
15 მარტს ქართული ლეგიონის კიდევ ერთმა ნაწილმა ითამაშა. ჩვენთვის სამწუხაროდ, ალისონი „ლივერპულის" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, ამიტომ, „ტოტენჰემთან" მატჩი, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა, გიორგი მამარდაშვილმა კვლავ სკამზე გაატარა.
შვეიცარიის სუპერლიგის 30-ე ტურში „ლოზანა" „იანგ ბოიზს" დაუპირისპირდა. სტად დე ლა ტუილიეზე გაბრიელ სიგუა კვლავ გამოჩნდა შვეიცარული კლუბის განაცხადში, თუმცა, ქართველი სათადარიგო შემადგენლობაში იყო. პირველი ტაიმის მიწურულს კი, სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, 43-ე წუთზე, ალვინ სანჩესმა გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში, ქართველის გუნდი კაცნაკლული დარჩა, კიდევ რამდენიმე წუთში კი, მათ კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ 61-ე წუთზე შემოვიდა, თუმცა, მისმა გუნდმა ორბურთიანი სხვაობა ვერ შეამცირა და თამაში 0-2 წააგო. ამ ტურის შემდეგ, „ლოზანას" 36 ქულა აქვს მე-8 ადგილზეა და ჩემპიონშიპის ჯგუფს სულ უფრო სცილდება.
სათადარიგო შემადგენლობაში იყო ნოდარ ლომინაძეც, რომლის „ეშტორილმაც" გასვლითი შეხვედრა „ნასიონალის" წინააღმდეგ 0-1 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე ფელიქს ბახერმა გაიტანა. სამწუხაროდ, ქართველი ესტადიო და მადეირაზე სათამაშოდ არ გასულა. მისი გუნდი კი, 26 ტურის შემდეგ, 37 ქულით მე-7 ადგილზეა.
უხვგოლიანი და უხვბარათიანი გამოდგა ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონშიპის ჯგუფში 23-ე ტურის შეხვედრა, რომელშიც ოთარ კიტეიშვილმა დუბლი გაიფორმა (45'+1, 55'-პ) „აუსტრია ვენას" წინააღმდეგ. მისმა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმმა" კი 2-5 გაიმარჯვა გასვლაზე. „კიტე" ამ შეხვედრაში ორივე გუნდში საუკეთესო მოთამაშე იყო, მიუხედავად იმისა, რომ 62-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება გიზის, ის მოედანზე მართალია, მხოლოდ 72-ე წუთზე შემოვიდა, თუმცა, ქართველმა საკმაოდ კარგი შეფასება მიიღო. სხვათა შორის, მატჩში, 7 ყვითელი და 2 წითელი ბარათის ჩვენება დასჭირდა მსაჯს, ასე რომ ორივე გუნდმა თამაში კაცნაკლულმა დაასრულა. ამ ტურის შემდეგ, „შტურმს" 22 ქულა აქვს და 3 ქულით უსწრებს „ლასკსა" და „რაპიდს", რომელებიც საჩემპიონო რბოლაში, ამ ეტაპზე მთავარი კონკურენტები არიან.
შვილი გოლი გავიდა საფრანგეთის ლიგა 1-ში „მეცისა" და „ტულუზას" დაპირისპირებაშიც, რომელშიც მეცის ქართველებიდან, მხოლოდ გიორგი ქვილითაიას არ უთამაშა. ის არ იყო განაცხადში. გიორგი წიტაიშვილმა კი, ტრადიციულად ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და საგოლე გადაცემა გააკეთა. აი, შეცვლაზე შემოსულმა გიგი აბუაშვილმა კი, მატჩის მიწურულს, როდესაც ტაბლოზე 2-3 იყო სტუმართა გუნდის სასარგებლოდ, გოლი გაიტანა და „მეცის" ქომაგებს თამაშს გადარჩენის შანსი დაუტოვა. მითუმეტეს, რომ მსაჯმა 9 წუთი დაამატა. თუმცა, თამაში ისეთ ტემპში ჩამთავრდა, რომ წვრილმა შეცდომასაც კი, ერთ-ერთი გუნდის გაწირვა შეეძლო. სამწუხაროდ, ასეთი ქართველების „მეცი" აღმოჩნდა, რამეთუ, მე-4 გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-9 წუთზე გაუშვა და საბოლოოდ, 3-4 წააგო. სატურნირო ცხრილში, 26 ტურის შემდეგ „მეცი" კვლავ 13 ქულით არის და ბოლო ადგილზეა, თუმცა, გადათამაშების ზონამდე სულ 6 ქულა აშორებს, ასე, რომ ქართველების გუნდს მაქსიმალურად გარჯა მოუწევს, ძლიერთა შორის შანსის დასატოვებლად.
ხორვატიის ჩემპიონატში მორიგი მარცხი განიცადა თორნიკე მორჩილაძის „რიეკამ", რომელმაც ამჯერად, საშინაო მატჩი წააგო ანგარიშით 0-2 „ისტრა 1961"-თან. ქართველმა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა, თუმცა, ამ მომენტში უკვე ანგარიში 0-2 იყო და ქართველის ხორვატულმა გუნდმა თამაშს დატრიალება ვერ მოახერხა. „რიეკა" 38 ქულით მესამე ადგილზეა, თუმცა, მას ქულაში „ვარაზდინი" მიუახლოვდა.
სლოვაკეთში, ჩემპიონშიპის ჯგუფის მე-2 ტურში, სანდრო ნარიმანიძის „ჟილინამ" ბრატისლავაში გურამ კაშიას „სლოვანს" მინიმალური ანგარიშით 0-1 მოუგო. ორივე ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული მატჩი ჩაატარა. გოლი კი, ამ შეხვედრაში 84-ე წუთზე გავიდა. ამ მარცხის მიუხედავად, „სლოვანს" 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. „ჟილინა", 43 ქულით მეორე ადგილზეა. 46 ქულა და ერთით ნაკლები თამაში აქვს ჯერ-ჯერობით „დუნაისკა სტრედას", სადაც ასევე ქართველები ცოტნე კაპანაძე და გიორგი გაგუა თამაშობენ. გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის „ტრნავა" კი, ამ ეტაპზე 40 ქულით მე-4 ადგილზეა.
საბერძნეთში ფრედ, 2-2 დასრულდა სუპერლიგის 25-ე ტური, რომელშიც ლუკა გუგეშაშვილის „ატრომიტოსმა" ათენის „აეკს" უმასპინძლა. ქართველმა გაშვებული გოლების მიუხედავად კარგი თამაში ჩაატარა. ქართველ გულშემატკივარს კი, ალბათ, ის უფრო გვიხარია, რომ ლუკას სათამაშო დრო მოემატა. ამ ტურის შემდეგ, გუგეშაშვილის გუნდს, 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ამ მომენტისთვის სულ ესაა, დანარჩენს უკვე იმ კვირიაში გიამბობთ.





ჩვენ








