
ეროვნული ლიგა, საქართველოში გამეფებული ცივი ამინდების მიუხედავად, თამაშიდან თამაშამდე ხურდება - პირველ ტურში გადადებული სამი შეხვედრის შემდეგ, ეროვნული ლიგის მეორე ტურის ყველა თამაში დათქმულ ვადებში გაიმართა. ამ ტურში, დებიუტი ჰქონდა ძლიერთა შორის ტყიბულის „მეშახტეს", პირველი მატჩები გამართეს „დინამო თბილისმა", ბათუმის „დინამომ", გორის „დილამ", ძლიერთა შორის დაბრუნებულმა „რუსთავმა" და ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია 1999"-მა. თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით.
ტური, 6 მარტს, თბილისში მიხეილ მესხზე, „იბერია 1999"-სა და გორის „დილას" შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის დაძაბულობიდან და პირველი ტაიმის მიმდინარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თამაშის მანძილზე ნაჩვენები 7 ყვითელი ბარათი არალოგიკურია, რადგან, მხოლოდ შეხვედრის პირველ ტაიმში, გიორგი ყრუაშვილმა, მასპინძლებს სრული პროფილაქტიკა ჩაიტარა და ოთხი მოთამაშე „გააყვითლა". ხერხმა გაჭრა და მეორე ტაიმში, ფეხბურთელებმა უფრო თამაშზე გააკეთეს აქცენტი - ერთადერთი გოლი კი, 11 მეტრიანით, გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა და მოქმედ ჩემპიონს პირველი 3 ქულა მოუტანა. „იბერია 1999"-მა 1-0 გაიმარჯვა.
მიხეილ მესხზე, მხოლოდ სათადარიგო მოედანზე, ელიგის დებიუტანტმა „სპაერმა" ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს „დინამო თბილისს" უმასპინძლა, რომელსაც კარგად ახსოვს ამ გუნდების სათასო დაპირისპირება და რეალურად, იქ განცდილი მარცხის გამო, 19 გზის ჩემპიონი გუნდის ევროტურნირებს მიღმა აღმოჩენა, თანაც, კლუბის საიუბილეო წელს. შესაბამისად, ამჯერად, დინამოელებმა თავიდანვე გადაწყვიტეს საქმის „მოთავება" და პირველ ტაიმში, მე-9 წუთზე ნიკა უგრეხელიძის, 35-ე წუთზე კი, კლუბის დებიუტანტი, პორტუგალიელი თავდამსხმელის რუი მონტეირუს გოლების წყალობით 0-2 დაწინაურდნენ. ისე, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მხოლოდ პირველ ტაიმში, სტუმრებს უფრო დიდი სხვაობითაც შეეძლოთ მოგება, თუმცა ისევე, როგორც მთლიანად შეხვედრაშიც. რაც შეეხება „სპაერს", გუნდმა, რომელმაც პირველ ტურში „ტორპედო" დაამარცხა, ამ ტურშიც იბრძოლა და რა დასამალია და „საბრძოლოს ქულასთანაც" იყო ახლოს, თუმცა, ამჯერად გამოცდილებამ აჯობა და „დინამო თბილისმა" პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. მანამდე კი, 68-ე წუთზე გიგა სამხარაძემ 11-მეტრიანი გაიტანა. საბოლოოდ შეხვედრა 1-2 დასრულდა.
მეორე ტურში მარცხდება „ტორპედო", ამჯერად, „პეტრო არენაზე" სადაც 2026 წლის საშინაო მატჩებს ძლიერთა შორის დაბრუნებული „რუსთავი" ჩაატარებს. მეორე ტურის შეხვედრა, ქუთაისელებმა ყვითელი ბარათით დაიწყეს, რასაც ერთ წუთში, მე-7 წუთზე ჟან სოუზა დე ალმეიდას გოლი მოჰყვა და რუსთაველებიც დაწინაურდნენ. მე-19 წუთზე, „ტორპედოს" ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, თუმცა, კომნენ ანდრიჩმა პენალტი გააფუჭა. მეტი ამ შეხვედრაში არაფერი შეცვლილა, „რუსთავმა" პირველი გამარჯვება ჩაიწერა 1-0, „ტორპედოს" კი, უკვე ორი წაგებული თამაში აქვს, თან, ელიგაში ახლად ამოსულებთან.
ფრედ, 1-1 დასრულდა შეხვედრა აჭარაბეთ არენაზე „დინამო ბათუმსა" და „გაგრას" შორის. შავი ზღვისპირულ დერბიში ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა 11-მეტრიანით, 73-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილს ჰქონდა, თუმცა, მასპინძელმა შანსი გაანიავა. მიუხედავად ამისა, 86-ე წუთზე, კალანდარიშვილმა მაინც გაიტანა პენალტი. მატჩისთვის, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ქულა 11-მეტრიანით მათე ცინცაძემ გადაარჩინა.
ტურის ბოლო შეხვედრა წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა, თუმცა, „სამგურალის" მშობლიურ სტადიონზე, ამჯერად მასპინძელი ტყიბულის „მეშახტე" იყო. ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად, ამ მატჩში გოლი არ გასულა. თამაში მშრალად, 0-0 დასრულდა.
ფოტო: ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ








