
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ კრეტაზე, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი მატჩი გამართა საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ და სამწუხაროდ, 3-0 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ პირველი გოლი პირველ ტაიმში, კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მოჰყვა, ორი გოლი კი, შეხვედრის ბოლო ათწუთეულში გავუშვით. საბერძნეთში გამგზავრებამდე, ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა აღნიშნა, რომ ჯგუფში მეორე ადგილი, მისი გუნდისთვის იქნებოდა მისაღები შედეგი. ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ მეორე ადგილი, ჩვენს გუნდს ბრძოლის გაგრძელებს შანსებს აძლევს. თუმცა, იყო ორი დიდი პრობლემა, რომელიც სასტარტო შეხვედრის წინ, ქართველთა გუნდს საკმაოდ ურთულებდა მდგომარეობას, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი და დაპაუზებული ქალთა ჩემპიონატი, რომელიც შეგახსენებთ, საქართველოში 8 მარტს განახლდება (ახალი 2026 წლის სეზონი აიღებს სტარტს).
რეალურად, ჩვენმა გუნდმა საშინაო დავალებების, რაზეც ანტმანი ხშირად ლაპარაკობს და ორი მოსამზადებელი შეკრების ამარა, ამხანაგური თამაშების გარეშე, საქართველოს ნაკრები კრეტაზე პირდაპირ „შესარჩევში" აღმოჩნდა. სწორედ, ამ დეტალების გათვალისწინებით და სასტარტო თამაშის შემდეგ, ჩვენ კუნძულზე მყოფ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ირის ანტმანს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვაზე ვთხოვეთ ეპასუხა:
- ჩვენი გუნდის დღევანდელ თამაშში, თქვენი აზრით რა იყო მთავარი სისუსტე? ამავდროულად თბილისში, წასვლამდე, ჩვენ ვგეგმავდით, რომ გვეპოვა მოწინააღმდეგე გუნდის სისუსტეები და საჩვენოდ გამოგვეყენებინა, რაც სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. იქნებ, ამის გაკეთებას მომდვენო თამაშზე, ივნისში შევძლებთ?
- ვფიქრობ ძალიან კარგ გუნდს დავუპირისპირდით. ინტენსიურ, ფიზიკურად ძლიერ გუნდს. იცით, რომ ამ თამაშზე, ჩვენ ისე წამოვედით, რომ ქალთა ეროვნული ჩემპიონატი არაა განახლებული. შესაბამისად, გოგოებს დიდი პრესის დაძლევა მოუხდათ პირველ ნახევარში. მათგან გვინდოდა, რომ თავი ეგრძნოთ კომფორტულად, რაც მხოლოდ მეორე ტაიმში მოხერხდა. ამის გამოც იყო, რამდენიმე შანსი რომ გვქონდა. ჩვენ დავუშვით ორი შეცდომა, ისეთი, რაზეც ხშირად ვლაპარაკობთ. პირველი ტაიმი მხოლოდ 1-0 წავაგეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ორი გოლი მოჰყვა ჩვენს ორ შეცდომას. რეალურად, მეტოქის თამაშში, რა მთავარი პრობლემაც იყო, იმის გადალახვა მოვახერხეთ. ფეხბურთელები ტაქტიკურად კარგად იყვნენ. დისციპლინის მხრივაც, მაგრამ სამწუხაროდ, ის გადაწყვეტილებები, რაც მივიღეთ დაცვის თვალსაზრისით არ გამოდგა კარგი. ეს იყო შეცდომები ბურთის დაკარგვის მომენტში, რის შემდეგაც ერთი ერთზე გავიდნენ ჩვენს კართან. ვერ გავუმკლავდით ამას ტაქტიკურად სწორად. ბოლო მომენტში ჩვენ არ გავრისკეთ, ეს არის ის რაზეც ვლაპარაკობდით, თუმცა რაიმეს მაშინ ვხედავთ, როცა უკვე მომხდარია.
იმ ვარიანტშიც კი, თუკი ფეხბურთელები ამ თამაშს ნორმალურ ფიზიკურ კონდიციაში შეხვდებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მათ საკმაოდ ბევრი იმუშავეს ინდივიდუალურად შესვენების დროს, დაინახავდით, რომ არ გაჩერებულან, ძალა აღარ ჰქონდათ. შეცვლები გავაკეთე, მაგრამ ამ გადმოსახედიდან მოთამაშეების სახლში გაწეული მუშაობით კმაყოფილი ვარ. ვინმე ვინც, გარედან უყურებს ამას ყველაფერს, ხედავს ძალიან დიდ განსხვავებას, მაგრამ უნდა დაფიქრდნენ მოთამაშეებზე, რომლებსაც გუნდთან ერთად არ უთამაშიათ რამდენიმე თვეა და შეხვდნენ გუნდს, რომლის ფეხბურთელებიც აგვისტოდან მოყოლებული ჩემპიონატის თამაშებს ატარებენ. ეს არის ის, რის გამოც ჩემი მოთამაშეებით ვამაყობ.
- თქვენ ახსენეთ, რომ „ჩვენი თამაშით" უნდა გვეთამაშა, დღევანდელი შეხვედრაში, ეს „ჩვენი თამაში" ვიპოვეთ?
