გიორგი ცხოვრებაძე კვლავ შედეგიანია - ქართველმა 10 გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე კვლავ შედეგიანია - ქართველმა 10 გოლი გაიტანა
11.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ხელბურთში ჩემპიონთა ლიგის მორიგ, ტურში გიორგი ცხოვრებაძის „ზაგრებმა" გასვლითი შეხვედრა ითამაშა დანიაში, „გოგ"-ის წინააღმდეგ. ის რომ ქართველი ლეგიონერის ხორვატული კლუბი, მიმდინარე გათამაშებაში B ჯგუფში აუტსაიდერია და არც დღევანდელ შეხვედრაში დადებითი შედეგი ბევრს ვერაფერს შეუცვლიდა, სამწუხაროდ, ნათელია. თუმცა, ჩვენ, ჩვენი გვადარდებს და ეს ჩვენი გიორგი ცხოვრებაძეა, რომელსაც თუ არ ჩავთვლით ბოლო 10-წუთეულს, საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა.


ქართველს, პირველი ტაიმის შემდეგ, 10 მცდელობიდან 5 გოლი ჰქონდა გატანილი. მეორეში, ქართველმა რვაჯერ შეუტყია მასპინძლების კარს და აქაც, 5 გოლი გაიტანა, თუმცა, შეეძლო მეტი.  საბოლოოდ კი, ცხოვრებაძეს 18 შესაძლებლობიდან 10 გოლი დაუგროვდა რაც ირივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. სხვათა შორის, სწორედ, გიორგის გოლის წყალობით, მეორე ტაიმში, „ზაგრებმა" რამდენჯერმე ცხოვრებაძის გოლით გაათანაბრა ანგარიში და წინაც გავიდა, თუმცა, მასპინძლებმა ბოლო წუთებში უფრო მოახერხეს მობილიზება და საბოლოოდ, ხუთი ბურთით 33-38 (16-13) გაიმარჯვეს.


იხილეთ თამაშის ტექსტური ჩანაწერი.


აქვე ვისარგებლებთ შემთხვევით და შეგახსენებთ, რომ გიორგი მომავალ კვირაში საქართველოში ჩამოვა და თელავში შეუერთდება საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, სადაც, ტიტე კალანდაძის გუნდი 19 და 21 თებერვალს ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის შეხვედრაში.


აქვე გეტყვით იმასაც, რომ ორ-რაუნდიან დაპირისპირებაში პირველი თამაში თელვაში, საპასუხო კი, თელ-ავივში უნდა გამართულიყო, თუმცა, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ორივე მატჩი საქართველოში ჩატარდება. აი, ამ წყვილში გამარჯვებული კი, 13/14 მაისს, სახლში, 16/17 მაისს გასვლაზე ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, სადაც საბოლოოდ გაირკვევა მოვახერხებთ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოგებას.