
დღეს ქართული ლეგიონის მორიგი სათამაშო დღე იყო, თუმცა, ალბათ, უფრო მნიშნელოვანი ის გარემოება აღმოჩნდა, რაც აუცილებლად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩაიწერება. დღეს, ესპანური ლა ლიგის 27-ე ტურის დაწყებამდე, ჩვენი ბომბარდირი დააჯილდოვეს. გიორგი მიქაუტაძე გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ლა ლიგის თვის, კონკრეტულად კი, თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. დღეს ჟორჟის, სწორედ, ეს ჯილდო ჩაბარდა.
27-ე ტურის შეხვედრაშიც „ელჩეს" წინააღმდეგ, მიქაუტაძე, ერთ-ერთ საუკეთესო იყო გუნდში. ქართვლის გუნდმა 2-1 მოიგო. მისმა გუნდელებმა, ტახონ ბუშანანიმ (31') და სანტიაგო მოურინიომ (41') პირველ ტაიმში მოახერხეს გოლების გატანა და „ვილიარეალიც" დაწინაურდა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა, ორჯერ კარის მიმართულებითაც დაარტყა, თუმცა, ამჯერად, მისი „ბომბარდირობის" დღე არ იყო. აი, „ელჩეს" კი, რომელმაც 83-ე წუთზე გოლი გაქვითა, თამაშის გადარჩენის საშუალება ჰქონდა, თუმცა, ვერ მოახერხა. ამ ტურის შემდეგ, „ვილიარეალს" 54 ქულა აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს „ატლეტიკოსთან".
საფრანგეთის ლიგა 1-ის 25 ტურში, ქართველების „მეცი", ვერ დაეხმარა „კვარას" პსჟ-ს. გასვლით შეხვედრაში „მეცი" „ლანსთან" 3-0 დამარცხდა. რაც იმას ნიშნავს, რომ „ლანსი" პარიზულ გუნდს, კვლავ ქულაში მიუახლოვდა. დღევანდელ მატჩში კი, სასტარტო შემადგენლობიდან გიორგი ქვილითაიამ დაიწყო და ის, 54-ე წუთზე შეცვალეს. 72-ე წუთზე შევიდა სათამაშოდ გიორგი წიტაიშვილი, აი, მესამე გიორგი (გიგი აბუაშვილი) კი, დღეს მხოლოდ განაცხადში დარჩა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმმა" საშინაო შეხვედრაში 2-0 დაამარცხა „ალტახი". „კიტემ" სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 78 წუთი დაჰყო, სწორედ ის შეცვალა გიზიმ, რომელმაც ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო.
ესპანურ ლა ლიგა 2-ში, გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგმა" დაძაბულ ორთაბრძოლაში, 4-3 „კორდობა" დაამარცხა და ახლა, 29-ე ტურის შემდეგ, 56 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და მოედანზე 67 წუთი გაატარა. თუმცა, დღეს, გიორგიმ გოლის გატანა ვერ მოახერხა, ამისთვის კი, მას ერთი შანსი ჰქონდა. 22 ტურის შემდეგ, „შტურმს" 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
მხოლოდ 23 წუთი მიეცა სათამაშოდ გიორგი კვერნაძეს, რომლის „ფროზინონემაც" იტალიის სერია B-ს 29-ე ტურში „სამპდორია" 3-0 დაამარცხა. მინდორზე, ქართველის შესვლის მომენტში, მისი გუნდი, უკვე ზემოთხსენებული ანგარიშით იგებდა. სატურნირო ცხრილში, ქართვლის გუნდი 58 ქულით, მხოლოდ მესამე ადგილზეა და თუ სერია A-ში ფლეი-ოფების გარშე უნდა მოხვედრა, სეზონის დარჩენილ ტურებში ძალიან მოუწევს გარჯა.
65 წუთი გაატარა მოედანზე რუმინეთის სუპერლიგის 30-ე ტურში ანრი მექვაბიშვილმა, რომლის კრაიოვას „უნივერსიტატიამაც" გასვლით შეხვედრაში ფრედ, 1-1 ითამაშა ბუქარესტის „რაპიდთან". სატურნირო ცხრილში, ეს გუნდები პირველ და მეორე ადგილებზე არიან და დიდი ალბათობით სწორედ ისინი იბრძოლებენ ოქროს მედლებისთვის. ამ მომენტისთვის, ქართველის გუნდს 60 ქულა აქვს და 6 ქულით უსწრებს მეორეადგილოსანს.
ხორვატული HNL-ის 25-ე ტურში, თორნიკე მორჩილაძის „რიეკამ" გასვლით შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 0-1 „ვუკოვარი 1991"-ი დაამარცხა და 38 ქულა დააგროვა, რამაც საშუალება მისცა მესამე ადგილზე დაბრუნებულიყო. ქართველმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 74-ე წუთამდე ითამაშა. შეგახსენებთ, რომ „მორჩილას" 12 მარტს, უეფა-ს კონფერენს ლიგის 1/8 ფინალში საშინაო კედლებში, „სტრასბურგის" წინააღმდეგ მოუწევს პირველი თამაში.
აქვე ვთქვათ, რომ მეორე თამაშია აცდენს გაბრიელ სიგუა და დიდი ალბათობით, ის მარტის სანაკრებო შეკრებისას ვერც ახალგაზრდულ და ვერც ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია და ყველაფერი 20 წლის ქართველის ფიზიკურ კონდიციაზე იქნება დამოკიდებული.





ჩვენ