ტაქტიკურად, დაცვის თვალსაზრისით რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთეთ ის რაც გვქონდა მიზნად. ეს შემიძლია წარმატებად ჩავთვალო, რადგან ჩვენ გავუშვით გოლი, რომელისთვისაც რაღაც განსაკუთრებულად მოემზადნენ ან, შორი მანძილიდან იყო გაგვიტანეს და ვერ მოვახერხეთ პრევენცია, არა. ასე რომ ტაქტიკურად კარგად გამოიყურებოდა გუნდი. შეტევას რაც შეეხება, ჩვენ 100 %-ით „გარეთ" ვიყავით, არ გვქონდა შესაძლებლობა და ვერ გამოვიყენეთ. კი, ის თამაში არ იყო ჩვენი.
- თამაშიდან გამომდინარე მესმის, რომ მსაჯი ხშირად „თამაშის" საშუალებას აძლევდა, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში იყო აშკარა ჯარიმა, საჩვენოდ, ან მოწინააღმდეგე იყო თამაშგარეში. ხომ არ იყო ჯარიმაც კალანდაძეზე, მეორე გოლის ეპიზოდში"
- სამწუხაროდ, ჯერ თამაში ასე დეტალურად არ მინახავს, ამის გაკეთებას ვაპირებ. მე არ ვფიქრობ, რომ იქ იყო ჯარიმა, კალანდაძემ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება მას უნდა მიეცა პასი უკან მეკარისთვის და იმ მომენტში, ამის გაკეთება სწრაფად ვერ მოახერხა. შემტევისთვის საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა ამ ბურთს დაუფლებოდა. ასე, რომ არ მგონია იქ წესის დარღვევა ყოფილიყო. ვნახავ, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, ფეხბურთელმა მიიღო მცდარი გადაწყვეტილება იმ მომენტში და სამწუხაროდ, დავისაჯეთ. მსაჯს ვერ დავადანაშაულებ.
- თითქმის მთელი თამაშის მანძილზე, გარკვეული სიტუაციებში, მაშინ როდესაც ბურთი ჩვენი უნდა ყოფილიყო, გამოდიოდა ისე, რომ ამ ბურთზე მოწინააღმდეგე უფრო სწრაფად მოდიოდა, გვპარავდა და გვიტევდა. მოთამაშეებს შორის შეუთანხმებლობასთან ხომ არ გვაქვს საქმე თუ, ეს უბრალოდ დროებითი მოვლენა იყო?
- როგორც გითხარით შეტევის თვალსაზრისით ჩვენ ვერ ვითამაშეთ „ჩვენი თამაში". მომავალში, უნდა დავიჭიროთ ბურთი და ძალიან, ძალიან სწრაფად ვითამაშოთ ამ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან აგრესიულია. ჩვენ, რომ არ გვეთამაშა „ერთი შეხება", „ორი შეხება"... რა თქმა უნდა, როდესაც გუნდში არიან ძალიან გამოცდილი მოთამაშეები, ისინი მოახერხებენ ბურთი აგართვან. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ამ დონის თამაშებში უნდა ვიყოთ სწრაფები, ეს არ იყოს მოთამაშეებს შორის გაუგებრობა, ეს იყო ნელი და დაგვიანებული გადაწყვეტილებები. აქაც, ისევ და ისევ ვფიქრობ, რომ ეს სათამაშო პრაქტიკის არ ქონის ბრალია, სათამაშო ფორმა არის დაკარგული. ვფიქრობ როცა სხვა გუნდებს ვეთამაშებოდით, სხვა პერიოდში, უფრო კარგად აწყობილ, კომბინირებულ მოქმედებებს ვხედავდით მოთამაშეების მხრიდან. მათ იციან როგორ ითამაშონ, მაგრამ დროის ამ მონაკვეთში, მათთვის ამის გაკეთება რთული აღმოჩნდა.
- რა შედეგი იქნებოდა, გუნდში რომ ყოფილიყვნენ ბაქრაძე, ჩემინავა, გასვიანი, აკობიძე, ბოლქვაძე, სულაშვლი? ეს სახელები რამეს შეცვლიდნენ?
- რა თქმა უნდა ყველა მოთამაშე ვინც დაასახელეთ გამოცდილი და კარგი ფეხბურთელია. ხარისხიანი ფეხბურთელი. როდესაც ისინი არ გვყავს არც მოედანზე და არც განაცხადში, რთულია. მას შემდეგ, რაც ისინი დაბრუნდებიან, გუნდი უფრო ძლიერი გახდება, მეტი შესაძლებლობით, შეტევის თვალსაზრისით. შეტევის ხაზის სამი მოთამაშე ახსენეთ, როდესაც ისინი დაბრუნდებიან და მომავალ თამაშებში ჩვენთან ერთად იქნებიან, სახეზე სხვა გუნდი და სხვა თამაში იქნება. მომავალ თვეში ჩვენ, ფარერის კუნძულების გუნდს შევხდებით. ეს ის გუნდია, ვისთან პაექრობაც შეგვიძლია, ვისი დამარცხებაც ჩვენ შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, თუ, იმას გავაკეთებთ რაც დღეს და ამას ჩვენს შეტევით უნარებსაც დავუმატებთ, იმ თამაშს მოვიგებთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ჯგუფში საბერძნეთთან და ფარერის კუნძულებთან ერთად ასპარეზობს. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებულების გარდა, ორ საუკეთესო მეორე ადგილოსანსაც აქვს შანსი ბრძოლა გააგრძელოს.





ჩვენ








