ორი მედალი ზემო ავსტრიის გრან პრის ბოლო დღეს
ორი მედალი ზემო ავსტრიის გრან პრის ბოლო დღეს
08.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზემო ავსტრიის გრან პრის ბოლო საასპარეზო დღეს, ქართველებმა ორი მედალი მოიგეს. -90 კგ წონით კატეგორიაში IJF-ის მსოფლიო ტურის მორიგი შეჯიბრის ბოლო დღეს ტურნირის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი გახდა, რომელმაც ქართულ ფინალში, 20 წლის ლუკა ჯავახიშვილს მოუგო.


გრიგალაშვილმა მისთვის უჩვეულო, თუმცა, არა უცხო წონაში ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ბადეში ბრიტანელი, ჩეხი და ესპანელი ჯუდოკები გამოთიშა ასპარეზობას. 1/2 ფინალში, ქართველმა ბრაზილიელი რაფაელ მასედო დაამარცხა და ფინალში გავიდა.


მეორე წრიდან დაიწყო ჯავახიშვილმაც, რომელმაც ბადეში გერმანიის, იტალიისა და ისრაელის წარმომადგენლები დაამარცხა, 1/2 ფინალში კი, ფრანგი მეტოქე გამოთიშა ასპარეზობას და ფინალში გავიდა.


ქართულმა ფინალმა 3 წუთსა და 24 წამს გასტანა. გრიგალაშვილი თავიდან იუკოთი დაწინაურდა, თუმცა, საბოლოოდ შეხვედრა იპონით მოიგო და 2026 წელს პირველი ოქრო მოიგო, თავისთვისაც და ქართული გუნდისთვისაც (ლაპარაკია სენიორებზე). ვერცხლის პრიზიორი კი, ლუკა გახდა.


+100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოგებამდე 10 წამი დააკლდა. ქართველმა, რომელმაც ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო და როგორც გაირკვა, 1/2 ფინალში წონის მომავალ გამარჯვებულ, თურქ იბრაჰიმ თათაროლუსთან დამარცხდა და ბრინჯაოს ფინალში გადაერთო, იქ კი, როგორც გითხარით, ჯამალ გამზათხანოვთან მაშინ, როდესაც იუკოთი იგებდა, შეხვედრის დასრულებამდე,  10 წამით ადრე, იპონით დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.


მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება მოახერხა -100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძემ, რომლისგანაც რაღა დაგიმალოთ და დღეს მინიმუმ მედალს ველოდით, თუმცა, ზემო ავსტრიის გრა პრით, არც წელი დაწყებულა და შესაბამისად, გვჯერა, რომ სულამანიძის საპატივცემულოდ, წელს, საქართველოს ჰიმნი მრავალჯერ აჟღერდება.


ისევე, როგორც ჩვენი გუნდის კაპიტნის გურამ თუშიშვილისა(+100კგ) და სოფო სომხიშვილის (+78) საპატივცემულო, რომლებიც დღეს, პირველი წრიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას, ქართველი ქომაგების სამწუხაროდ.


აქვე გეტყვით, რომ IJF-ის მსოფლიო ტურის მომდევნო გაჩერება თბილისია.


ფოტო: (c) IJF / Sabau Gabriela