უხვგოლიანი ტური, პირველი სწრაფი გოლი, პირველი ჰეთ-თრიკი, დღეს ქალთა ლიგა დაიწყო!
უხვგოლიანი ტური, პირველი სწრაფი გოლი, პირველი ჰეთ-თრიკი, დღეს ქალთა ლიგა დაიწყო!
08.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისში, ბათუმსა და გვიმბალაურში სტარტი აიღო 2026 წლის ქალთა ლიგის გათამაშებამ. ერთი წლის მანძილზე ქალთა ათი კლუბი, ქვეყნის მთავარი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს. დღეს კი, ამ გრძელი მარათონის პირველი სათამაშო დღე იყო, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს დაემთხვა, შესაბამისად, სათამაშო მოედანზე იყო ბევრი ყვავილიც გოგონებისთვის, რა თქმა უნდა ბევრ გოლთან ერთად - პირველ ტურში, 19 გოლი გავიდა. გავიდა ჩემპიონატის პირველი სწრაფი გოლი, რომელიც სალომი დიმოპულოს ეკუთვნის და პირველი ჰეთ-თრიკიც, რომელიც გამოცდილი ხატია ჭყონიას ანგარიშზეა.


პირველი ტურის გახსნით შეხვედრას, რომელშიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ნიკე-ლუსო", ქალთა ლიგის გათამაშების დებიუტანტს „თეთრიწყაროს" დაუპირისპირდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაესწრო.


თბილისში, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში გამართულა ამ შეხვედრაში, „ნიკე-ლუსომ" 5-0 გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისური კლუბის სასტარტო შემადგენლობას რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ამასთან, გუნდი საკმაოდ გადახალისებული იყო გასულ წელთა შედარებით, „ნიკე-ლუსომ" პირველივე წუთებიდან მოახერხა უპირატესობას დაუფლებოდა. თუმცა, ანგარიში, მხოლოდ მე-17 წუთზე ტაისინიამ გახსნა. კიდევ სამ წუთში, მეტოქის კარი კლუბის ახალწვეულმა კესო მეტონიძემ აიღო. შეგახსენებთ, რომ მეტონიძე, 2025 წლის სეზონში „რაჭა 2020"-ის ღირსებას იცავდა და გასული წლის ბომბარდირიც გახდა. მეორე ტაიმში, ორ წუთიან შუალედში 52-ე და 54-ე წუთებზე დუბლი ირინა ხაბურზანიამ შეასრულა. 81-ე წუთზე კი, „ნიკე-ლუსოს" შემადგენლობიდან თეკლა ბერიძემაც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში „საქმე" არ ჰქონია დღეს უკვე, თბილისელთა და ქალთა ეროვნული ნაკრების მოქმედ მეკარეს თათია გაბუნიას. აი, ჩვენი ეროვნული ნაკრების კარის ყოფილ მცველს, თამარ ნადირაშვილს კი, გარჯა მოუხდა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ ხუთი გოლი მაინც გაუშვა. დღევანდელ შეხვედრაში ტრავმის შემდეგ სათამაშო დრო მიეცათ თეონა ბაქრაძესა და სალომე გასვიანსაც. რაც შეეხება „თეთრიწყაროს", მარცხის მიუხედავად, გუნდმა, რომელიც გამოცდილი და ახალბედა მოთამაშეების სინთეზია, საერთო ჯამში, კარგი შთაბეჭდილება დატოვა.


საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა „ლანჩხუთმა" გვიმბალაურში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრში, ქალთა ლიგაში დაბრუნებულ სოხუმის „დინამოს" უმასპინძლა და 4-0 დაამარცხა. ანგარიში სწრაფი გოლით, ლიზი მწყერაშვილმა გახსნა მე-4 წუთზე. 31-ე წუთზე კი, გურულები ორბურთიანი უპირატესობით, კამარგომ დააწინაურა. კიდევ ორი გოლი მეორე ტაიმში ნინოებმა, ბუხრიკიძემ 65-ე წუთზე და პასიკაშვილმა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს და „ლანჩხუთს" პირველი ქულები მოუტანეს.


წელს საინტერესო სიურპრიზებს უნდა ველოდოთ „ბათუმისგან", აჭარული გუნდი, ზამთარში ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა, გუნდი, საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეებით შეივსო. ერთ-ერთი ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სალომი დიმოპულოა, რომელმაც „რაჭა 2020"-თან შეხვედრაში მე-3 წუთზე სეზონის პირველი სწრაფი გოლით გახსნა ანგარიში. ბათუმშიც, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე მუხრან ვახტანგაძის სახელობის სტადიონზე, პირველი ტაიმის შედეგიდან გამომდინარე „შტორმს" ბევრი ალბათ არ ელოდა, თუმცა, აჭარულმა კლუბმა მეორე ტაიმში ექვსი გოლი გაიტანა - სოფია კვაჭანტირაძემ (52', 58'), დიმოპულომ (60') და ხატია ჭყონიამ (62', 65', 85') და საბოლოოდ, 7-0 გაიმარჯვა.


შედარებით მოკრძალებული შედეგები დაფიქსირდა თბილისში გამართულ ორ შეხვედრაში. სფფ-ის ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში „კვარტალმა" ქუთაისის „მართვე" 2-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდებიც გადახალისებული შემადგენლობით შეხვდნენ ახალ სეზონს, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ტრადიციულად „კვარტალი" ქალთა ლიგაში ყველაზე ახალგაზრდული გუნდია. ამ შეხვედრაში კი, საქმე მშრალი ყაიმისკენ მიდიოდა, რომ არა, თბილისელთა რიგებში, 84-ე წუთზე გაკეთებული ერთი ცვლილება - მინდორზე ლოლიტა გოგუაძე შემოვიდა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში (90'+1, 90'+6) დუბლი გაიფორმა და „კვარტალს" პირველი სამი ქულა მოუტანა.


და ბოლოს, თბილისშივე, სფფ-ის გლდანის საფეხბურთო ცენტრში, თბილისურ დერბიში, „ელიტა" საშინაო შეხვედრაში „ვერესთან" 0-1 დამარცხდა. ამ მატჩში, ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე, სესილი გაბრელიანმა გაიტანა.


ქალთა ლიგის გათამაშების მეორე ტური 13 მარტს გაიმართება.