ინგა გურგენიძე 7 მარტს ახალგაზრდული ჩემპიონატის მედალს შეუტევს
ინგა გურგენიძე 7 მარტს ახალგაზრდული ჩემპიონატის მედალს შეუტევს
05.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტალინში დღეს ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მეორე საასპარეზო დღე იყო. ვიდრე, ბიჭებში, საქართველოს წარმომადგენელი თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს, კონსტანტინე სუპატაშვილმა გოგონებში მოასპარეზე თანაგუნდელებს უგულშემატკივრა. გოგონებში კი, მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე ორი წარმომადგენელი გვყავდა - 16 წლის ინგა გურგენიძე, რომლისთვისაც წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი უკვე მეორეა და ასევე, 16 წლის ბათუმელი ფიგურული მოციგურავე ქეთევან მახარაძე, რომლისთვისაც დღეს მსგავსი რანგის ტურნირზე დებიუტი შედგა.


ახალგაზრდებს შორის რეიტინგიდან გამომდინარე, პირველი ყინულზე ქეთის მოუწია გამოსვლა. დებიუტის და მცირე მღელვარების მიუხედავად, რაც ქეთის მეორე ელემენტის შესრულებისას დაეტყო, ქართველმა ამოცანას გაართვა თავი და მოკლე პროგრამაში პირადი რეკორდი  (36.34) გააუმჯობესა და 42.30 (22.92 /19.38) 42-ე ადგილით დაასრულა ასპარეზობა. სხვათა შორის, ქართველს, ასპარეზობის დასრულების შემდეგ, შეჯიბრის წამყვანი გაესაუბრა და ჩვენც, 16 წლის ქართველ გოგონაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავიგეთ - ქეთის ოცნება ყოფილა მსგავსი დონის შეჯიბრებზე ასპარეზობა, ამჯერადაც ტალინში მიმდინარე ტურნირიდან მას გამოცდილების მიღების მოლოდინი ჰქონდა. მომავალში ხომ არ აპირებს წყვილში ციგურაობას, ქართველმა საკმაოდ საინტერესოდ უპასუხა - ინდივიდუალურში მხოლოდ საკუთარ გამოსვლაზე ვარ პასუხისმგებელიო. რაც შეეხება საყვარელ მოციგურავეს, ქეთი არ დაფიქრებულა, ისე უპასუხა, რომ ის ნიკა ეგაძეა.    


ქეთისგან განსხვავებით და კონსტანტინეს მსგავსად, თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს ინგა გურგენიძე, რომელსაც დღეს პირად რეკორდამდე (67.47) ცოტა დააკლდა, თუმცა, 64.28 (35.64 /28.64) ქულით მოკლე პროგრამის შემდეგ, მე-5 ადგილი დაიკავა და თავისუფალ პროგრამაში მედლებს ბოლო ჯგუფიდან შეუტევს. სხვათა შორის მოკლე პროგრამის შემდეგ, ინგა ლიდერთან დაახლოებით 6 ქულას აგებს, შესაბამისად თავისუფალ პროგრამაში სტაბილურად გამოსვლის შემთხვევაში ქართველს შეუძლია ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მედალი აიღოს.


ხვალ, 6 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათიდან, თავისუფალი პროგრამით ბიჭები იასპარეზებენ. კონსტანტინე სუპატარაშვილი პირველ ჯგუფში გამოვა ყინულზე. რაც შეეხება ინგას, ქართველი ყინულზე 7 მარტს, თბილისის დროით, 18:00 საათიდან გამოვა.