანდაძე





ჩვენ








